მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრობას გააიაფებს?
ქუთაისის მოსახლეობა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს. ადგილობრივების თქმით, ზაფხულში სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებში საშინელი სიცხეა, ზამთარში კი სიცივე. ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია გადაადგილება საღამოს საათებში, განსაკუთრებით ჭომისა და გორის მიმართულებით.
"Newpress.ge" დაინტერესდა, თუ რა იგეგმება სამომავლოდ ქალაქის თვითმმართველ ორგანოში საქალაქო ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
როგორც ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში განგვიცხადეს, ქუთაისის მერიას 13 გადამზიდავ კომპანისთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რომლებიც ვალდებულები არიან უზუნველყონ მოსახლეობის უსაფრთხო, კომფორტული და დროული გადაადგილება ქალაქის სხვადასხვა უბნებში. ასევე განმარტეს, რომ კონკრეტულ უბნებში, ტრანსპორტს კონკრეტული გრაფიკი აქვს.
,,ჭომის მიმართულებით სამუშაო დღეებში 21 საათამდე
უნდა მუშაობდეს სამარშუტო ტაქსები, ხოლო არასამუშაო დღეებში 20 საათამდე. დანარჩენი
მიმართულებით კი წითელი ხიდიდან 22 საათამდე მოძრაობს მიკროავტობუსები, პრობლემა არ
არსებობს ავტოქარხსნის მიმართულებით. ეს არის ზამთრის დროით, ხოლო ზაფხულში კი 23.00საათამდე მოძრაობენ“, - განაცხადა ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი აბესაძემ.
საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის
გალაქტიონ ტოროშელიძის განცხადებით, ტრანსპორტი უნდა იყოს მუნიციპალური დაქვემდებარების. მას აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან მკვეთრად განსხვავებული მოსაზრება აქვს ტრანსპორტის მუშაობის არსებულ მდგომარეობაზე. მისი
თქმით, 19-20 საათის შემდეგ ქალაქში მოძრაობა
პარალიზებულია. ,,ჩვენ ვფიქრობთ,
რომ ტრანსპორტი უნდა იყოს მუნიციპალური, არ შეიძლება, ვისაც მოეხასიათება, შეიტანოს ტენდერში განაცხადი, იმის და მიუხედავად
აქვს თუ არა მას შესაბამისი ბაზა. დღეს ხალხზე
კი არ მუშაობს ტრანსპორტი, არამედ ხალხი მუშაობს მასზე, ეს კი ყოვლად დაუშვებელია. საღამოს 7-8 საათის შემდეგ მოძრაობა აბსოლუტურად პარალიზებულია ქალაქში, სწორედ ამიტომ ჩემი
პირადი მოსაზრებაა, რომ ტრანსპორტი მუნიციპალური
უნდა იყოს."
ტოროშელიძის თქმით, ისინი საკრებულოში ახალი მოსულები
არიან და ჯერ ბოლომდე არ აქვთ გარკვეული ტენდერთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა რაც იცის ისაა, რომ იმ კომპანიას, რომელსაც
ხელშეკრულების ვადა უმთავრდება, იმისთვის რომ არ შეიქმნას ვაკუუმი, ხელშეკრულების უგრძელდება, ან დროებითი ტენდერი ტარდება.
ტოროშელიძე აცხადებს, ტრანსპორტის
მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ
მგზავრობის ტარიფი გაიაფდება, ტრანსპორტი კი კომფორტული იქნება და გვიანობამდე
იმუშავებს. "აუცილებელია, არსებობდეს მორიგე მანქანა. 22-24 საათისთვის, უტრანსპორტობის გამო, ადამიანი ქუჩაში არ უნდა
დარჩეს. აუცილებელია, მოწესრიგდეს გაჩერებები, არ უნდა იყოს ქაოსი და ვისაც
სად მოესურვება, არ უნდა ხდებოდეს მანქანის გაჩერება. ჩვენ ყველანი შეჯერებული ვართ
თითქმის ამაზე და მცირე დეტალებია კიდევ დასაზუსტებელი, სანამ საკითხი საკრებულოს სხდომაზე გავა“ - განაცხადა
ტოროშელიძემ.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქუთაისისთვის“ თავმჯდომარე დავით წიტაიშვილი კი, ტენდერში გამარჯვებული გადამზიდავი კომპანიების ხელშეკრულებების გადახედვას
მოითხოვს: "ყოველთვის ვამბობ, რომ საჭიროა ტენდერში გამარჯვებული კომპანიების ხელშეკრულებების გადახედვა. მათ ერთგვარი "მონოპოლია" აქვთ აღებული, წარმოუდგენიათ, რომ ხელშეუხებლები არიან. "
წიტაიშვილის თქმით, მისთვის ამოსავალი წერტილია ის, რომ მოსახლეობა გადაადგილდებოდეს ნორმალურად, ტარიფი იყოს ხელმისაწვდომი და ქვეყნის მეორე ქალაქში, საღამოს გადაადგილება არ ჭირდეს. "თუნდაც წაგებაზე მუშაობდნენ და სახელმწიფოს ამისათვის დამატებითი ხარჯების გაღება უხდებოდეს, ეს უნდა გაკეთდეს.“ - განაცხადა წიტაიშვილმა ,,Newpress.ge"- სთან საუბარში.
განსხვავებული მოსაზრების არიან ავტობუსების და
სამარშუტო ტაქსის მძღოლები. მათ არსებული მდგომარეობის
შეცვლა არ სურთ. მძღოლების აზრით, ტრანსპორტის
მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ ბევრი მათგანი, შესაძლოა, უმუშევარი
დარჩეს.
მათ მართალია, თავიანთი ვინაობის გამხელა არ ისურვეს, მაგრამ
განგვიცხადეს, რომ მანქანას ძალიან დიდი ხარჯები
აქვს და მის გადახდაში თვიოთმმართველობიდან
არანაირი ხელშეწყობა არ აქვთ. გამომდინარე აქედან, მათთვის გაუგებარია, რა ზარალი აქვს მათი მუშაობით ქალაქს და რატომ უნდა
ჩამოერთვათ მომსახურების უფლება.
რაც შეეხება რიგით ქუთაისლებს, ისინი მხარს ჯანსაღ კონკურენციას და პირობების გაუმჯობესებას უჭერენ. როგორც "Newpress.ge" მაკა ლელაძემ უთხრა, მისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვის დაქვემდებარებაში იქნება ტრანსპორტი, არამედ ის, რომ მგზავრობა უფრო კონფორტული იყოს: "სასურველია ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს და ტრანსპორტი როგორ კერძო, ასევე ქალაქის საკუთრებაში იყოს. ეს ასახვას ჰპოვებს, როგორც მომსახურების ხარისხზე, ასევე ფასებზე",-გვითხრა მან.
როდის იხილავს აღნიშნული საკითხი მზის შუქს საკრებულოში, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ავტორი: გიგა გელხვიიძე