სვანეთში უცხოელი ტურისტების გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფენ
სვანეთში, ორი უცხოელი ტურისტის გაუპატიურებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს, ფაქტს არც შესაბამისს საელჩოში ადასტურებენ.
ფაქტის გადასამოწმებლად "გურია ნიუსი“ შსს-ს პრესსამსახურს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს სვანეთში ადგილი არ ჰქონია.
საქმე იმაშია, რომ "გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა, თუმცა როგორც საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, ამ დრომდე მათთვის მსგავსი შეტყობინებით არავის მიუმართავს.
"მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და შესაბამისად, არც გამოძიებაა დაწყებული. ასეთი ინფორმაციების გავრცელებისგან ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ“, _ გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.
როგორც "გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მესტიიდან ტურისტები უშგულში მიდიოდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ისინი მოატყუეს, მულახის ხეობაში ერთ-ერთ დაკეტილ სახლში მიიყვანეს და გააუპატიურეს. გამოცემას ინფორმაცია ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, დაზარალებული ტურისტები დედა-შვილია, ერთ-ერთი მათგანი, საქართველოში მოქმედი უცხოური მისიის თანამშრომელია.
შემთხვევის მონაწილე პირების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს "გურია ნიუსი“ შეგნებულად არ ასახელებს.
გამოცემა რამდენჯერმე დაუკავშირდა უცხოურ მისიასაც. მათ ფაქტის გადასამოწმებლად დრო ითხოვეს, თუმცა, მაშინვე აღნიშნეს, რომ მსგავსი ინფორმაცია მათთვის ცნობილი არ არის.
"ტურისტებს ზოგჯერ პრობლემები ექმნებათ, მაგრამ შეგვიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენთვის არავის მოუმართავს“, _ გვითხრეს მისიაში.
გადამოწმების შემდეგ კი, აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.
"მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გაგავაჩნია“, _ ამბობენ მისიაში.
"გურია ნიუსის“ რესპონდენტის ინფორმაციით, ტურისტების გაუპატიურების ფაქტს საგამოძიებო უწყებები შეგნებულად არ ამჟღავნებენ, რადგან ეს ტურისტების ნაკადის შემცირებას გამოიწვევს.
"როგორც მე ვიცი, ტურისტები უშგულში მიდიოდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზარალებულები დედა-შვილია. ყველამ ყველაფერი იცის სვანეთში და რატომ მალავენ, ვერ ვხვდები. ალბათ, ფაქტის გახმაურებას ტურისტების ნაკადის შემცირება მოჰყვება და ამიტომ ერიდებიან ამის გამჟღავნებას. დაკავებული ჯერჯერობით არავინ არ არის, მის მერე პოლიცია დამნაშავეებს ეძებს, მაგრამ გაქცეულების კვალს ვერ მიაგნეს“, _ ამბობს "გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი.
წყარო: გურია ნიუსი
ავტორი: ნიუპრესი