|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მამაჩემი რადიოს უსმენდა და სულ იმის მოლოდინში იყო, რომ იქედან ერთ ქართულ სიტყვას მაინც გაიგონებდა“

ორჰან ბერიძე თურქეთში დაბადებული ქართველია. იგი სტამბოლში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ქართული ენის პედაგოგია, რომელიც „ჩვენებურებს და არამხოლოდ მათ ქართულ ენას ასწავლის. მან თურქულად თარგმნა იაკობ გოგებაშვილის დედაენა, რათა უფრო გაუადვილდეთ ენისა და წერა-კითხვის შესწავლა მის მოწაფეებს. იგი  „მზის თეატრის“  5 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, რომელიც ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის ოპერის თეატრში გაიმართა. ,,ახალ გაზეთს“ მასთან ექსკლუზიურად გასაუბრების და ინტერვიუს ჩაწერის საშუალება მიეცა.

ბატონო ორჰან,  რატომ  გაგიჩნდათ სურვილი, შეგესწავლათ ქართული ენა? 

მე წარმოშობით ქალაქ გირესურუდან ვარ. მის ერთ-ერთ ქართულ სოფელში დავიბადე. დედა თურქი მყავს, მამა კი  - ნამდვილი ქართველი, რომლის დიდი ბაბუის ბაბუა საქართველოში დაბადებული და გაზრდილი იყო. მამაჩემისთვის თურქული ენა იყო უცხო ენა და თურქულად შეცდომებით საუბრობდა. დედის გამო მე ქართულად სულ რამდენიმე სიტყვა ვიცოდი: მიწა, ბალახი და ა.შ. როდესაც გავიზარდე და სკოლაში მივედი, იქ ბევრი ქართველი იყო, რომლებიც ამას მალავდა, რადგანაც მათთვის ეს  ქართული კულტურა დიდად ღირებული არ იყო. მამაჩემი კი სულ მეუბნებოდა, რომ არსებობდა ქართული კულტურა და ხელოვნება. თავად კი სულ რადიოს უსმენდა და სულ იმის მოლოდინში იყო, რომ იქედან ერთ ქართულ სიტყვას მაინც გაიგონებდა. 25 წლის ასაკში წავედი სტამბულში და 2004 წელს „საქართველოსა და თურქეთის მეგობრობის ასოციაცია“ დავაარსე. ეს იყო პირველი, რაც გავაკეთე. შემდეგ ვიპოვეთ მასწავლებელი მანანა გურგენიძე, რომელსაც თქვენი მეშვეობით მადლობას ვუხდი. სწორედ ის იყო პირველი, ვინც საძირკველი ჩაუყარა ჩემში ქართულ ენას. სამი წელი ვასწავლიდი ქართულს ასოციაციაში უფასოდ. ამჟამად კი, სახლში მყავს მოსწავლეთა ერთი ჯგუფი, რომლებსაც ვასწავლი.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ დაინტერსებული ხართ ,,ვეფხისტყაოსნით“ და ცდილობთ, სხვებსაც შეასწავლოთ ის. როგორ ახერხებთ ამას?

- როდესაც მანანა გურგენიძის დახმარებით, “დედა ენის“ სწავლა დავიწყე, მაშინ ვისწავლე რამდენიმე სტრიქონი „ვეფხისტყაოსნიდან“.  ამის შემდგომ აქტიურად დავინტერესდი ამ ნაწარმოებით და დღეს უკვე ვცდილობ,  ჩემს მოსწავლეებს შევასწავლო ნელ-ნელა.  დღეს თურქეთის სკოლებში შესაძლებელია ქართული ენის შესწავლა, თუკი ამას სკოლის 10 მოსწავლე მაინც მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში თურქეთის განათლების სამინისტრო ვალდებულია, მოიყვანოს მასწავლებელი და გახსნას ჯგუფი. ეს ყველაფერი ევროკავშირის ხელშეკრულებაში წერია და ყველა ენის მიმართ ვრცელდება. დღეს თურქეთის ორ სკოლაში უკვე სწავლობენ ქართულ ენას. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი დაინტერესდება ქართულით.

- როდესაც ჩვენებურები იკრიბებით, გაქვთ თუ არა ტრადიციული ქართული სუფრა?

- პირადად მე თურქი ეროვნების ცოლი მყავს და შესაბამისად, ოჯახში უფრო თურქულ სამზარეულოს ვიყენებთ. რაც შეეხება ,,ჩვენებურების“ შეკრებას, ყოველთვის გვაქვს ქართული ღვინო და კერძებიც. თუმცა, თურქეთში ღვინო არცთუ ისე პოპულარული სასმელია.

- ხშირად იმართება დებატები და კამათი ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, თუ რომელმა მხარემ უნდა მოახდინოს მისი რესტავრაცია - თურქეთმა თუ საქართველომ. თქვენი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის აზრით, რომელიც ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია თურქეთ - საქართველოს შორის, ვის უფრო აქვს ამ საქმის განხორციელების ,,პრივილეგია“?

- ეს ცოტა პოლიტიკური თემაა, თუმცა მე მიყვარს პოლიტიკაც. ჩემი აზრით, მთავარია მოხდეს ამ კულტურული ძეგლის შენახვა და გადარჩენა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ სარწმუნოებას ემსახურება ესა თუ ის კონკრეტული ნაგებობა, მთავარი მისი გადარჩენაა. თუმცა, ალბათ, უფრო ქართული ეკლესია და ქართველები არიან ამ კუთხით პრივილეგირებულები.

როგორც ბატონი ორჰანი დაგვპირდა, ის კიდევ უფრო გააძლიერებს თავის საქმიანობას ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით და შეეცდება, რაც შეიძლება დიდი წვლილი შეიტანოს, საქართველო-თურქეთის ურთიერთობის გამყარებაში.

ავტორი: გიგა გელხვიიძე