ყველაზე ახალგაზრდა მაჟორიტარის იდეალი ქვეყნის პრეზიდენტია
დემეტრე ჩხუტიაშვილი საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატია. იგი 21 წლისაა და ,,ქართული ოცნებიდან“ დუშეთის საკრებულოში ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს. როგორც Newpress .ge-სთან საუბარში აღნიშნავს, მისი იდეალი ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც მის ქალაქში ცხოვრობს.
-რა ასაკში გადაწყვიტე, რომ პოლიტიკაში უნდა წასულიყავი?
ბავშობიდან ამ საქმეში ვარ. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, რომ აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკაში.
-რაიმე კონკრეტული მოვლენამ გიბიძგათ პოლიტიკისკენ, თუ ეს შენი მოწოდებაა?
-ვფიქრობ, რომ პოლიტიკა ჩემი საქმეა.
-პოლიტიკური
საქმიანობა ,,ქართულ ოცნებით" დაიწყე?
-"ქართული ოცნება" პირველი პარტიაა, რომლის წევრი ოფიციალურად ვარ, ასევე ვარ რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრი. „ქართული ოცნება“ არის პირველი პოლიტიკური ძალა, რომლის მუშაობაში აქტიურად ჩავერთე, ჯერ კიდევ 1 ოქტომბრამდე ვხელმძღვანელობდი, რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდულ ფრთას.
-რამდენად რთულია იყო მაჟორიტარი დეპუტატი, მითუმეტეს შენს ასაკში?
-ეს ჩემთვის პატივიცაა და პასუხისმგებლობაც, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვოცნებობ ჩემი კუთხის აყვავებაზე და ადამიანების კეთილდღეობაზე, სწორედ ეს მაძლევს ძალას, ვიყო ამ პოზიციაზე. დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანების უმრავლესობა ნდობას გიცხადებს, უნდა გაამრთლო მათი იმედები.
-გიფიქრია თუ არა სხვა პროფესიაზე?
-რა თქმა უნდა. სიმართლე გითხრათ, ვიცი, რომ დადგება ის დრო, როცა, ალბათ, პოლიტიკაში აღარ ვიქნები აქტიურად ჩართული. მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, ალბათ, სკოლაში ჩავატარებ გაკვეთილებს, ძალიან მიყვარს ეს საქმე.
-რომელი საგნის მასწავლებლად შეიძლება მოგვევლინოს დემეტრე ჩხუტიაშვილი?
-ქართული ენის და ლიტერატურის, ძალიან მიყვარს ეს საგანი და პროფესია. ეს საქმე გენეტიკურად მომყვება ოჯახიდან.
-გიფიქრია თუ არა შენი მშობლიური კუთხიდან წასვლა და სხვაგან ,,გადაბარგება" უკეთესი მომავლის და კარიერის მიზნით?
-არასოდეს. მე ძალიან მიყვარს ჩემი მხარე, მშობლიური დაბა ჟინვალი, სადაც დავიბადე, სკოლა დავამთავრე და პიროვნებად ჩამოვყალიბდი. არ ვიცი, შეიძლება როდისმე ეს მოხდეს, მაგრამ ადვილი არ იქნება.
-როგორია პოლიტიკის მიღმა დემეტრე ჩხუტიაშვილი?
-ძალიან მხიარული, მეგობრული. მიყვარს თავისუფალ დროს მეგობრებთან ყოფნა.
-შენი საყვარელი ფრაზა
-დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან, მე კი საწინააღმდეგო მიმართულებით მოცურავე კალმახი ვარ :)))
-რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება?
-ძალიან ბევრ რამეს, ამაზე შემიძლია დიდხანს საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ თავისუფლება ჩემთვის ბევრ რამეში გამოიხატება.
-ცხოვრებაში არასოდეს ... როგორ დაასრულებ ამ ფრაზას?
-...წავსულვარ ჩემი პრიციპების წინააღმდეგ!
-გაგჩენიათ თუ არა სურვილი დროის უკან დაბრუნების და რაიმეს შეცვლის?
-კი ყოფილა ასეთი შემთხვევები ჩემს ცხოვრებაში და არაერთხელ.
-ბოდიშის მოხდა ადვილად შეგიძლია?
-ბოდიში არაა ისეთი სიტყვა, რომ დღეში შვიდჯერ იხდიდე. მე ვფიქრობ, რომ ბოდიშის მოხდა სამარცხვინო არაა და თუ მართლა დამნაშავე ვარ, შემიძლია ღირსეულად მოვიხადო ბოდიში.
-ვინ არის ის პოლიტიკოსი, რომლიდანაც ყოველთვის აიღებ მაგალითს?
-ჩემთვის იდეალი ჩემი პრეზიდენტია, რომელიც ჩემივე ქალაქში ცხოვრობს, მას ძალიან ვაფასებ და პატივს ვცემ, როგორც ქვეყნის პირველ პირს და ადამიანს ძალიან ჭკვიანი და განათლებული. და რაც მთავარია აქვს საკუთარი აზრი!
ავტორი: გიგა გელხვიიძე