|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან ღამბაშიძე - მთავრობა რუსეთის მიმართ შიშის გასაღვივებლად მეტს აკეთებს ვიდრე დასაძლევად

განწყობამ“. ისეთი შთ

ბეჭდილება რჩება, რომ საქართველოს ხელისუფლებაც, ეკლესიაც და საზოგადოების ნაწილიც „შეთანხმდა“, რომ  რიგ საკითხებს  არ შეიმჩნევს და „გაგებით მოეკიდება“.  არშემჩნევის პოლიტიკა ყველაზე 

მასშტაბურად ალბათ მაინც რუსეთის მიმართ ვრცელდება. ჩვენ თავგანწირვით „არ ვი

მჩნევთ რუსეთს“ და არ ვარქმევთ მთელ რიგ მოვლენას თავის სახელს. სანამდე 

შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი და  რას მოგვიტანს  „არშემჩნევის პოლიტიკა“?

 


Newpress.ge-ს სტუმარია ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, რომელიც ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება.

 

-თუკი გვსურს გავიგოთ, თუ სადამდე გაგრძელდება “არშემჩნევის”, რეალურად კი პრორუსული პოლიტიკა აუცილებელია გავარკვიოთ ის, თუ რატომ აწარმოებს ჩვენი მთავრობა მას. ვინაიდან ამის ერთი კონკრეტული მიზეზის პოვნა შეუძლებელია ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა კონტექსტი განვიხილოთ და ასე ვცადოთ პასუხთან მიახლოვება.

პირველ რიგში დავიწყოთ მთავრობიდან.

დღევანდელი მმართველი გუნდი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა ხედვათა განსხვავებულობის მიუხედავად კოალიცია მეორე წელია წარმატებით ინარჩუნებს ერთიანობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მაინც რაღაც საერთო უნდა აკავშირებდეთ. ასეთი საერთოს ძებნას, როგორც წესი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პიროვნებამდე მივყავართ, რომელიც, არავისთვის არის დასამალი, ერთადერთი მიზეზია იმისა, რომ ქვეყანას ეს მმართველი გუნდი მართავს და არა სხვა. შესაბამისად, კოალიციის წევრები დიდად არიან დავალებულნი ყოფილი პრემიერისგან. ამას გარდა, ყველას კარგად ახსოვს, თუ რისი გაკეთება შეუძლია ბიძინა ივანიშვილს, თუკი ის უკმაყოფილო იქნება მმართველი პარტიის საქმიანობით. ჩვენ ყველამ ეს ძალიან კარგად დავინახეთ 2012 წლის განმავლობაში. ყველაფერი ეს გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ კოალიციის წევრი არიან მთელი რიგი პოლიტიკური საკითხები გადაწყვიტონ ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილისათვის იქნება სასურველი და არა ისე, როგორც ამას საკუთარი განსჯა თუ სინდისი კარნახობთ. ხოლო ის, თუ როგორ აქვს ბიძინა ივანიშვილს რუსეთის საკითხი “გაანალიზებული” არაერთხელ გვაქვს მოსმენილი მისი საჯარო გამოსვლებიდან. მისი ძირითადი მესიჯები იყო, რომ “ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები(სამაჩაბლოში, 2008 წელს)”, რომ “ჩვენ აუცილებლად გავხსნით რუსეთის ბაზარს”, რომ “საქართველი არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთსა და დასავლეთს შორის” და ა.შ. სწორედ ამ ჩარჩოს შიგნით უწევთ კოალიციის წევრებს საკუთარი პოზიციის ფორმირება.

რა თქმა უნდა კოალიციაში მრავლად არის ისეთი პიროვნებაც, რომელთა გამოთქმული მოსაზრებები პირდაპირ იმეორებს კრემლის მესიჯებს, რაც ბადებს ეჭვს ამ პიროვნებებისა და რუსული სპეც. სამსახურების კავშირის შესახებ. თუმცა რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ვარაუდია, რომლის მტკიცებულება არ მოიპოვება. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. მსგავსი ვარაუდების გაქარწყლება კოალიციის სხვა წევრების “პროდასავლური” ორიენტაციით თუ მათ მიერ გამოთქმული პროდასავლური განცხადებებით ხდება ხოლმე. თუმცა, ყველაზე პროდასავლური წევრიც კი საბოლოო ჯამში იმ საერთო ჩარჩოს შიგნით მოქმედებს, რომელიც ზემოთ აღვწერე. შესაბამისად, მთავრობის მიერ “არშემჩნევის” პოლიტიკას ბოლო მოეღება მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი გათავისუფლდება ბიძინა ივანიშვილის დიქტატისაგან. ეს კი მოხდება ორ შემთხვევაში: 1. როდესაც შეიცვლება მთავრობა; და/ან 2. როდესაც დაიშლება კოალიცია, და მის შიგნით არსებული ე.წ. დასავლური კურსის მქონე პარტიები უკვე თავისუფლად შეძლებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, და აღარ მოუწევთ არც ბიძინა ივანიშვილის და არც კოალიციის სხვა წევრების აზრის გათვალისწინება. იმედია ორივე შემთხვევაში უფრო დიდი ძალაუფლება ექნებათ პროდასავლელ და არა პრორუს პარტიებს.

ფაქტია, რომ ორივე შემთხვევა უფრო რეალურია, ვიდრე კოალიციის შენარჩუნება და პრორუსული პოლიტიკის გაგრძელება, რადგან თავად რუსეთი არ უტოვებს ჩვენს მთავრობას არგუმენტს, თუ რატომ არის პრორუსულობა სასარგებლო. ჩვენს მიერ გადადგმულ არაერთ “პოზიტიურ” ნაბიჯზე, რომელიც “ურთიერთობების დათბობაზე” იყო ორიენტირებული რუსეთი პასუხობს და კვლავ განაგრძობს იმ აგრესიული პოლიტიკით, რომელიც პრინციპში 200 წლის განმავლობაში არც არასდროს შეუწყვიტავს. ამიტომ ამომრჩეველი, რომელსაც შესაძლოა მართლა ეგონა, რომ ქართული ოცნება შეძლებდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციას, ნელ-ნელა ხვდება დასავლური გზის უალტერნატივობას, ეს კი საბოლოო ჯამში პროდასავლურ პარტიებს გააძლიერებს, რაც როგორც აღვნიშნე ან კოალიციის გარეთ მოიპოვება, ან კოალიციაშია, მაგრამ დაშლის გარეშე ვერ ახერხებს საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას.

რაც შეეხება ეკლესიას, აქ საქმე ბევრად უფრო პრობლემურადაა. ყველაზე პრობლემური ალბათ თავად პატრიარქის პოზიციაა, რომელსაც გამოკითხვათა მიხედვით საქართველოში მოქალაქეთა ყველაზე დიდი ნდობა გააჩნია. მას არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რომ ჩვენ ძმები ვართ, რომ პუტინი სინამდვილეში ამ ძმობის გასამტკიცებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი გაუგებრობა იყო რომელიც მხოლოდ “ცალკეული პიროვნებების” ბრალია და ა.შ. ეს გამონათქვამები კარგად ჯდება ჩვენი ეკლესიის საერთო დისკურსში, სადაც რუსეთი მეორე ბიზანტიაა, რომელსაც ერთადერთს შესწევს ძალა წინ აღუდგეს დასავლეთის მიერ გავრცელებულ “ამორალურობას”. სამწუხაროდ მსგავსი პროპაგანდა სწორედ რუსეთის მიერ არის წარმოებული, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა სწორედ მართლმადიდებლობა აირჩია ახალ იდეოლოგიად, რომელსაც შესწევს ძალა კვლავ გააერთიანოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნები. მეტი რუსეთს აღარაფერი გააჩნია, რისი შეთავაზებაც მას საკუთარი “პარტნიორებისათვის” შეუძლია. ის ეკონომიკურად სუსტია, ის ვერ არის პროგრესის ნაწილი, ის არ არის სამართლებრივი სახელმწიფო, ის არ სცემს პატივს ადამიანს, მის ღირსებასა და უფლებებს. სამაგიეროდ ამ ყველაფრის ატანა მართლმადიდებლობის სახელით შესაძლებელია. რომ შევაჯამოთ დაახლოებით ასე ჟღერს ძირითადი არგუმენტი: “შეიძლება ჩვენ ცუდად ვცხოვრობთ, შეიძლება ჩვენ დაჩაგრულები ვართ, სამაგიეროდ ჩვენს მხარეზეა ღმერთი”. ეს არგუმენტი ყოველთვის ძალიან ძლიერად მოქმედებდა ადამიანებზე სხვადასხვა ეპოქაში. ერთადერთი რაც ამისათვის საჭიროა, ეს არის მოქალაქეთა დაბალი განათლება და რთული სოციალური ფონი. სამწუხაროდ საქართველოს თანამედროვე ისტორიამ ორივე წინაპირობა დააკმაყოფილა.

იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს ეკლესია საკუთარ თავს რუსეთთან სიახლოვეში ხედავს, საკმარისია დავაკვირდეთ ეკლესიებსა და საეკლესიო მაღაზიებში არსებულ უამრავ რუსულ ხატს, ლიტერატურასა თუ სხვადასხვა პროპაგანდისტულ ფილმს, რომელიც მაგალითად ჩემი სტუდენტობის დროს იშვიათობას წარმოადგენდა. მესმის, რომ მორწმუნე ადამიანებს მსგავს საკითხზე საუბარი შეიძლება დისკომფორტს უქმნიდეს, მაგრამ მე მგონია, რომ თუკი გვინდა, რომ რუსეთს პოლიტიკურად დავაღწიოთ თავი აუცილებელია ჩვენი ეკლესიისა და რუსეთის ეკლესიის კავშირის კარგად გააზრება და იმის გაცნობიერება, რომ ეს კავშირი რწმენასთან ბევრად უფრო ნაკლებად არის კავშირში ვიდრე პოლიტიკასთან. თან ამის კარგი მაგალითებიც გვაქვს, როგორც საკუთარი ისტორიიდან, ასევე თანამედროვეობიდანაც. მაგალითად ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას წინააღმდეგ 1924 წელს გამართულ სასამართლოს ოქმს, სადაც პატრიარქი რუსეთს პირდაპირ დებს ბრალს საქართველოს ოკუპაციაში და რუსეთის ჯარს საოკუპაციო ჯარს უწოდებს. როგორც ჩანს მაშინ ქვეყანა, მისი ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა უფრო დიდი ღირებულება იყო ვიდრე დღეს არის. ამას გარდა შეგვიძლია გავეცნოთ უკრაინის პატრიარქის დღევანდელ გამოსვლებსაც, რომელიც აგრეთვე დიდი მონდომებით უპირისპირდება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიტაცებას, მის აგრესიულ პოლიტიკას და ა.შ. ეს მაგალითები გვაჩვენებს, რომ იყო რუსეთის წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იყო მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, როგორადაც არ უნდა უნდოდეთ ზოგიერთებს ამ იდეისათვის არგუმენტების მოძებნა.

ამ მხრივაც არსებობს რა თქმა უნდა გამოსავალი და ეს ისევ საზოგადოების ინფორმირებულობასთან არის დაკავშირებული. ის რომ რუსეთი ოკუპანტი და ჩვენი სახელმწიფოს მტერი სახელმწიფოა ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს ვერ უარყოფს ვერც ერთი არგუმენტი, რაც არ უნდა მაღალი ამბიონიდან იყოს ის ნათქვამი.

საზოგადოებას რაც შეეხება.

მთავრობისა და ეკლესიის მიერ პრორუსული იდეების გავრცელება რა თქმა უნდა აისახება საზოგადოების განწყობებზე და ლოგიკურია, რომ გარკვეული ნაწილი ფიქრობს იმას, რასაც ამბობენ პოლიტიკოსები და სასულიერო პირები. მაგრამ რუსეთთან დამოკიდებულებაში კიდევ ერთი ფაქტორია, რაც ადამიანებს “არ ამჩნევინებს” რუსეთის რეალურ სახეს. ეს არის შიში.

მე მგონია, რომ საქართველოს ისტორიის უახლოესი პერიოდი, ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, რაც მე ცნობიერად მახსოვს, ჩვენ ვცხოვრობდით გამუდმებულ დაძაბულობაში. ჩვენ გვქონდა ორჯერ ომი რუსეთთან და მშვიდობიანობის პერიოდი მხოლოდ ომის მოლოდინს წარმოადგენდა და არა მშვიდობას. მე მგონია, რომ ბევრი დაიღალა ამ დაძაბულობისაგან და უბრალოდ წარმოიდგინა ის, რაც არის არარსებულად. ალბათ დღეს ბევრი უფრო წყნარად ცხოვრობს, იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა რუსეთის მიმართ “არარადიკალურია”. ეს გასაგები მიზეზია. მაგრამ სამწუხაროდ, ისევ და ისევ, ეს მხოლოდ მოჩვენებითი თავის მოტყუებაა. საბოლოო ჯამში ყველამ ვიცით, რომ რუსეთი თუ გადაწყვეტს მოქმედებას ვერც აგრესიული და ვერც არააგრესიული რიტორიკა მას ვერ შეაჩერებს. უკრაინის მაგალითზე ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. ერთადერთი გამოსავალი კი ისევ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობაა, რომელიც შესაძლოა ხანდახან ძალიან ნელა იწყებს ხოლმე მოქმედებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ეფექტურია ხოლმე. ამიტომ აქაც, როგორც პირველ შემთხვევაში საზოგადოებამ უნდა კარგად გაითავისოს, რომ დასავლური გზა, დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრაციაა ჩვენი თავდაცვის გარანტია და არა რუსეთთან  “რიტორიკის შეცვლა”. როგორც კი შიში დაიძლევა უკვე აზრი არ ექნება რუსეთისათვის სხვადასხვა სახელის მოფიქრებას და აღარც თავის მოტყუებას ექნება აზრი. თუმცა სამწუხაროდ მთავრობა შიშის გასაღვივებლად უფრო მეტს აკეთებს ვიდრე მის დასაძლევად.

-შემთხვევა ჭელაში, ანტითურქული განწყობები და პროპაგანდა აჭარაში სასულიერო პირების მხრიდან, კონფლიქტი სომხურ ეკლესიასთან, ფაშისტური გამოხდომა ფეხბურთის მატჩის დროს თბილისში, მსგავსი შემთხვევა უკვე აზერბაიჯანში, აღარაფერს ვამბობ სექსუალური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებაზე. რაზე მეტყველებენ ეს ფაქტები? მაინც რატომ არ ეძლევა(ან ნაკლებად ეძლევა) მათ დანაშაულის სიმძიმის შესაფერისი კვალიფიკაცია საზოგადეობის მხრიდან? 

-აქაც ძალზედ ბევრი კონტექსტია.

პირველ რიგში რა თქმა უნდა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი არატოლერანტული დამოკიდებულება სხვადასხვა ჯგუფების მიმართ ისევ და ისევ რუსული პროპაგანდის ჩარჩოში კარგად ჯდება. თუკი დავაკვირდებით, კონფლიქტს აჩენენ ერთი და იგივე პირები (მაგალითად სასულიერო პირები, ან ორგანიზაციები, როგორიცაა მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირი და სხვა) და როგორც წესი დარტყმის ქვეშ ხვდებიან ან უცხო ქვეყნის მოქალქეები, რომელთა სახელმოწიფოებთანაც ჩვენს სახელმწიფოს მჭიდრო პოლიტიკური და მეგობრული კავშირი აკავშირებს ან საქართველოს მოქალაქეები, რომელთა იდოლოგია, რელიგიური აღმსარებლობა თუ ცხოვრების წესი არ ჯდება ე.წ, “ქართველობაში”, რომელიც ათწლეულის მანძილზე მჭიდროდ დაუკავშირდა მართლმადიდებლობას და რომელიც ისევ და ისევ წარმოდგენილია “ევროპელობასთან” დაპირისპირებაში.

მაგალითად თურქეთიც და აზერბაიჯანიც ჩვენი მოკავშირეა, ჩვენ ერთ ნავთობსადენის პროექტს ვახორციელებთ და თავად მოქალაქეებსაც ძალიან დადებითი განწყობები აქვთ ჩვენს მიმართ. ამ ეტაპზე არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ ამ სახელმწიფოებიდან მომავალ საფრთხეზე ვისაუბროთ. სამაგიეროდ იგივე პიროვნებებს ერთ სიტყვას ვერ დააცდენინებ რუსეთზე, რომელიც არა ვირტუალური, არამედ რეალური მტერია. ყველაზე უნიჭო არგუმენტი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ შეიძლება მოვისმინოთ, არის ის, რომ ეს იყო ღვთის რისხვა და ჩვენ დავისაჯეთ ჩვენი უსაქციელობის გამო. თუკი ასე შეიძლება რუსეთის მხრიდან დამცირებისა და სისასტიკის გამართლება, მაშინ ვიყოთ თანმიმდევრულები და სხვა სახელმწიფოებისაგან მომავალი საფრთხეებიც აღვიქვად ღვთის რისხვად.

ამ ყველაფერს ხელს უწყობს ჩვენი მთავრობის პოლიტიკაც, რომელმაც თავად გამოათავისუფლა სივრცე ექსტრემიზმისათვის, როდესაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა სწორედ ექსტრემიზმისათვის დაკავებული პირები. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ სახელისუფლებო გუნდის ბევრი წარმომადგენელი ან თავად არის ექსტრემისტი ან ლოიალურად არის განწყობილი ამგვარი ჯგუფების მიმართ. ამიტომაც, ან სწორედ ამ ლოიალურობის გამო არ სჯის მთელ რიგ შემთხვევებში დამნაშავეებს ან უბრალოდ ერიდება გააკეთოს ის, რაც წინა ხელისუფლებას აქვს გაკეთებული, რადგან მან ის საქციელი “პოლიტიკური ნიშნით დევნად” შეაფასა და ახლა ეშინია იგივე ბრალდება მასაც არ წაუყენონ.

საბედნიეროდ მსგავსი ექსტრემისტული ორგანიზაციები აუცილებლად განიცდიან კრახს, ვინაიდან ისინი უპირისპირდებიან კულტურას, რომელიც უფრო ძველია და უფრო დიდ ავტორიტეტებზეა დაფუძნებული, ვიდრე ის, რომლის დამკვიდრებასაც ისინი ცდილობენ. რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს ვაჟა-ფშაველა უფრო დიდი ავტორიტეტი იქნება ვიდრე ექსტრემისტთა რიგებში არსებული რომელიმე სასულიერო პირი, მწერალი თუ მსახიობი. “ანტი ალუდა ქეთელაურს” თუ შექმნის ვინმე და მას გაასაღებს ქართულ კულტურად, შეიძლება მათი შანსები გაიზარდოს, თუმცა არა მგონია.

-საქართველოში დემონიზების პროცესი  გრძელდება. ამჟამად სამიზნე  კაზანტიპი აღმოჩნდა, რა შეიძლება იყოს შემდეგი? რა ხდება დემონიზებისთვის სამიზნის ძიების მუდმივი პროცესის მიზეზი და სანამდე შეიძლება მივიდეს იგი?

-ექსტრემიზმს საზღვრები არ აქვს და სწორედ ეს იყო ყველა წინა ძალადობისას საზოგადოების სატკივარი. თუკი ჩვენ ვინმეს მივცემთ უფლებას იძალადოს ერთ ჯგუფზე დაუსჯელად, ის აუცილებლად გაბედავს ყველა სხვა ჯგუფზე ძალადობას, რომელიც მის მსოფლმხედველობისაგან განხვავებული მსოფლმხედველობის მატარებელია. ექსტრემისტისათვის არ არსებობს მისაღები და მიუღებელი ჯგუფები. მისთის არსებობს მისაღები საკუთარი და ყველა დანარჩენი მიუღებელი ჯგუფები. შესაბამისად ის აუცილებლად შეეცდება ყველა დანარჩენი ჯგუფის დემონიზაციას, რომელიც მისგან განსხვავდება. სამწუხაროდ ჩვენში დამკვიდრებული ექსტრემიზმი მხოლოდ სუსტებზე ძალადობს. თუმცა კაზანტიპის შემთხვევა განსხვავდება, და ალბათ სწორედ მისი სიძლიერის გამო.

მე მგონია, რომ ის ვინც კაზანტიპს დაუპირისპირდა უბრალოდ ვერ გათვალა საკუთარი შესაძლებლობები და საზოგადოების განწყობები. ძალადობის ყველა შემთხვევა, რომელიც აქამდე დაუსჯელი დარჩა როგორც უკვე აღვნიშნე მცირე ჯგუფებს ეხებოდა სახელმწიფომაც და საზოგადოებამაც მეტ-ნაკლებად ადვილად შეძლო მათზე თვალის დახუჭვა. კაზანტიპი კი როგორც სახელმწიფოებრივ აგრეთვე საზოგადოების ინტერესსაც  წარმოადგენს. ერთი მხრივ თუკი ეს ფესტივალი დამკვიდრდა საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტში შევა რამოდენიმე მილიონი ლარი რაც ტურიზმზე ორიენტირებული ქვეყნისათვის ძალიან კარგია; მეორე მხრივ კი წლების განმავლობაში ნელ-ნელა საქართველოში ფეხი მოიკიდა ელექტრონული მუსიკის კულტურამ და ბევრი ახალგაზრდისთვის, რომელსაც არ აქვს საშუალება საზღვარგარეთ იმოგზაუროს მსგავს ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კაზანტიპის საქართველოში ჩატარება ნამდვილად წარმოადგენს ღირშესანიშნავ მოვლენას. ამას გარდა ფესტივალის ჩატარება თავად ანაკლიის მცხოვრებთა დიდი ინტერესია, რამდენადაც ისინი უშუალოდ მიიღებენ გარკვეულ სარგებელს მისგან. ამიტომ ვფიქრობ, ექსტრემისტებს არანაირი შანსი არ აქვთ აგრესიული გზით მიაღწიონ თავის საწადელს, ვინაიდან სახელმწიფოს ამ შემთხვევაში საზოგადოების ძალზედ დიდი ნაწილი უჭერს მხარს, რაც მათ ბევრად უფრო გაუმარტივებს ძალადობის აღკვეთას, ვიდრე ეს სხვა შემთხვევებში იყო.

კაზანტიპთან შეჭიდებისას განცდილი მარცხი შეიძლება ძალიან კარგი დასაწყისი იყოს იმისათვის, რომ სახელმწიფომაც და საზოგადოებამაც კარგად გაიაზროს - სახელმწიფოში პოლიტიკის განმსაზღვრელი არის სახელმწიფო და არც ერთ ჯგუფს, რაც არ უნდა დიდი იყოს ის არ აქვს უფლება სახელმწიფოს გვერდით ავლით საკუთარ თავზე აიღოს ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა.

დარწმუნებული ვარ ფესტივალი წარმატებულად ჩაივლის და შესაძლოა მომავალში ჩვენი ტურიზმის სავიზიტო ბარათადაც იქცეს.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა