ქუთაისის მერია ავტოპარკის გასაახლებლად ემზადება - ეკონომია ბიუჯეტში თუ მეტი კომფორტი
ქუთაისის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ავტოპარკის განახლებას გეგმავს.
თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ავტოპარკის განახლების აუცილებლობას ავტომანქანების გაუმართაობა განაპირობებს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ავტოპარკის განახლება ქუთაისის
ახლადაარჩეული მერისა და მთავრობის დადგენილებაზე არის დამოკიდებული.
"ველოდებით მთავრობის დადგენილებას და ასევე, რასაკვირველია, ახლადარჩეული
მერის გამოსვლას სამსახურში, რის შემდეგაც მოხდება მერიის ავტოპარკის განახლება",
- ამბობს ქუთაისის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, გელა ვაშაყმაძე. მისი თქმით, მერიის ბალანსზე არსებული ავტომანქანების
უმრავლესობა მწყობრიდან გამოსულია, რის გამოც
სასურველი იქნება მათი გაყიდვა და ახლების
შეძენა. ეს კი, თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით,
ბიუჯეტში ეკონომიასაც გამოიწვევს.
თუმცა ვიდრე განახლებული ავტოპარკით ბიუჯტში თანხების დაზოგვას მოახდენენ, აღნიშნული კუთხით ეკონომიის
მისაღებად, გაცილებით ადრე, ავტომობილების ბუნებრივ აირზე გადაყვანა დაიწყეს. თუმცა,
მერიის ბალანსზე არსებული 84 ავტომანქანიდან
გაზზე ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ავტომობილია გადაყვანილი. ეს უკანასკნელი მერიის ინფრასტრუქტურის
განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დაქვემდებარებაშია.
ბუნებრივ აირზე გადაყვანილი ერთი ავტომანქანის საწვავით უზრუნვესაყოფად
მერიამ მიმდინარე წლის მაისში 1700 ლარიანი
ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კომპანია - „საქართველოს საერთაშორისო
ენერგეტიკული კორპორაცია“ იღებდა, რომელიც
გარდაბანშია რეგისტრირებული. შესაბამისად,
მერიამ ხელშეკრულება სწორედ მასთან გააფორმა.
აღნიშნულ კომპანიას გაზგასამართი სადგური ქუთაისში
აქვს.
ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული კომპანია ვალდებულია 2014 წლის
31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს მერიის ერთი ერთეული ავტომანქანა ბუნებრივი
აირით.
"ყველაზე მეტი მოძრაობა ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და
კეთილმოწყობის სამსახური დაქვემდებარებაში არსებულ ავტომანქანას უწევს. სწორედ ამიტომ
მოხდა ამ მანქანის ბუნებრივ აირზე გადაყვანა", - განმარტავენ მერიაში.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ვერ აკონკრეტებენ თუ რა დანაზოგს აკეთებს მერია ერთი მანქანის ბუნებრივ
აირზე გადაყვანით. მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ საწვავთან
შედარებით ბუნებრივ აირს ორჯერ ნაკლები ხარჯი
აქვს.
ადგილობრივ ბიუჯეტში ცალკე არ
არის გამოყოფილი თუ რა თანხა იხარჯება თვითმმართველობაში საწვავით უზრუნველყოფაზე.
ტრანსპორტისა და
ტექნიკის ექსპლუატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯები - ამ სახელწოდებით ბიუჯეტში არსებული მუხლი, როგორც
სასწვავის ხარჯებს, ასევე, მის ტექნიკურ-მოვლა პატრონობას ითვალიწინებს.
აღნიშნული მუხლის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 278 300 ლარს შეადგენს, საიდანაც
ამ დროისთვის 20 100 ლარია ათვისებული.
მერიის ავტოპარკის განახლებამდე, ბიუჯეტში თანხების დაზოგვის მიზნით მოხდება თუ არა დანარჩენი ავტომობილების
გადაყვანა ბუნებრივ აირზე? ამ კითხვაზე მერიაში განმარტავენ, რომ ავტოპარკი ძალიან
მოძველებულია, რის გამოც ავტომანქანების გაზზე გადაყვანა არ ღირს.
მერიის ბალანსზე არსებული ავტოპარკი ამ დროისთვის 84 ერთეულ ავტომანქანას ითვლის. აქედან, 23 სახანძრო, ხოლო
11 სამაშველო სპეცტექნიკაა. დანარჩენი კი,
სხვადასხვა სამსახაურების (სულ 18 სამსახური) დაქვემდებარებაშია. ამათ გარდა, ნათხოვრობის ხელშეკრულების ფარგლებში
მერია 39 ავტომანქანას, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, საწვავით
უზრუნველყოფს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით. თუმცა, ამ უკანასკნელთა მოვლა-პატრონობა
ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივას
არ წარმოადგენს.
ავტორი: თეკლე მორგოშია