ტარიელ დათიაშვილი - განათლების გარეშე სისტემა ისევ დაუბრუნდება იერარქიას
ვინ აშენებს დემოკრატიას? რა შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის ნომერ პირველ საკითხად? რატომაა სადღეისოდ განსაკუთრებით თვალშისაცემი განათლების დეფიციტი ქართველ სახელმწიფო მოხელეებში? სად არის გამართლებული ბრძოლა - სისტემის წინააღმდეგ თუ სისტემის შიგნით?
ამ კითხვებზე პასუხებით newpress.ge-ს სტუმარია მწერალი და ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი.
- თქვენს ერთ-ერთ მოხსენებაში აღნიშნეთ, რომ ქართული პოლიტიკა, თუ ქართველი პოლიტიკოსები მორალის სივრცეში ტრიალებენ, რიტორიკას ბოროტისა და კეთილის, თეთრისა და შავის დისკურსზე აგებენ, ღმერთებს ელაპარაკებიან და ნაკლებად ადამიანებს. რატომ ხდება ასე? რატომ იმყოფებიან მორალის სივრცეში და არა პოლიტიკის? რამდენად გვაზარალებს ეს აცდენები და არაადეკვატურობა?
- ანუ მანდ, როგორც მახსოვს, საუბარი იყო მემარჯვენეობა-მემარცხენეობაზე, სადაც
ვთქვი, რომ ქართველებს უზოგადესი თემების გვერდით ცხოვრება უფრო გვიზიდავს და არა კონკრეტული
პრობლემების პირისპირ. მაგალითად, გვირჩევნია კეთილისა და ბოროტის დაპირისპირების წიაღში
ყოფნა, ვიდრე მემარჯვენე და მემარცხენე იდეოლოგიების წინააღმდეგობაში, რომლებიც ორიენტირებულები
არიან ძალიან კონკრეტულ მოვლენებზე, უმცირესობის პრობლემებზე, ბიუჯეტის არასწორ განაწილებაზე,
აბორტის საკითხზე და სხვ. ამ კონკრეტულ პრობლემებზე ფიქრს, ჩვენ გვირჩევნია დაუღალავად
ვარჩიოთ სამართლიანობის ზოგადი საფუძვლები, საქართველოს ისტორიული მისია, მსოფლიო წესრიგის
თემა, რომლის ჩამოყალიბების რაღაც შინაგანი (ეროვნული) მოთხოვნილება გაგვაჩნია და ა.
შ.
თუ რატომ ხდება ასე, რამდენად გვაზარალებს არსებული სიტუაცია და რა გამოსავალია აქედან, უფრო რთული თემაა. ამ მოვლენის უპირველეს მიზეზად მე ერის ტოტალური გაუნათლებლობა მგონია. ამის ძალიან მეტყველი გამოხატულებაა ის უმარტივესი ფაქტი, გამუდმებით რომ ქართული პოლიტიკის ზედაპირდე ძევს. ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ სისტემაზე და არა სისტემაში. როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ცვლილებებია საჭირო, კეთილისა და ბოროტის, სამართლიანობისა და უსამართლობის დაპირისპირების პროპაგანდის ფონზე ჩვენ ვცვლით ყველაფერს. ხელისუფლების ცვლაც ამიტომ უკავშირდება გამუდმებით რევოლუციურობას, ისტორიის ახლიდან, სუფთა ფურცლიდან დაწყებას, თარიღების (23 ნოემბერი, 1 ოქტომბერი) გაფეტიშებას და ა. შ. მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ყველაფრის შეცვლის, ძველისაგან აბსოლუტური გამიჯვნის მოთხოვნილება მიუთითებს განათლების კატასტროფულ დეფიციტზე. განათლებული, ჩამოყალიბებული საზოგადოება ცვლის არა ყველაფერს, არამედ იმას, რისი შეცვლაცაა საჭირო, რადგან გარკვევა იმისა, თუ რისი შეცვლაა საჭირო, დიდ განათლებას, ანალიზის უნარსა და პასუხისმგებლობას მოითხოვს და ა. შ. გაუნათლებლობა უამრავი ყოველდღიური მოვლენის საფუძველში დგას, რაც რასაკვირველია გვაზარალებს, აზარალებს მთლიან სისტემას. ეს არც ერთი პოლიტიკური ძალის ნაკლი არ არის, ეს ერის ნაკლია, საზოგადოების ნაკლია, ხელისუფლებები კი მართლაც სასიცოცხლო შეცდომას უშვებენ, რომ ამ საკითხს (განათლებას) სათანადო ყურადღებას არ უთმობენ. უკვე 20 წელზე მეტია სახელმწიფოებრიობა მოვიპოვეთ და იმ სისტემისთვის, რომელსაც ვაშენებთ ფუნდამენტიც კი არ გვაქვს ჩაყრილი. ეს ფუნდამენტია ზუსტად განათლება, რომელიც სახელმწიფოებრივი მშენებლობის ნომერ პირველ საკითხად მიმაჩნია.
- ახლა უკვე გასაგებია გამოთქმას -„სისტემა უნდა დაინგრეს“ რატომ შეხვდით კრიტიკულად. მაინც დავაზუსტოდ ბრძოლის წარმოებას რატომა აქვს სისტემის შიგნით აზრი და არა სისტემის წინააღმდეგ?
- ეს კითხვა სწორედ
იმ თემას აგრძელებს, რომელიც მე განათლების პრობლემას დავუკავშირე. დიახ, მოქმედება
სისტემაში და არა სისტემაზე, არა წმინდა მორალისტური, თითქმის თეოლოგიზებული მოწოდება
- „დაინგრეს სისტემა“, არამედ - პოლიტიკური
დინამიკა - „სისტემის გაგება“. გავიხსენოთ ბანალური ფრაზა - დემოკრატიას განათლებული
ხალხი აშენებს. ეს სწორედ სისტემის გაგების პრობლემაში ჩაღრმავებისკენ მითითებაა, რომლის
უგულებელყოფის შედეგად საზოგადოება იღებს მმართველობის მახინჯ
ფორმებს, რაც, საბოლოოდ, აზარალებს დემოკრატიას (მას შეუძლებელს ხდის). მარტივ ამონარიდს
მოვიტან, ზუსტად შენს მიერ ნახსენები მოხსენებიდან:
დღეს ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით გაუნათლებლობას სახელმწიფო სტრუქტურებში
და თანდათან ეს ხდება ძირითადი საჯილდაო ქვა სამომავლო მოძრაობებისთვის. რატომღაც მოხდა
ისე, რომ უცბად, ჩვენი პოლიტიკური გაუნათლებლობა გახდა თვალშისაცემი და გამაღიზიანებელი.
ბევრს გაუჩნდა ილუზია, რომ დღეს ხელისუფლებაში უსაქმური, გაუნათლებელი, გულგრილი, შემთხვევითი
პირები მოხვდნენ; რომ თითქოს ეს პირველად ხდება საქართველოში, მანამდე ეს პრობლემა
არ შეგვინიშნავს და ა. შ. მაგრამ ეს ასე არ არის, მაგალითად, რომ გამოვიყვანოთ ყოველგვარი
პოლიტიკური სტრუქტურიდან და შევადაროთ ნაციონალების ხელისუფლებაში მყოფი სახელმწიფო
მოხელეები დღევანდელი ხელისუფლების მოხელეებს, საერთო ჯამში, განსხვავებას ვერ ვიპოვით
და თუ ვიპოვით, სტატისტიკა ნაციონალების სასარგებლოდ ნამდვილად არ ილაპარაკებს. თუმცა,
მათთან ეს არც ისე შესამჩნევი იყო, დღეს კი ეს პრობლემა საზოგადოების უკმაყოფილების უმთავრეს ფაქტორადაც შეიძლება მივიჩნიოთ. თანდათან
ეს უკმაყოფილება, რა თქმა უნდა, გაიზრდება და კულმინაციასაც მალე მიაღწევს.
ამ მოვლენას ძალიან ბანალური მიზეზი აქვს. წინა ხელისუფლების დროს ყველაფერი
დამყარებული იყო მკაცრ ცენტრალიზმზე, პოლიტიკური მოთხოვნები მოძრაობდნენ ცალმხრივი
იერარქიის კიბეზე ზემოდან ქვემოთ (ვიმეორებ - მოთხოვნები, არა მითითებები) და პოლიტიკური
პასუხისმგებლობა მხოლოდ იერარქიის სათავეში მყოფ პირებს ეკისრებოდათ. ამიტომ ამ ხელისუფლებას
ესაჭიროებოდა ე. წ. შემსრულებლები, რომლებიც ახმოვანებდნენ ზოგად, ყოვლისმომცველ ცოდნას.
ყოველთვის ვიცოდით, რომ მათი ენით სააკაშვილი გველაპარაკებოდა, ამიტომ აზრიც არ ქონდა მათ განათლებულობაზე ფიქრს,
მით უმეტეს გაბრაზებას.
ახლა საქმე ცოტა სხვაგვარადაა. მინდა ვთქვა, რომ მოხდა ის, რაზეც პრინციპში დიდხანს ვოცნებობდი. ცენტრი დაიშალა, აღარ არსებობს ტოტალური იერარქია და მმართველობა
ქვედა რგოლების ხელში გადავიდა, რომელთაც ეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და
უწევთ ინიციატივის გამოჩენა. ამიტომ გახდა კადრების არაპროფესიონალიზმი თვალში საცემი.
ყველაფერი ახლა ზუსტად ამ დამოუკიდებელ „თვითმმართველ“ რგოლებზეა დამოკიდებული და სასიცოცხლოდ
აუცილებელია იქ განათლებული, კრეატიული პირების ყოფნა. სააკაშვილის ხელისუფლებაში ეს
არ იყო აუცილებელი, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სააკაშვილის ხელისუფლებაში ეს
გარემოება სისტემის ხელის შემწყობი იყო, სისტემის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფდა
(დირექტივები არსად არ ფერხდებოდნენ), ახალი სისტემისთვის კი ეს დამანგრეველი იქნება.
გაუნათლებლობის კომპენსაციაა ზუსტად ის მორალისტური დაყოფაც პოლიტიკური სპექტრისა,
რომლის მიხედვითაც, ერთს აქვს პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება, მეორეს კი არა. საქართველოში
განათლებული ადამიანის მწვავე დეფიციტია, თუ გვინდა ავაშენოთ დემოკრატია, მცოდნეები
უნდა ვეძებოთ სანთლით, ყველგან, რომელ პარტიაშიც არ უნდა იყვნენ ისინი. მაგრამ ეს არასოდეს
მოხდება, ვიდრე მორალისტურადაა აგებული ჩვენი პოლიტიკური აზროვნება, ვიდრე კეთილისა
და ბოროტის ბრძოლით იქნება ყოველივე ირგვლივ გაჟღენთილი და ვიდრე ის არ გადავა პოლიტიკურ
სპექტრში, ანუ ზუსტად მემარჯვენე და მემარცხენე იდეოლოგიების წინააღმდეგობაში. მათ
შორის არსებული ურთიერთობა სხვა ტიპის ამოცანებს სახავს, სადაც, მაგალითად, თანამდებობაზე
ყოფნა სულაც არ არის ცენტრალური, განმსაზღვრელი ფაქტორი ძალაუფლებისთვის, რაც მორალისტების
ხელში სისტემაზე მოქმედების უმთავრეს ბერკეტს წარმოადგენდა ყოველთვის და წარმოადგენს
ახლაც... ყოველივე ამის ნაცვლად, ჩვენ გეზი უნდა ავიღოთ ზუსტად - სისტემაში მოქმედებაზე.
ამიტომ როდესაც ვამბობთ, მემარჯვენე-მემარცხენე იდეოლოგიების წინააღმდეგობა ჩვენ უნდა
ვაქციოთ ცენტრალურ საკითხად, ვგულისხმობთ, რომ უნდა მოხდეს საზოგადოების არა ავტორიტეტებზე,
არამედ იდეოლოგიებზე ორიენტირება.
მოკლედ, გაუნათლებელი, უცოდინარი კადრების ასე უყურადღებოდ დატოვება, რა თქმა
უნდა, დაუშვებელია, რადგან განათლების გარეშე სისტემა ისევ დაუბრუნდება იერარქიას და
მთელი სამოხელეო ინსტიტუტი იმ ცენტრიდანულ ძალას დაემორჩილება, რომლებიც ატარებს პასუხისმგებლობას
არა ხალხის, არამედ ღვთისა და ისტორიის წინაშე (ასეთი ავტორიტეტის ძებნა და შექმნა
არ გაგვიჭირდება, ცენტრალიზმს ყოველთვის ყავს ვიღაც გადანახული ღრუბლებში). ჩვენ გვინდა
თუ არა, ეს ასე მოხდება და როდესაც ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ამას არ დავიჯერებთ,
ვიტყვით, არა ეს ასე არ არის, რადგან ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, ამის გაკეთება აზრადაც
კი არ მოგვსვლია, და ეს მართალიც იქნება. ამას არავინ არ გააკეთებს კონკრეტულად, ამას
გააკეთებს სისტემა, ჩვენს გარეშე, ეს თავისთავად მოხდება. ეს კი რევოლუციაა ბატონებო!
არა ისეთი, რომელიც შეგნებულად შეიძლება მოახდინოს ერმა, არამედ სისტემის მიერ შემოჩეჩებული,
სადაც ჩვენ მხოლოდ ჭანჭიკები ვიქნებით სისტემის ხელში, რომელიც გვაიძულებს ხმამაღლა
ვიბღავლოთ - „დაინგრეს სისტემა“.
- და განათლების ამ დეფიციტს რა ამოავსებს? ამ მოკლე დროში საიდან „მოვიტანოთ“ განათლება და მოვიყვანოთ განათლებული სახელმწიფო მოხელეები?
- მანდ უამრავი
პრობლებაა, რაც ძირითადად ადამიანური ფაქტორისგან: პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების,
პროფესორ-მასწავლებლების და ა. შ. არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებისგან არის გამოწვეული.
ქვეყანაში, რომელიც ყოველწლიურად 30 ათასამდე უმაღლესდამთავრებულს შტამპავს, განათლების
უმწვავესი დეფიციტია. ეს, რა თქმა უნდა, სიმახინჯეა. საქმე დანაშაულებრივ გულგრილობასთან
და უვიცობასთან გვაქვს, საზოგადოების ყველა დონეზე.
მოკლედ, ახლა ამაზე ცრემლების ღვრას აზრი არ აქვს, წინ უნდა გავიხედოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვთვლი, რომ უნდა შეიქმნას სერიოზული კომისია, ერთადერთი კითხვით: „როგორ მივიღოთ ეფექტური საგანმანათლებლო სისტემა“. უნდა მომზადდეს სახელმწიფო პროგრამა და დავიწყოთ მისი დინამიური, ეტაპობრივი შესრულება. და ყოველივე ეს უნდა კეთდებოდეს, ღრმა ეროვნული სულისკვეთების და მოქალაქეობრივი თვითშეგნების საფუძველზე, ყოველგვარი იმ იდიოტური ნაცნობობა-ძმაკაცობის გარეშე, რასაც უკვე მთელი პოლიტიკური სისტემა აქვს მოცული. დანარჩენს, როცა განათლების მინისტრად დამნიშნავენ, მაშინ ვიტყვი.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი