|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ონიანი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობას მეორედ აპირებს

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაწყებულია, თითოეული კანდიდატი თავისი სამოქმედო გეგმით საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას შეეცდება. რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიორგი ონიანია, რომელიც თავის გეგმებზე "Newpress.ge" ესაუბრა. 
„საერთოდ, ყველა ლექტორი უნდა ფიქრობდეს უნივერსიტეტის განვითარებაზე,  ერთ- ერთი მათგანი ვარ მეც. ვფიქრობ, გეგმა, რომლიც მე მაქვს,  მორგებულია სასწავლებლის განვითარებაზე. გარდა ამისა, უნივერსიტეტში არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც მხარს დამიჭერს, ესეც არჩევნებში მოტივაციის ერთ-ერთი პირობაა“, აღნიშნა გიორგი ონიანმა. 
 რაც შეეხება სამოქმედო გეგმას,  იგი რამდენიმეგვერდიან პროგრამაში უნივერსიტეტის პრობლემებს გამოყოფს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესად სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლება მიაჩნია, აცხადებს, რომ სწავლების ხარსისხის გაუმჯობესება მყარი კრიტერიუმებითაა შესაძლებელი: “უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმად მიმაჩნია მკვლევარ მასწავლებლების ხელშეწყობა, მნიშვნელოვანია დოქტურანტურის სტუდენტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ თავი დაიმკვიდრონ სასწავლებელში. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ისეთი ცენტრების შექმნა, როგორიც საზღვარგარეთაა პოსტდოქტორანტებისთვის. ჩვენი კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა და არსებობს კიდეც ამის პრეცენდენტი, გვაქვს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა“,- განაცხდა ონიანმა. 
რექტორობის კანდიდატი  ასევე  სასწავლო პროცესის სისტემის საკითხს შეეხო. ის მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით შესაძლებელია პროგრამის კიდევ უფრო დახვეწა, რადგან სასწავლო პროცესი და საგამოცდო სისტემა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის: „ ეს ყველაფერი აზიანებს სასწავლო პროცესს, არის ბევრი გამოცდები. გასაგებია, რომ ეს უწყვეტი განათლების პრინციპს ემსახურება, მაგრამ დასაბალანსებელია ინტერესები. სტუდენტები ხშირად დგანან პრობლემის წინაშე, თუ სულ გამოცდები იქნა, როდის უნდა ისწავლონ?“, - ამბობს გიორგი ონიანი. მისი პროგრამის ნაწილი პროფესორ- მასწვალებელთა ანაზღაურების საკითხსაც ეხება, სადაც აღნიშნავს,  „გასაგებია, რომ ხელი უნდა შევუწყოთ პროფესორების დამკვიდრებას უნივერსიტეტში, საშტატო განაკვეთების გაზრდას, მაგრამ საშტატო განაკვეთები გათვლილი უნდა იყოს სასწავლებლის განვითრებაზე, რაც თანხების მიმართვას სახელფასო ზრდისაკენ  და ინფრასტრუქტურის განვიტარებას გულისხმობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინიმალური ხელფასი 2500 ლარს შეადგენს, მაშინ, როცა ჩვენთან 1150 ლარია. ამ კუთხით სერიოზული ნაბიჯია გადასდგემლი“,- განაცხადა გიორგი ონიანმა.
აქვე მან თავისი რექტორობის პერიოდი-  2006-2010 წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება უნივერსიტეტისათვის მნიშველოვანი საკითხია, რადგან იგი წარმოადგენს სამი უნივერსიტეტის გაერთიანებას. „ ამ კუთხით აუცილებელია უნივერსიტეტმა კავშირი იქონიოს განათლების სამინიტროს პროგრამებთან. უნივერსიტეტს საბაზო დაფინანსება არ აქვს ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მოჭრით არ იძლევა თანხას ხელფასისა და ინფრასტრუქტურისათვის. რადგან ასეთი მყარი შემოსავალიარ არსებობს, უნივერსიტეტი მთლიანად დამოკიდებულია სტუდენტების  მიერ შემოტანილ თანხასა და გრანტებზე. აქ ორი გამოსავალი არსებობს; პირველი, თავად მოიძიოს სახსრები და მეორე, ჩაერთოს განათლების სამინისტროს პროგრამებში, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. მსგავსი პროგრამით მოვახერხეთ ჩემი რექტორობის პერიოდში სამედიცინო კორპუსის დამკვიდრება“, - აღნიშნა რექტორობის კანდიდატმა.
 გიორგი ონიანმა "Newpress.ge"- სთან საუბრისას კიდევ ერთი პრობლემა გამოკვეთა, რაც სტუდენტების გადასახადის პრობლემას ეხება და აღნიშნა, „მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ძირითადი შემოსავალი წარმოადგენს სტუდენტის მიერ გადახდილ თანხას, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული საკითხის სოციალური განზომილება. სასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს ამ სტუდენტების შენარჩუნებას.  ჩემი რექტორობის პერიოდშიც,  აქტუალური იყო ეს საკითხი და მაქსიმალურად ვცდილობდით გაგვეთვალისწინებინა ყველა ფაქტორი, გვქონდა პროგრამები სოციალურად დაუცველებისთვის, ობლებისთვის, სამშობლოს გმირების შვილებისთვის. ეს დასაფიქრებელი საკითხია, თუ წმინდა ბიუროკრატიული თვალსაზრისით მივუდგებით, რომ ვერ გადაიხადა თანხა და შევუჩეროთ სტატუსი, ეს არ არის სწორი“,- აღნიშნა გიორგი ონიანმა. 
რექტორობის კანდიდატის თქმით,  თითოეული კანდიდატის პროგრამაში აუცილებლად იქნება პოზიტიური გეგმები, რაც გამარჯვებულმა კანდიდანტმა უნდა გაითვალისწინოს:  „ნაწილობრივ ვიცნობ სხვა კანდიდატების პროგრამას. მიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ უნივერსიტეტი ცარციდან დაწყებული,  სასწავლებლის უმაღლესი რანგის პროფესურით დამთავრებული,  საკუთარ თავში  მოიცავს ყველაფერს. ვფიქრობ, ყველა კანდიდატის პროგრამაში ექნება პოზიტიური მომენტები.  მიმაჩნია, რომ გამარჯვებულმა კანდიდატმა არა მხოლოდ საკუთარი პროგრამით გათვალისწინებული, არამედ, კონკურენტების პროგრამაში არსებული ჯანსაღი მომენტებიც უნდა გაითვალისწინოს“, - განაცხადა გიორგი ონიანმა. 
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება და მასში გიორგი ონიანის გარდა უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორი, გიორგი ღავთაძე, ქუთაისის ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანი და საკრებულოს ყოფილი წევრი შერმადინ მიქელთაძე მიიღებენ მონაწილეობას.

ავტორი: ანა ჯიქია