2015 წლის ბიუჯეტი კულტურას და სპორტს გაზრდილ დაფინანსებას ჰპირდება
2015 წლის ქუთაისის ბიუჯეტის პროექტში კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეებისათვის დაახლოებით 7 მილიონ 203 ათასი ლარია განკუთვნილი, რაც რამდენიმე ათეული ათასით აღემატება წინა წლის მონაცემებს.
კულტურული დაწესებულებებიდან ყველაზე მეტ თანხას ბიუჯეტიდან ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატული
თეატრი მიიღებს. მისთვის განკუთვნილი თანხა ერთ მილიონ ლარს შეადგენს, რაც
200 ათასი ლარით აღემატება 2014
წლის თავდაპირველ დაფინანსებას. წლის ბოლოს მიმდინარე ბიუჯეტში განხორციელებული
ცვლილებების შედეგად მას თანხა კიდევ დაემატა.
900 ათასი ლარითაა განსაზღვრული 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ბალანჩივაძეების სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის. გასულ წელს ბალანჩივაძეების ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისთვის 730 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. თუმცა, მესხიშვილის თეატრის მსგავსად ,საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, მისი დაფინანსება 120 ათასი ლარით გაიზარდა. ეს ფაქტი ოპოზიციის პროტესტის მიზეზიც კი გახდა.
„ისეთ გადაწყვეტილებას,
რომელიც მესხიშვილის თეატრისთვის 90 ათასი ლარით, ხოლო ბალანჩივაძეების
ოპერის თეატრის 120 ათასი ლარით დაფინანსების გაზრდას გულისხმობს, მხარს ვერ დავუჭერთ. თეატრის დირექტორს კულტურის სამინისტრო ნიშნავს და
გადაწყვეტილებებსაც ის იღებს. ჩვენ ფორმალურად ფულს
გვახდევინებს. უმჯობესია, ეს
თეატრები მთლიანად მერიის, ან
კულტურის სამინისტროს ბალანსზე იყოს,“- აღნიშნა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა,
ბესიკ ბრეგაძემ.
მერიის კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი „newpress.ge“-სთან ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ ხარჯებზე
საუბრობს. მისი თქმით, კულტურის ღონისძიებების
ბიუჯეტის ზრდა მხატვრებისთვის დაგეგმილმა საერთაშორისო ტრენინგმა გამოიწვია.
„კულტურის სფეროში თითქმის ყველა მიმართულება საჭიროებს მეტ ყურადღებას. მიმდინარე წელს თეატრების პროექტებიც დავაფინანსეთ, ამის სურვილი მომავალ წელსაც გვაქვს. თუმცა, ჯერჯერობით არ ვიცით, ეს როგორ მოხერხდება. ჩვენ მაქსიმალურად გვინდა მხარში დავუდგეთ თეატრებს, მხატვრებს, სხვადასხვა მიმართულებებს. მხატვრობის მხრივ გვინდა საერთაშორისო ტრენინგის ჩატარება და ალბათ, კულტურის ღონისძიებების ბიუჯეტის ზრდა ამანაც გამოიწვია,“- განაცხადა მან.
ვაჟა ჯუღელის თქმით, ქალაქის მერია თეატრებს იმ დრომდე
დააფინანსებს, ვიდრე ისინი სრულად გადავლენ
კულტურის სამინისტროს ბალანსზე.
„
თეატრები კულტურის სამინისტროს ბალანსზე არიან და მათ შტატებსაც სამინისტრო ადგენს.
თუმცა, ქალაქის ბიუჯეტი აძლევს მათ დაფინანსებას.
ამიტომ იყო შენიშვნები, მაგრამ ჩვენ გვინდა გადავრჩინოთ ისინი. მათ სრულად სამინისტროს
ბალანსზე გადასვლას შეიძლება დრო დასჭირდეს და ვიდრე ეს მოხდება, მეც და ქალაქის ხელისუფლებაც
ვთვლით, რომ ისინი ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდნენ,“- ამბობს ვაჟა ჯუღელი.
რაც შეეხება სხვა კულტურულ დაწესებულებებს, თანხა ასე ნაწილდება: ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკისთვის 650 ათასი ლარია გამოყოფილი, რომელიც მკითხველთათვის საბიბლოთეკო საქმიანობას უნდა მოხმარდეს. სოლიდურად ფინანსდება ბოტანიკური ბაღი მომდევნო წელსაც, მისთვის განკუთვილი თანხა 300 ათასი ლარს შეადგენს.
ადგილობრივი ხელისუფლებისთვის
პრიორიტეტული აღმოჩნდა სპორტის ხელშეწყობაც. 2015 წელს სპორტი 5 მლნ 160 ათასი ლარით დაფინანსდება. ეს შარშანდელ დაფინანსებას დაახლოებით 400 ათასი ლარით აღემატება. იზრდება სპორტული კლუბების დაფინანსებაც. მაგალითად:
ააიპ ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება 3 მლნ 50 ათასი ლარით დაფინანსდება. თანხა ქალაქის სასპორტო სკოლების /ფილიალები/ საქმიანობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას უნდა მოხმარდეს.
შპს საკალათბურთო კლუბის „ქუთაისი 2010“ დაფინანსება 500 ათასი ლარით არის გათვალისწინებული.
სარაგბო კლუბი „აია“ 100 ათას ლარს მიიღებს, რომელიც რაგბის გუნდს უნდა მოხმარდეს. კერძოდ, ამ თანხით სახელფასო ვალდებულებების, სამივლინებო ხარჯების, უნიფორმის შეძენა და ჩემპიონატში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯების გაწევაა გათვალისწინებული.
კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ვაჟა ჯუღელის თქმით, შემცირებულია სპორტული ღონისძიებების პროგრამების დაფინანსება, თუმც ეს შემცირება იმას ნიშნავს, რომ თანხა სხვა შიდა მიმართულებაზეა გადანაწილებული: „შეიქმნა ხელბურთის კლუბი, ეს ძველი ტრადიციაა და გვინდა ავაღორძინოთ. ჯერჯერობით არ ვიცი, რა იქნება მისი დაფინასება. თუმცა, გარკვეული თანხა აუცილებლად იქნება გამოყოფილი ქალაქის ბიუჯეტიდან. ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ღონისძიებებისთვის შარშანდელთან შედარებით ცოტათი შემცირებულია თანხა. განათლების და ძეგლთა დაცვის პროგრამების დაფინანსება ათასი ლარითაა გაზრდილი,“- ამბობს ვაჟა ჯუღელი და ყურადღებას კლუბების დაფინანსებაზე ამახვილებს.
„რაც შეეხება კლუბების დაფინანსებას, ქალაქის ბიუჯეტთან
ერთად უნდა გამოჩნდნენ ინვესტორები, რომლებიც კლუბს შეინახავენ. ჯერჯერობით, ასეთი
ფუფუნება არ გვაქვს“,- აღნიშნა ჟუღელმა.
2015 წლის ბიუჯეტი დამტკიცებული არ არის. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და შენიშვნების განხილვა, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ მასში ცვლილებები კიდევ შევიდეს.
ავტორი: ანა ჯიქია