"ვინც მათხოვარ ბავშვებს ფულს აძლევს, ჯოჯოხეთს ვუსურვებ!"
ჩვენს ქალაქში მოწყალების მთხოვნელთა დიდი რიცხვით ვერავის გააკვირვებ. ადამიანები ასაკის, სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობის განურჩევლად, სხვადასხვაგვარად ცდილობენ ყურადღების მიქცევას. ზოგს ამისთვის საგანგებოდ შემუშავებული „გასართობი პროგრამა“ აქვს, ზოგი ფოტოებითა და სხვადასხვა ტექსტებით დადის.ჩვენი რესპონდენტი 12 წლის ბიჭია, რომელიც დღე მუშაობს, ღამე კი ლოთი მშობლები მათხოვრობას აიძულებენ. გელა ძალიან იღლება, ღამით დასვენება და ძილი უნდა, მაგრამ ამას არავინ აღირსებს.
- დღისით ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობ, დამლაგებლად. დღეში 10 ლარს მიხდიან, მაგრამ ღმერთმა იცის, ეს თანხა რა საშინელი შრომის ფასად მიჯდება. ღამე კი, როცა ჩემს ყველა თანატოლს სძინავს, იძულებული ვარ, თბილისის ელიტური კლუბების სიახლოვეს ვიმათხოვრო.
მიუხედავად იმისა, რომ მათხროვრობით გაცილებით მეტ ფულს ვშოულობ, ვიდრე დალაგებით, მათხოვრობა მაინც არ მიყვარს. ცუდად მექცევიან ხოლმე, ხანდახან ქუჩაში მცემენ კიდეც. არავინ მიშველის, მე ხომ ბინძური მათხოვარი ვარ.
ყოფილა შემთხვევები, როცა დღეში ას ლარზე მეტი მიშოვია, მაგრამ მათხოვრობა მეზიზღება. როცა გავიზრდები და ჩემი მშობლებისგან თავისუფალი ვიქნები, მათხოვრობას და ქუჩის ცხოვრებას შევეშვები. სახლში, ჩემ გარდა, არავინ მუშაობს. მამა ლოთია და ბევრი სასმელი და წამალი სჭირდება, დედაჩემიც ასევე. კიდევ პატარა დები მყავს, რომლებიც ძალიან მიყვარს. მათ გამო ყველაფერს გავაკეთებ.
ძირითადად, ცენტრალურ უბნებში განთავსებულ ღამის კლუბებთან ვმათხოვრობ. ბევრი თავდაგასავალი გადამხდენია. ერთხელ მახსოვს, ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა 200 ლარი მომცა, გარკვეული დავალების შესრულების საფასურად. მოკლედ, ჩემი საქმე ის იყო, რომ მას პოლიცია მისდევდა, მე კი პოლიციელები უნდა შემეფერხებინა. როგორც მივხვდი, ნარკობარიგა იყო. იმ ღამეს მეც არანაკლებ საშიშ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. როგორც კი პოლიციელები მანქანიდან გადმოვიდნენ, მე ფეხებში გავებლანდე და ყვირილი დავიწყე, მიშველეთ, მცემენ-მეთქი. პოლიციელები მიხვდნენ, რომ მათი განზრახ შეკავება მინდოდა და ძალით მიცილებდნენ. ერთ-ერთმა ისე მკრა ხელი, რომ თავი კედელს მივახალე და სისხლი თქრიალით წამომივიდა.
პოლიციელებს შეეშინდათ, არ შემოგვაკვდესო, და როგორღაც ინებეს ჩემთვის ყურადღების მოქცევა. სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ჩემმა დამქირავებელმა ათესვა მოასწრო. სასწრაფო მოვიდა, პირველადი დახმარება გამიწია, მაგრამ გატეხილი თავის ნორმალურად მკურნალობა ვერ შევძელი, რადგან დაბადების მოწმობა არ მაქვს და ჩემზე არც დაზღვევა ვრცელდება და არც არაფერი. თავის ტკივილები ახლაც მაწუხებს, რაღაც ადგილას გამაგრებები მაქვს.
ერთხელ, ერთმა ფულის ტომარა ბიძიამ ასევე ბევრი ფული მომცა, რომ რაღაც როლი შემესრულებინა. სადღაც წამიყვანა, მანაბავა, გამომაწყო და ვიღაც ქალთან მიმიყვანა. არც კი ვიცი, რა როლი მქონდა ამ თამაშში, რადგან მას ჩემთვის არაფერი აუხსნია. ის ქალი უცხოელი იყო და ქართულად არ ლაპარაკობდა. პრინციპში, რასაც უნდოდა, ჩემზე იმას ეტყოდა. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, არ ვიცოდი, აქ რა როლი უნდა შემესრულებინა. დღის ბოლოს, ბიძიამ ასდოლარიანი ჩამიკუჭა ხელში და მანქანიდან გადმომსვა. ის დღე ძალიან კარგად მახსოვს: ერთადერთი ღამე იყო, როცა მშობლებმა სახლიდან არ გამაგდეს სამათხოვროდ.
ირგვლივ რომ ვუყურებ ჩემნაირ მათხოვრებს, გული მერევა მათზე, მეზიზღებიან. მათ მუშაობა არ უნდათ, მათხოვრობა და ხეტიალი ურჩევნიათ. ყველაზე ძალიან მეზიზღება ისინი, ვინც ჩემნაირ პატარა ბავშვებს მათხოვრობას აიძულებს. ქუჩაში ცხოვრება ძალიან დიდი უბედურებაა ყველასთვის. მერე ეს პატარები ისევ მათხოვრობას, ქურდობას, აფერისტობას ეჩვევიან და წასულია მაგათი საქმე. უფრო მეტსაც გეტყვთ - მეჯავრება და მძულს ყველა ის ადამიანი, რომელიც ფულს მიგდებს ხელში. მათხოვარ ბავშვებს რომ არავინ აძლევდეს ფულს და ასე ფული არ კეთდებოდეს, ჩემი ნაძირალა მშობლებიც არ გამაგდებდნენ ქუჩში სამათხოვროდ და ასეთ საშინელებებს არ გადამყრიდნენ.
იმ ღამეს, როცა სახლში თავგატეხილი მივბრუნდი, სამას ლარამდე მივუტანე დედაჩემს, მაგრამ იმან მაინც მცემა, იმიტომ, რომ თავიდან სისხლი მომდიოდა.
კი, ყველა მძულს, ვინც მათხოვარ ბავშვებს ფულს უყრის. ვიცი, ჩემზე სულაც არ დარდობენ, სამოთხეში მოხვედრა უნდათ, მაგრამ, სინამდვილეში, ჯოჯოხეთში მოხვდებიან, რადგან ჩემნაირ საწყალ ბავშვებს მთელი ცხოვრება მათხოვრობისთვის და უბედურებისთის წირავენ.
წყარო: funtime.ge
ავტორი: ნიუპრესი