|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,დიახ, ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი"- ბაგა-ბაღის ახალი გამგე

 ბაგა-ბაღების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ბაღდათში ვნებათაღელვა არ ცხრება. ხმაურის  ფონზე განახლდა სასწავლო პროცესი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის #2 ბაგა-ბაღში. გათავისუფლებულმა ბაღის გამგემ და მასწავლებლებმა, შენობის წინ აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა გათავისუფლებული პედადობების სამსახურში დაბრუნებაა.  ,,მოვითხოვთ, ძველი თანამშრომლები დაბრუნდნენ თავიანთ ადგილებზე,  თუ  მათი გაშვების აუცილებლობა არსებობს, მაშინ მოხდეს ამის დასაბუთება. არ შეიძლება ამ ხნის სტაჟის მქონე პედაგოგების ასე ერთი ხელის მოსმით სამსახურიდან გაშვება“,- აცხადებს ერთ-ერთი მშობელი ნატო კოხოძე.

 სამსახურებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მათ ნაცვლად სამსახურში სხვა კადრების აყვანას აპრტოტესტებენ.  "თუ შტატების შემცირებაა, ახალი კადრები  რატომ მიიღეს? წელიწად ნახევარია, რაც ამ ბაღში ვმუშაობდი, მე გამათავისუფლეს შტატების შემცირების მოტივით,  თუმცა შემდეგ ჩემს ადგილზე ახალი კადრი  მოიყვანეს. პირადად ჩემს გათავისუფლებას რას უკავშირებენ, არ ვიცი, როდესაც გაერთიანების  უფროსთან შევედი, განმიცხადა, შენი გადასაწყვეტი არ არის, ვის დავნიშნავ და ვის გაუშვებო“,- აცხადებს ყოფილი თანამშრომელი ნანა ტაბეშაძე.

  დიმის #2 ბაგა-ბაღიდან გათავისუფლებული პედაგოგები ბაღებში ,,გაბერილ“ შტატებზედაც საუბრობენ:  ,,წინა გაერთიანების ხელმძღვანელზე ამბობდნენ, შტატები აქვს გაბერილიო და გაბერილი შტატები ამათ რომ აქვთ, ისე უნდა.  ხუთი და ექვსი თანამშრომელი დაამატეს  ამავე სოფლის სხვა ბაღში, ჩვენთან კი დამატებით ორი თანამშრომელი მიიღეს“ ,- აცხადებენ ისინი.

  ამავე ბაგა-ბაღის ყოფილი გამგე იამზე ახვლედიანი კი ახალი კადრების არაკვალიფიციურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი დანიშვნა პარტიულობის ნიშნით მოხდა: "ის პედაგოგები, რომლებიც სამსახურში აიყვანეს, არ არიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონეები. ისინი სამსახურში პოლიტიკური ნიშნით აიყვანეს“, - აცხადებს ახვლედიანი.

   ,,ნიუპრესი“ N2 ბაგა-ბაღის ახალ გამგეს ნინელი მშვილდაძე გაესაუბრა, ის ადასტურებს იმ ფაქტს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იყო კოალიცია ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორი და ამავდორულად ბაღდათის საკრებულოს გავლენიანი წევრის, თინა კელენჯერიძის მეგობარია.  ,,დიახ, ვიყავი ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორი და ამავდროულად ვარ თინა კელენჯერიძის მეგობარიც. უმაღლეს განათლებასთან ერთად ნამდვილად მაქვს ის დამსახურება, რომ მე დავსაქმებულიყავი და მადლობა ,,ქართული ოცნებას“ ამისთვის“, - აცხადებს მშვილდაძე.

  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ბაგა-ბაღების გაერთიანების  ხელმძღაველი ნინო გრძელიძე. მიუხედავად ნიუპრესის მრავალგზის მცდელობისა, გრძელიძე თავს არიდებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.

   ბაღდათის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელისაგან განსხვავებით, კომენტარის გაკეთებაზე უარი არ უთქვამს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, ირაკლი ნერგაძეს. მისი თქმით, თანამშორმელთა გარკვეული რაოდენობა რიგი მიზეზების გამო სამსახურიდან ნამდვილად გათავისუფლდა, თუმცა მათ მაგივრად სხვების აყვანა  პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.  #2 ბაგა-ბაღის გამგის შემთხვევასთან დაკავშირებით, ნერგაძემ  განმარტა, რომ ასეთი ფაქტები ერთეულებია და ამას მასიური სახე არ აქვს.

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე