გუბაზ სანიკიძე:"მე საკმაოდ ხშირად ვხვდები საკუთარ ამომრჩეველს"
უკვე ორი წელია, რაც ქალაქ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძეა. ამ ორი წლის მანძილზე სანიკიძე მედიის მხრიდან ,,ძებნაშია“. როგორც სანიკიძე "Newpress.ge"-სთან საუბარში განმარტავს, მისი მოვალეობა არათუ ხალხის პრობლემების მოგვარება, არამედ ამ პრობლემების ქუთაისის თვითმმართველობისათვის მიწოდებაა. ამ და სხვა, ქალაქისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე „Newpress.ge“ გუბაზ სანიკიძეს ესაუბრა.
- ბატონო გუბაზ, რამდენად ხშირად ხდება ამომრჩეველთან თქვენი შეხვედრა? ჟურნალისტები ხშირად წერენ, რომ გუბაზ სანიკიძე დაიკარგა?
- ჟურნალისტებს მოვუწოდებ, რომ, როდესაც ამომრჩევლებთან შეხვედრები მაქვს, თავი შეიწუხონ და მოვიდნენ. მე საკმაოდ ხშირად ვხვდები საკუთარ ამომრჩეველს. არსებობს მედიასთან კომუნიკაციის პრობლემა და ამის დასაბალანსებლად უმჯობესია ყველაფერი ამირან ვაშაკიძესთანთან გაარკვიოთ. იმიტომ არის ბიუროს ხელმძღვანელი, რომ გააფრთხილოს მედიის წარმომადგენლები.
- რის გაკეთებას აპირებს ქუთაისისთვის გუბაზ სანიკიძე?
- მე ვერაფერს გავაკეთებ. ქალაქს ჰყავს არჩეული მუნიციპალიტეტი, თავისი ადგილობრივი თვითმმართველობით. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ თუნდაც სოციალური საკითხები, ან სხვა, ჩემი გადასაწყვეტია. ეს არის მუნიციპალიტეტის საკითხი. ჩემი მოვალეობა არის მივიღო განცხადება ან საჩივარი, შემდგომში ოფიციალურად გადავუგზავნო მუნიციპალიტეტს და შეძლებისდაგვარად მოხდეს მისი მოგვარება. მე რა უნდა გავაკეთო? - მე ვარ კანონმდებელი.
-ბატონო გუბაზ, თქვენია აზრით, ქუთაისის შემოვლითი გზის ამოქმედება რა შედეგებს მოუტანს ქალაქს?
- შემიძლია
ვთქვა, რომ ქუთაისში ვითარება უმჯობესდება.
პირველ რიგში, ამით უმჯობესდება ქალაქის ეკოლოგიური
მდგომარეობა. გახსოვთ, რა ხდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და ზოგადად, ქალაქში? - გადატვირთული იყო ქალაქი. ამას ვერ უძლებდა ვერც
გზა, ვერც ნერვები და ვერც - ფილტვები. ვფიქრობ, ქუთაისელებისთვის ქალაქის განტვირთვის კუთხით, ეს
ძალიან კარგია.
- მიმდინარეობს საუბარი ავტობანის მიმდებარე ტერიტორიების შემოერთებაზე. როგორია თქვენი პოზიცია?
- როგორც ვიცი, ეს ინიციატივა დამუშავების პროცესშია. მივესალმები, ძალიან კარგია, თუ ეს გაკეთდება.
- რამდენად მომზადებული შეხვდა ქუთაისი შემოვლითი გზის გახსნას? გამოიწვევს თუ არა ის მის ფუნქცის დაქვეითებას?
- ქალაქის განტვირთვაა ფუნქციის დაკარგვა?! მე უფრო დიდი წარმოდგენა მაქვს ქალაქზე. ქუთაისს სხვა ფუნქცია აქვს, რომელიც სერიოზულად განიხილება მთავრობაში. ქუთაისი უნდა გადავაქციოთ სამეცნიერო, საგანმანათლებლო ცენტრად, ამაზე სერიოზული პროექტების დამუშავება მიდის. ჯერჯერობით, მე პროექტებზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ალბათ, მის პრეზენტირებას პრემიერი მოახდენს. „ტრაილერებით“ გადატვირთული გზები, თუ ქუთაისის განვითარების ერთადერთი პირობაა, ეჭვი მეპარება. ეს ნამდვილად არაა ქუთაისის ფუნქცია.
- რადგან ქალაქის ფუნქციაზე ვსაუბრობთ, მინდა პარლამენტის საკითხსაც შევეხოთ, რადგან მისი ადგილმდებარეობა ისევ აქტუალურია...
- ზედმეტ ეჭვებს და ჭორებს თავი დავანებოთ, პარლამენტი არ გადადის ქუთაისიდან. იგი მუშაობს ორ ქალაქში, საკომიტეტო მუშაობა გვაქვს თბილისში, სასესიო კი -ქუთაისში და ეს ყველაფერი აღარ ექვემდებარება გადასინჯვას.
- რას იტყვით ქუთაისის განვითარების ფონდის შესახებ, საჭიროა თუ არა მისი შექმნა?
- ამ თემაზე ვმუშაობთ. ჩვენ გვინდა შეიქმნას ქუთაისის განვითარების ფონდი. გაჩნდეს თავისუფალი გუნდი, რომელიც უშუალოდ ქალაქს გამოადგება. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქუთასიელია, რომელსაც აქვს ფინანსური შესაძლებლობები და ეს თავის ქალაქს უნდა მოახმარონ.
- როგორ შეაფასებთ ქუთაისის ეკონომიკურ მდგომარეობას?
- შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ქუთაისში ისაა, რაც მთლიანად ქვეყანაში. არც უკეთესი და არც - უარესი. ესაა არასტაბილურად დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა.
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ აქტიურად ხართ ჩართული ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებით, რა ხდება ამ კუთხით?
- მე დაინტერესებული ვარ სამეზობლო პოლიტიკით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა ირანთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. ძალიან კარგია ევროინტეგრაცია, თუმცა ევროპა ჯერ ძალიან შორსაა ჩვენგან, ხოლო ეს ქვეყნები კი ძალიან ახლოს არიან.
ავტორი: ანა ჯიქია. გიგა გელხვიიძე