|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ შეიძლება მუდმივად იპრანჭო ისტორიის წინაშე"

გაგვაჩნია თუ არა პოლიტიკური კულტურა? რამდენად ვართ ადეკვატურნი ახალ რეალობასთან? სწორი ორიენტაციისთვის  გვყოფნის თუ არა თავისუფლების ოცწლიანი გამოცდილება? ამ  და სხვა თემებზე  „ნიუპრესს“ ესაუბრება მწერალი და ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი.


–რიგი ექსპერტები ამბობენ, რომ პოლიტიკური კულტურა არ გაგვაჩნია, არც პოლიტკოსებს და არც ელექტორატს. ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით ძალიან მწირია. თუ შეიძლება რომ ახსნათ, მაინც რაში გამოიხატება პოლიტიკური კულტურის ქონა, ან არქონა?


- პოლიტიკური კულტურა გვაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ კულტურა, რომელშიც ვიმყოფებით, ვერ პასუხობს ახალ რეალობას. ჯერ კიდევ მყარადაა დამკვიდრებული ჩვენში ძველი აზროვნების  წესები და ძველი პოლიტიკური ამაშის კულტურა, რაც გვიშლის ხელს პასუხი გავცეთ ახალი დროის პოლიტიკურ მოთხოვნებს. ახალი კულტურა რთულად დასაფუძნებელია. რა თქმა უნდა, ისე არ არის, სამართლიანი არჩევნები ჩაატარო და გამოაცხადო, რომ უკვე გაქვს პოლიტიკური კულტურა. ეს საკმარისი არ არის. პოლიტიკური კულტურა ჩნდება ადამიანების ყოველდღიურ ურთიერთობებში, მარტივ დიალოგებში, მიმართებებში, ქცევებში და ა. შ.  პოლიტიკური კულტურა არ არის გამოყოფილი ზოგადი კულტურისაგან, ეს ერთი მთლიანი სივრცეა. ამიტომ ეს ამოცანა უმეტესწილად სწორედ შემოქმედებითმა კულტურამ უნდა გადაჭრას, რაც დღეს ჩვენთვის პოლიტიკის უმნიშვნელო დანამატია...


- გზა, რომელიც ავირჩიეთ, რამდენად დაგვაახლოებს, თუ გაგვიხსნის ახალ რეალობას? სად ვუშვებთ შეცდომებს? რამდენად „საბედისწეროა“ ეს შეცდომები?


- დაღუპვის თემა ზოგადად, ჩემთვის სასაცილოა. ეს თემა უკვე მახალისებს. რა მარტივი რამ გვგონია „დაღუპვა“ (პატივს არ ვცემთ სიკვდილს, არც კი გვესმის მისი და ამდენად არც სიცოცხლის ფასი ვიცით). ჯერ ერთი, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ის ერი (ჩამოყალიბებული, ჭეშმარიტების ენით მოლაპარაკე კულტურის მატარებელი ერი მაქვს მხედველობაში), რომლებიც ისტორიიდან გაქრნენ (რაზეც ახდენენ აპელირებას ანალოგიების მოყვანით), დიდი ერები იყვნენ, რომელთაც ისტორიაში თითქმის წარუშლელი კვალი დატოვეს. ეგვიპტელებმა, ფინიკიელებმა, კართაგენელებმა, რომაელებმა ისტორია შექმნეს და დარჩნენ შემდგომ ამ ისტორიის მიღმა, როგორც მოსე დარჩა იორდანეს გაღმა ნაპირზე, არ დადგა ფეხი აღთქმულ მიწაზე, სადამდეც მიიყვანა ისრაელი).


ასე არ არის ადგე და დაიღუპო. ეს რთული საქმეა, რაღაც უნდა ამოწურო, რაღაც უნდა შექმნა მნიშვნელოვანი, რომ შეძლო შენი ქმნილების გარეთ დარჩენა. მისი გარედან, სიკვდილიდან ყურება. ეს სასაცილოა. არვითარი დაღუპვის საკითხი აქ არ დგას, ან შეიძლება საკითხი დგას, მაგრამ ეს ჩვენი არაავთენტური ემოციის შედეგია, იმის გამოხატვაა, თუ როგორ ვუდგებით ჩვენ საკუთარ ყოფნას. ხშირად ვიმეორებ ერთი ბრძენკაცის ნათქვამ მშვენიერ სიტყვებს: „სამოთხეა, როდესაც კვდები და კვდები. გაქრი, აღარა ხარ, ხოლო ჯოჯოხეთია, როდესაც კვდები, კვდები და ვერ კვდები“. ჩვენს ერს ზუსტად ეს ფსიქოზი ჭირს და მართლაც ჯოჯოხეთური ხდება მისი ყოფნა ისტორიაში. სრულფასოვან ერად ვერ გადავიქცევით ეს ფსიქოზი თუ ვერ მოვიცილეთ.


–ყოფნა–არყოფნის ამ დილემაში როგორი თამაშის წესები არსებობს?


–ახლა თუ ხვდები, განსხვავებულ რაღაცაზე ვლაპარაკობ. ყოფნა-არყოფნის საკითხი ყოველთვის დგას ადამიანის წინაშე, რადგან სიკვდილის კულტურის შვილები ვართ ზოგადად, სიკვდილთან თამაშში ვიზრდებით, მაგრამ თამაშიც არის და თამაშიც, ჩვენ სიკვდილს ერთმანეთზე მანიპულაციებისთვის ვიყენებთ და არა შინაგანი და გარეგანი სამყაროს დასახვეწად. ეს მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების სულისკვეთებით გაჟღენთილი ჩვეულებრივი ძალადობაა. დემაგოგთა ლოგიკა მარტივია – მოვა ვიღაც უცხო, ბოროტი და გაგვასწორებს მიწასთან, ანუ გაანადგურებს ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, წაგვართმევს ენას, სახეს, ზოგადად წარსულს, მომავალს ა.შ. (რა ემოციებშიც არ უნდა გადაათამაშო ეს სიტყვები, საზრისი მაინც უცვლელი დარჩება). და თუ არსებობს ის, ვინც გღუპავს (ანგრევს), აუცილებლად არსებობს ისიც, ვინც გადაგარჩენს (აგაშენებს. შივა და ვიშნუ განუყოფელნი არიან). სამწუხაროა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვერიეთ ამ უმწეობას, ამ უსუსურ ლოგიკას, ძალადობის სიყვარულს, ვერ მოვიცილეთ თავიდან ეს დამღუპველები და გადამრჩენლები.


–რაში ხედავთ მთავარ პრობლემას?


–მე პრობლემას იდეოლოგიური  მუხტისგან დაცლილ პოლიტიკურ ასპექტში ვხედავ. არ შეიძლება მუდმივად იტრიალო, იპრანჭო და იპოზიორო ისტორიის წინაშე. არ მაინტერესებს ისტორია, მე მაინტერესებს, როგორ გავაუმჯობესო ჩემი ურთიერთობები გარემოსთან, „სხვასთან“. იმდენად სრულფასოვანი და ძლიერი ვარ, რამდენი ენაც ვიცი. აქ მხოლოდ ლინგვისტური ენები არ იგულისხმება, „გველისმჭამელზე“ ვლაპარაკობ. ყველა საგნის ენა უნდა ვიცოდეთ, ყველაფერს, ქაჯებსაც კი უნდა ვუსმენდეთ. ყურებში ხელის დაცობით ვერ გავძლიერდებით. ყოველთვის ვყვირით, თითქმის არასოდეს ვსაუბრობთ, არასოდეს ვისმენთ. ჯერ კიდევ ცხოველური ინსტინქტები გვამოძრავებს, რომლებიც ძალაუფლებას ხმაურით აღწევენ.


–რაზე მოდის სიმძიმის ცენტრი? რა არის გადამწყვეტი ამ პრობლემაში?


–ძირითადი და გადამწყვეტი ამ პრობლემაში მაინც პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხია; პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე; პიროვნების გათავისუფლება სახელმწიფოსაგან. როცა საკუთარი თავის წინაშე ხდები ვალდებული, იწყებ საკუთარ თავში პოროვნების, სამყაროს ცენტრის ძიებას, იწყებ გააზრებას – სად ხარ, ვინ ხარ... როდესაც ტვინში გიბეჭდავენ – „შენ ასეთი ხარ“, „აქ ხარ“, „შენი ადგილი აქ არის“, „ეს არის შენი საკეთებელი“ და ა. შ. ხოლო საკუთარი თავის მპოვნელს ვერასოდეს აუბნევ თავგზას და ისეთი სულელური რიტორიკით, რომელიც ახლაა გამეფებული საქართველოში, ვერ გააბრუებ.


მკითხე მივდივართ თუ არა სწორი გზით? – არ მივდივართ! იმიტომ, რომ ისეთ დეტალებზე დავაში ვკარგავთ დროს, არანაირი სარგებლობა რომ არ მოაქვს. მეც ახლა ისეთ ბანალობაზე ვლაპარაკობ, მრცხვენია კიდეც, ოცი წელიწადი გავიდა და ეს ჯერ ვერ ვისწავლეთ, კიდე ოცი გავა და მაინც არ გვეცოდინება, რადგან არ ვისმენთ.


–სამაგიეროდ, უხვად ვისმენთ და ვხედავთ მძიმე კადრებს უახლოესი წარსულიდან


- საქართველოს ჰქონდა რთული ისტორიული პერიოდები და მათ შორის, ერთ-ერთი მოწინავე ადგილი გასული საუკუნის 90-იან წლებს უჭირავს. პრობლემები არასოდეს მოგვკლებია, მაგრამ ის, რაც მეოცე საუკუნის ბოლოს მოხდა საქართველოში, ნამდვილი კოშმარი იყო. ამიტომ ამ პერიოდთან საკუთარი პოლიტიკის შედარება და ამ შედარების საფუძველზე შემდგომ მმართველობის გამართლება არ უნდა იყოს მთლად ზნეობრივი საქციელი. ისეთი რთული პერიოდები ისტორიაში ჩვენ სულ სამი თუ ოთხი გვქონდა, ნებისმიერ პოლიტიკოსს, რა უმაქნისიც არ უნდა იყოს ის, მაინც ადვილად მოახერხებს იმ წლების მმართველობასთან შედარების საფუძველზე საკუთარი მმართველობისა და ძალადობის გამართლებას. რა თქმა უნდა, მე ამით ხაზს ვუსვამ რიტორიკის ხასიათს, მის მოძალადობრივ ბუნებას და ეჭვქვეშ სულაც არ ვაყენებ ბატონი მიხეილის დამსახურებას ნიჰილსტური ეპოქის გადალახვის საქმეში. ამას გულწრფელად ვამბობ.


–კამერის წინაშე განხორციელდა რევოლუცია, კამერის წინაშე მოხდა ომი, კამერების წინაშე შენდება და მშვენდება საქართველო. ხელისუფლება ძირითადად ტელევიზორის ეკრანიდან ელაპარაკება ხალხს დრომ და ეპოქამ მოიტანა ასეთი ურთიერთობა თუ ხელისუფლების დადგმების მიმართ რაღაც ვნებამ, რომელმაც რეალობა გადაიყოლა?


- ეს ეპოქამ მოიტანა –  პირდაპირი ეთერი. „ვარდების რევოლუცია“ პირდაპირ ეთერში ეს მართლაც გამაოგნებელი იყო. მსოფლიოს მანამდე მართლაც არ ჰქონდა ნანახი მსგავსი აზარტული და ემოციური სანახაობა. და მას იმხელა ეფექტი ჰქონდა, რომ ბევრმა მოინდომა გამეორება.  საზოგადოებას აქვს თვითონ ამის მოთხოვნილება, მისი სასიცოცხლო ინტერესია იყოს მუდმივ დაძაბულობაში. თუ ასე არ ხდება, რეალობა აუტანელია. არაფერი ხდება, ესე იგი არც ვარსებობთ (სიკვდილი ჩვენი მთავარი მტერია). ქართველ ადამიანს არა აქვს  იმის ძალიან ადამიანური უნარი, იყოს მშვიდად (სიმშვიდე მისი მუდმივი იდეალია). დიდი ისტორიული ფუნქციის გარეშე ზარდოს შვილები და უბრალოდ ისაუბროს ამ ცხოვრებაზე. არადა, ამ ემოციაზეა სწორედ ჩვენი პოსტმოდერნული კულტურა აგებული.


– სასპენსის მდგომარეობაში ყოფნა  გვიზიდავს ალბათ, ყველაზე მეტად...


- კარგი ტექსტი აქვს მილან კუნდერას „აუჩქარებლობა“. მონოტონური არსებობა, როცა არსად გეჩქარება, არაფერს ებრძვი. უბრალოდ, მანქანით ადგახარ გზას, ის უხიფათოა, და შენც არავითარი საჭიროება არ გაქვს სიჩქარის. რატომ უნდა გადაასწრო სხვას? არ იცი, მაგრამ არ შეგიძლია, რადგან აუჩქარებელ, უბრალო ყოფნაში, ჩვეულებრივ, მარტივ ყოფაში სიკვდილს ხედავ, მკვდართან ასოცირდები თუ სიკვდილის მოლოდინში არ ხარ, სიკვდილის ზღვარზე არ იმყოფები. სიცოცხლე გაიგივებული გვაქვს მოქმედებასთან. მთავარი ის კი არაა, რა ხდება. მთავარია რომ ეს ხდება, სიცოცხლე ჩქეფს...


–პოლიტიკურ რეკლამას რომ ვუყურებთ, პოლიტიკოსების შეპირებებს ვისმენთ – ის გზა, ის რიტორიკა, ის ტონი და აქცენტები, რაც მათ აქვთ არჩეული, როგორ ახასიათებს ამ ხალხს? ანუ ამ რეკლამების მიხედვით როგორ საზოგადოებად მიგვიჩნევენ პოლიტიკოსები? რა წარმოადგენა აქვთ ჩვენზე? მათი აზრით, ვის ელაპარაკებიან?


- ეს კარგი კითხვაა, რამდენადაც საზოგადოებრივი ურთიერთობების ფუნდამენტს წარმოადგენს. რიტორიკა განსაზღვრავს ადამიანთა შორის ურთიერთობის ხასიათს და აყალიბებს იმ იერარქიას, რომელიც ამ რიტორიკაშია დამკვიდრებული. ჩვენს რიტორიკაში კი არსებობს მხოლოდ ერთადერთი იერარქია, მაღალის და მდაბალის, მმართველის და მართულის და ა. შ.


ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური მოთხოვნები მიემართებიან ზემოდან ქვემოთ, დამკვეთი არის ხალხი და ეს წესი ჩვენთანაც შენარჩუნებულია, მაგრამ არ არის მკვეთრი განსაზღვრება, რას ნიშნავს საერთოდ პოლიტიკური მოთხოვნა. ზუსტად ჩვენი გაუნათლებელი პოლიტიკოსების რიტორიკაში იგივდება მოთხოვნა მოთხოვნილებასთან (მინდა გითხრათ, რომ აქ ეშმაკობა ძალიან ნაკლებია). ქართველი პოლიტიკოსები ხალხს ელაპარაკებიან ე. წ. „მათ ენაზე“. ეს არის მოთხოვნილებებზე მანიპულაციის იარაღი და ძირითადად მორალისტურ დაპირისპირებებს შობს, აგებს უზარმაზარ კედელს მართველსა და მართულს შორის. ეს ეხება აბსოლუტურად ყველას საქრთველოში.


რამდენი არჩევნებიც ჩატარდა საქართველოში, ჯერ საპრეზიდენტო პროგრამა ჩვენ არ გვინახავს, ასეთი რამ არც არსებულა. გაასაგებია, რომ აშენებ და ეს კარგია, მე ვხედავ ამას, მაგრამ ხომ შეიძლება ამ ხედვას გავცდეთ და რაიმე ისეთი დამანახო, რაც არ ჩანს.


– ის, რაც ხილულია როგორი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა? მაინც რა აშენებს სახელმწიფოს?


– დიდ სახელმწიფოებს ქმნიან ხალხები. რასაკვირველია, პიროვნებათა ხელით. სახელმწიფოს ქმნის ერი და კულტურა. დავით აღამაშენებელი ვიდრე მოვიდოდა, უზარმაზარი  კულტურული სამუშაო ჰქონდათ ქართველებს ჩატარებული. ჩვენ ვიცით, რა ამბიციურად და აგრესიულად უტევდნენ ახალი ათენისა და ახალი იერუსალიმის შემქმნელი ხალხი ბიზანტიურ კულტურას, რათა გამოეგლიჯათ მისთვის კულტურული და პოლიტიკური დომინანტის ფუნქცია. რა თქმა უნდა, ეს უკვალოდ არანაირად არ ჩაივლიდა. ისე არ არის, როგორც დღეს ჰყვებიან, უხეშად ვიტყვი – მოვიდა დავითი, ერთი კრება ჩაატარა და დაალაგა ეკლესია და ქვეყანა. ვისაც ამის სჯერა, იდიოტია.


        და ამის რომ ბევრს სჯერა?!


– ბევრს სჯერა, რადგან ასეთი იდიოტობებითაა სავსე მთელი ქართული ისტორიოგრაფია, სადაც არ არის ინტიტუციონალიზმის არანაირი განცდა და ანალიზი და ყველაფერი დაკიდებულია პიროვნებებზე. არა პიროვნებაზე, როგორც ღირებულებაზე, არამედ ავტორიტეტზე.


–კულტურის გარეშე არ ხდება ალბათ, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაც..


- მოქალაქის პატივისცემა უნდა გქონდეს, ცნება „მოქალაქე“ უნდა დავამკვიდროთ. ცნება „მოქალაქე“ უფრო მაღლა უნდა დადგეს მაგალითად, ცნებაზე „მართლმადიდებელი“. ჩემი მთავარი წიგნია კონსტიტუცია, სადაც სამართლებრივი წონასწორობაა დაცული პიროვნებებს შორის და არა ბიბლია, სადაც მომთაბარე კეთილია, მიწათმოქმედი კი – ბოროტი. 


რას ნიშნავს მოქალაქე? ეს არის ავტონომიური სუბიექტი საკუთარი უფლებებით, რომელთა შორის უმთავრესია საკუთრების უფლება.იქედან, საიდანაც ე.წ. „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ ისტორია იწყება, იწყება დავა იმაზე თუ რატომ შემოღობა პირველად ადამიანმა მიწის რაღაც ნაკვეთი და თქვა – ეს ჩემია. რადგან საკუთრების საკითხი საზოგადოებრივი ხელშეკრულებისთვის, რომელიც არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი შეთანხმების პროდუქტი, უპირველესია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პიროვნების გაგებასთან, როგორც ყოფიერ არსებასთან. და ამ შემთხვევაშიც ახლა საკუთრება ლაპარაკობს პიროვნებაზე და არა პიროვნება საკუთრებაზე. საკუთარი ადგილის ფლობა აუცილებელია აზროვნების დასაწყებად, მსჯელობის დასაწყებად, რაც ჩვენში ჯერ კიდევ ოცნებაა, რადგან საკუთრება არ ვიცით რა არის, არც არსებობს ასეთი ფუნდამენტური საფუძველი პიროვნებისთვის დღეს საქართველოში.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა