|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

BP მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად

 

ქუთაისში,  დამწყები მეწარმეების კონფერენცია გაიმართა, სადაც მონაწილეობა BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის  კომპანიის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის, „მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტისთვის“, ფარგლებში დაფინანსებულმა ორმოცმა წარმატებულმა  მცირე მეწარმემ მიიღო.

კონფერენციაში მონაწილე მეწარმეები იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან იყვნენ. შეხვედრას, მეწარმეებთან ერთად, ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მცირე მეწარმეებმა მათ ის პროდუქცია გააცნეს, რომელსაც პროექტის ფარგლებში ქმნიან. კეძოდ, მათი ძირითადი საქმიანობის  სფეროებია: საცალო ვაჭრობა, სასათბურე მეურნეობა, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მომსახურება და წარმოება (მინი-საწარმო).

ერთ-ერთი ასეთი მეწარმე მიხეილ ნოზაძეა, რომელმაც, პროექტის, ფარგლებში საკუთარი სამჭედლო გააკეთა: „მაქვს სამჭედლო, ვლესავთ და ვჭედავთ სხვადასახვა სახის სასოფლო -სამეურნეო ნივთებს. მივიღე კონკურსში მონაწილეობა და გავიმარჯვე. მიღებული თანხით შევიძინე ახალი ტექნიკა. ეს პროექტი ნამდვილად მომეხმარა წარმოების წამოწყებასა და განვითარებაში, - აღნიშნა მან.

ვანის რაიონის მცხოვრებმა, ანეტა სანიკიძემ პროექტის ფარგლებში მეფრინველეობის ბიზნესი წამოიწყო და საკუთარი ოჯახის წევრებიც დაასაქმა:  „პროექტის შესახებ ინფორმაცია ჩემმა შვილმა მომაწოდა. მითხრა, რომ თუ პროექტს დავწერდი და გავიმარჯვებდი, შეიძლებოდა საკუთარი ბიზნესი მქონოდა. დავწერე და გამიმართლა. ერთი წელია, ჩართული ვარ ამ საქმეში და მეფრინველეობის ბიზნესი მაქვს, რომელიც წარმატებით ვითარდება და ოჯახისთვის შემოსავალი მოაქვს.“

კონფერენციას „BP საქართველოს“  წარმომადგენელი ეთერ კვირიკაშვილი ესწრებოდა, რომელმაც პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა: „პროექტის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მცირე ბიზნესის დაწყებაა. ამისთვის მათ გრანტი ეძლევათ. მნიშვნელოვანია ის, რომ გრანტის მიცემასთან ერთად პროგრამა მათ ძალიან დიდ ცოდნას აძლევს: უტარდებათ ტრენინგები, სწავლობენ მოგება-ზარალის დათვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი ბიზნესის განვითარებისათვის,“- განაცხადა ეთერ კვირიკაშვილმა.

კონფერენციას უძღვებოდა „მცირე ბიზნესის გავითარების პროექტის“ მენეჯერი ირინა ფრუიძე. მან პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა: „ამ პროექტის ფარგლებში სულ დაფინანსდა 281 მცირე ბიზნესი და ხელი შეეწყო მათ განვითარებას. მეწარმეებმა გაიარეს სხვადასხვა ტიპის ტრენინგები, ისწავლეს როგორ წამოიწყონ და განავითარონ თავიანთი ბიზნესი და ბიზნესის დასაწყებად მიიღეს დაფინანსება.

დღევანდელი შეკრების მიზანი  გამოცდილების გაზიარება და ახალი ცოდნის შეძენა  იყო. ისინი შეხვდნენ სადაზღვევო და მიკროსაფინანსო კომპანიებს, ბანკებს, სავაჭრო ორგანიზაციებს რათა გაეცნონ მათ სერვისს და შესთავაზონ თავიანთი პროდუქტი.

ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმით, რომ მცირე ბიზნესის განვითარებას და შესაბამისად სამიზნე თემებში კეთილდღეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ იმითაც, რომ მოსახლეობაში ბიზნესის მცირე თანხებით წამოწყებისა და სწორად მართვის კულტურას აყალიბებს“. - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

 


ავტორი: ანა ჯიქია