|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩვენს საზოგადოებას უჭირს, აღიქვას ხელოვნების ნიმუში ისე, როგორც იმსახურებს“

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ კალიგრამი არის ლექსი, რომლის გრაფიკული წყობა ფურცელზე ქმნის ნახატის ფორმას. ეს უკანასკნელი, ხშირ შემთხვევაში, ტექსტის სიუჟეტთან არის დაკავშირებული, მაგრამ ზოგჯერ მისი საპირისპიროცაა. ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა ნიშნავს „ლამაზ ნაწერს".  "Newpress.ge"-ს სტუმარია ახალგაზრდა კალიგრაფი, ალექსანდრე  მამუკაშვილი, რომლის ნამუშევრებით ლედი გაგას დიზაინერი - პიტერ პოპსი დაინტერესდა. 

        

 -რა ასაკში დანიტერესდი კალიგრამით ?  

3 წლის ასაკში ბაღში მიმიყვანეს (ამ დროს წერა-კითხვა უკვე შემეძლო). სიცელქით არასდროს გამოვირჩეოდი, სხვა ბავშვების მსგავსად მეც მიყვარდა ხატვა, მაგრამ მოგვიანებით განსაკუთრებული დამოკიდებულება და ინტერესი აღმომაჩნდა ხელოვნების მიმართ და საბოლოოდ ჩემი მომავალიც მხატვრობა-კალიგრაფიას დავუკავშირე. მე-9 კლასის მოსწავლე რომ ვიყავი, პირველად მივიღე მონაწილეობა კალიგრაფიის კონკურსში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა, ფინალში მე-2 ადგილზე გავედი.

-ვინ დაგეხმარა კალიგრამის შესწავლაში?

 საერთოდ თვითნასწავლი ვარ, როგორც კალიგრაფიაში, ისე ხატვაში. ვქმნი ფერწერულ ტილოებსაც, რაშიც ასევე დამახასიათებელი სტილი მაქვს. მას შემდეგ, რაც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა აქტიურად დაიწყო ქართული კალიგრაფიის ხელოვნების აღორძინება, ხალხის ინტერესიც გაიზარდა და ახალგაზრდა კალიგრაფებიც ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ  ჩვენი დამწერლობის პოპულარიზაციას.

-რა არის სირთულე იმაში, რომ შექმნა კარგი კალიგრამა, ან საერთოდ, იყო კალიგრაფი?

-მუშაობის პროცესი საკმაოდ რთულია, აუცილებელია ფორმების და კალმის მონასმის სიზუსტე, რათა დეტალები და ბოლოს საერთო კომპოზიცია არ დაირღვეს. A4 ფორმატზე მუშაობისას გადაბმულად 7-8 საათი მჭირდება. არ მიყვარს საქმის გადადება, ამიტომ ძირითადად ერთ დღეში ვიწყებ და ვამთავრებ ერთ ნამუშევარს.

-რით განსხვავდება შენი სტილი სხვა კალიგრაფებისგან?

-ჩემი კალიგრაფიული სტილი ზოგადად, მკვეთრად განსხვავდება კლასიკურისგან. ტექსტში ძირითადად ვიყენებ უილიამ შექსპირის სონეტებს და გამოვსახავ ზოდიაქოს ნიშნებს, არქიტექტურულ ფორმებსა და ადამიანის ფიგურებს. კალიგრამების შექმნისას ვიყენებ საკუთარ ტექნიკას, რომელსაც ანალოგი არ აქვს. თანაც ქართულ კალიგრაფიას ამ მიმართულებით (კალიგრამები) განვითარების დიდი პოტენცია აქვს ასოების მოქნილობის გამო, კალიგრამის ხელოვნებაში ჩემი თავი ვიპოვნე და ახლაც ძიებაში ვარ, რაც ძალიან სასიამოვნო პროცესია. მაგალითად, სვეტიცხოვლის კალიგრამის ტექსტში 4 ავტორის ლექსი გავაერთიანე, რომლებიც მცხეთას ეხება. მათ შორის იყო  მუხრან მაჭავარიანი. ჩემი კალიგრამები იმდენად მჭიდრო და ტევადია, რომ საშუალო ზომის ფიგურაში 3-4 სონეტი ეტევა.

 

-რა მიღწევები გაქვს ამ სფეროში?

-2010 წლიდან ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი „ქართული კალიგრაფია", რომელშიც სამჯერ გავიმარჯვე შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო ასლი "(1-ლი ადგილი), ვარ „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის " და „უზენაესი სასამართლოს რჩეული". 2014 წელს გორის ისტორიუ-ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა ჩაატარა ქართული კალიგრაფიის კონკურსი გორის სკოლებში, სადაც ჟიურის წევრი ვიყავი.

-თუ გქონია პერსონალური გამოფენა?

-ჯერჯერობით გამოფენა არ მქონია, მაგრამ დეკემბრის მეორე ნახევარში მეგობრებთან ერთად ვაპირებ ჯგუფური გამოფენის გაკეთებას გალერეა „უნივერსში".

-როგორია საზოგადოების დამოკიდებულება შენი ნამუშევრების მიმართ?

-ინტერნეტსივრცეში დიდი ინტერესი იგრძნობა ჩემი ნამუშევრების მიმართ, მაგრამ იშვიათად - საქართველოში, ინტერნეტის გარეთ სივრცეში. თუმცა, ჩემი ნამუშვერები კერძო კოლექციებში ინახება საფრანგეთში, ლუქსემბურგსა და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. მათ შორის, საქართველოშიც. ლედი გაგას დიზაინერი - პიტერ პოპსი დაინტერესდა და დიდი მოწონება გამოხატა, მისი სახელიც დავწერე კალიგრაფიულად. მოგვიანებით, კომპლიმენტი მივიღე შვეიარიელი კომპოზიტორისგანაც - ადრიან ვონ ზიგლერისგან. მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ, ამიტომ ჩემი კალიგრაფიით მისი პორტრეტიც შევქმენი. ვაპიებ ჩემი ნამუშევრები მათ საჩუქრის სახით გადავცე.

-თუ გაგიყიდია შენი ნამუშევრები?

-ნამუშევრებს ვყიდი ხოლმე. მაგრამ ეს არ არის შემოსავლის ძირითადი წყარო, საქართველოში ამის ფუფუნება არ არის. ჩვენს საზოგადოებას უჭირს, აღიქვას ხელოვნების ნიმუში ისე, როგორც იმსახურებს. სვეტიცხოვლის კალიგრამი საფრანგეთში, ქალაქ რუანში 90 ევროდ გაიყიდა.

 

-როგორია შენი სამომავლო გეგმები?

-ამჟამად ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. რაც შეეხება ჩემს კალიგრაფიას, წელს სიახლეები მაქვს და სტუდენტის სტატუსითაც გადავწყვიტე კონკურსზე გასვლა. ძალიან მინდა ფართო საზოგადოებას გავაცნო ჩემი შემოქმედება, ამის საუკეთესო  საშუალებაა კონკურსი „ქართული კალიგრაფია". ვფიქრობ, სამომავლოდ გაცილებით მაღალი დონის ნამუშევრებს შევქმნი, შესაბამისად შეიცვლება შინაარსიც და გამოსაყენებელი ნაწარმოებებიც.

                                           

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა