|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ იქმნებოდა ქუთაისის ოპერის თეატრი

  ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი 45 წლის იუბილესათვის ემზადება.


1969 წლის 27 დეკემბერს დირიჟორის, თეიმურაზ კობახიძის ძალისხმევით ოპერისა და ბალეტის თეატრის ქუთისის ფილიალი გაიხსნა. ,,newpress.ge" -ს ოპერის შექმნისა და მისი განვითარების შესახებ თეიმურაზ კობახიძის ქალიშვილი მედეა კობახიძე  ესაუბრა, რომელიც ოპერის თეატრის კონცერტმაისტერია.


- მამა თბილისში დაბადებული და გაზრდილი იყო. კონსერვატორიაც და ასპირანტურაც იქ დაამთავრა. ქუთაისი თავიდანვე ძალიან უყვარდა. 1952 წელს ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორის ადგილი შესთავაზეს. სწორედ სასწავლებელში დაებადა იდეა, რომ სახალხო ოპერის თეატრი შექმნილიყო. ამ სასწავლებლის ძალებით სხვადასხვა ოპერების ფრაგმენტები დადგა, შემდეგ კი ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“. ეტაპობრივად ოპერის შექმნის იდეა ღრმავდებოდა.

1968 წელს გუნდთან და ორკესტრთან  დაძაბული მუშაობის შემდეგ, მამის დირიჟორობით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტების, პეტრე და მედეა ამირანაშვილების, ვახტანგ გლუნჩაძის, გაენე დოლიძის, გივი ტორონჯაძის, კუკური მაღრაძისა და ეკატერინე ხიჯაკაძის მონაწილეობით, ქუთაისის კოლექტივმა, საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტროს კომისიას, საკონცერტო შესრულებით, წარუდგინა ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.  სწორედ მაშინ გადაწყდა რესპუბლიკაში მეორე საოპერო თეატრის შექმნის საკითხი. 1969 წლის 27 დეკემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის, ოთარ თაქთაქიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის დირექტორის, დიმიტრი მჭედლიძისა და თეიმურაზ კობახიძის ძალისხმევით ოპერისა და ბალეტის თეატრის ქუთიასის ფილიალი გაიხსნა.

-როგორ გახსენდებათ 1969 წლის 27 დეკემბერს?

-პრემიერას უამრავი მაყურებელი, დედაქალაქიდან ჩამოსული სტუმარი და საზოგადო მოღვაწე ესწრებოდა.  სპექტაკლის დაწყებამდე, ცხადია, მამასთან ერთად ვიყავი კულისებში. „ბუნებამ თითქოს საგანგებოდ ახასხასა გარემო. უჩინარი გააჩინა იმისთვის, რომ გაზაფხულით შეგებებოდა კულტურული ცხოვრების ახალ ეშხს, ქუთაისის ოპერის თეატრს.“ - ასე იგონებდა ცნობილი ჟურნალისტი და პოეტი რუთა ბეროძე ოპერის გახსნის დღეს. მეც სამუდამოდ ჩამრჩა გონებაში ეს სიტყვები.

-თქვენ მამაზე დაწერეთ წიგნი, რომლის პრეზენტაციაც 23 დეკემბერს ოპერის თეატრის საზეიმო კვირეულის ფარგლებში გაიმართება. გვიამბეთ ამ წიგნის შესახებ.

-ამ წიგნის შექმნის იდეა 5 წლის წინ დამებადა. წიგნი დამაწერინა მამისადმი დიდმა სიყვარულმა და მისდამი პატივისცემის გრძნობამ. ამ წიგნის სახელწოდებაა "მუსიკაში ჩაფერფლილი მაესტრო", მიზანი კი კლასიკური მუსიკის პოპულარიციაა.

- როგორი იყო წიგნის წერის პროცესი?

-ძალიან შრომატევადი. უზღვავი მასალა მქონდა. ყველანაირად ვეცადე, რომ ვინმე არ გამომრჩენოდა და დეტალურად მივყვებოდი ჩემს ხელთ არსებულ მასალებს, რომ წიგნი სრულყოფილი ყოფილიყო. ჩემთან ერთად ეს დიდი შრომა  გასწია რედაქტორმა და რუსულზე  მთარგმნელმა,  ირინა კუპატაძემ, ხოლო ინგლისურად  თარგმნა რუსუდან ფურცხვანიძემ. შესაბამისად, ეს წიგნი სამენოვანია და ტურისტებზეც არის გათვლილი, იმისათვის რომ მათ გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ ოპერის თეატრზე.

-ოპერის თეატრის ისტორიამ თქვენს თვალწინ გაიარა, როგორი იყო ეს წლები?

-აღსანიშნავია, რომ ქუთაისელი საზოგადოება ყოველთვის გამოირჩეოდა მუსიკალურობითა და ჯანსაღი კრიტიკით. ისინი ყოველთვის იყვნენ ოპერის თეატრის გულშემატკივრები. ამ ქალაქში კულტურული ცხოვრება ყოველთვის მჩქეფარე იყო, რასაც ახლანდელ რეალობაზე ვერ ვიტყვი.

დღეს, ახალგაზრდობა არ არის  იმდენად დაინტერესებული, როგორც ადრე. ვფიქრობ, ძალიან დიდი როლი ითამაშა 90-იანმა წლებმა. როგორც ყველას, თეატრსაც ჰქონდა მატერიალური პრობლემები და შესაბამისად ეს აისახა შემოქმედებით მხარეზეც.


 

 

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა