|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძაღლების 6 თვიანი ამნისტია ქუთაისში

ძაღლების ქუთაისის ქუჩები მასიურად გამოჩენამ მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.  Newpress.ge დაინტერესდა,  როგორ  მოხდა  ძაღლების „მასშტაბური ამნისტია“ და რას გეგმავს ქუთაისის მერია ამ საკითხთან დაკავშირებით. 

როგორც გაირკვა,  ქუთაისის მერიამ ძაღლსაშენის მოსაწყობად ტენდერი სამ დღეში  ჩაატარა და გამარჯვებულიც გამოავლინა. 64 ათასიანი ტენდერი შპს „უნივეს ჯგუფმა“ მოიგო.

 ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურული განვითარების, კეთილმოწყობის, დასუფთავების სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, მაწანწალა ძაღლების დაჭერა და გაშვება ადრეც ხდებოდა და წელს განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა.  „ხდებოდა ძაღლების დაჭერა, ვოლიერებში განთავსება. მაგალითად 100  ძაღლიდან  გარკვეული ნაწილი, რომელიც შემოწმებული  და ვეტერინარის მიერ აცრილი იყო  ცოფზე,  ხდებოდა მათი გამოშვება ჩვეულებრივად.   წლების განმავლობაში ასე იყო:  როცა მთავრდებოდა  ხელშეკრულება,  ხდებოდა ძაღლების ვაქცინაცია, შემოწმება და პერიფერიებში გაშვება.  იგივე მოხდა ახლაც. ბოლო ეტაპზე დარჩენილი იყო 24 ძაღლი, რომელთაც ჩაუტარდათ ვაქცინაცია და მოხდა  მათი გამოშვება“, -განუცხადა Newpress.ge  მალხაზ ბასილაძემ.

 როგორც ჩანს,  აცრილი ძაღლებისათვის დაავიწყდათ გაფრთხილების  მიცემა, რომ მათ გადაადგილების უფლება მხოლოდ პერიფერიებში აქვთ და არა ქალაქის ცენტრში, სადაც ისინი თავისუფლად და ჯგუფ-ჯგუფად დასეირნობენ და არსებობისათვის   ლუკმას თვთონ ეძებენ.

ქალაქის თვითმმართველობის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტის თანახმად, ქალაქში იკრძალება ცხოველების გადაადგილება. სხვაგვარად ფიქრობს მერიის ინფრასტრუქტურული განვითარების, კეთილმოწყობის, დასუფთავების სამსახურის უფროსი  მალხაზ ბასილაძე, რომელიც  ირწმუნება, რომ მერიას ძაღლების გაშვებით არაფერი დაუშავებია.  მისივე თქმით, მსგავსი სიტუაცია საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია. „თუ მოსახლეობას დაბირკული ძაღლი შეაწუხებს, მას დაიჭერენ.  თბილისში და სხვა დიდ ქალაქებშიც ასეთივე სიტუაციაა,  არის გაშვებული ის ძაღლები, რომლებსაც ბირკები აქვთ“,- განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.

მერიის სამსახურის უფროსი გაკვირვებულია, თუ რატომ გამოიწვია  ქალაქში ძაღლების სიმრავლემ ასეთი აჟიოტაჟი. მისი თქმით, „ ფაქტი არ არის დაფიქსირებული, რომ ვინმე მაწანწალა ძაღლის კბენით დაავადებულიყო.  ეს მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ცოფისაგან  გარდაიცვალა,  საკუთარმა ძაღლმა დადორბლა და არა მაწანწალა ძაღლმა“-განაცხადა მან.



ძაღლების „სვაბოდაზე“ გამოშვების  ამ ფორმაში დანაშაულს ხედავს საკრებულოს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატი,  ბესიკ ბრეგაძე.  მისი თქმით, თუ წლების მანძილზე დაჭერილ ძაღლებს იჭერდნენ და უშვებდნენ,  საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს:  „ჩვენ შემსრულებელს თანხას ვაძლევთ ძაღლის დაჭერა გაყვანაზე და რა გაშვებაზე. თუ ეს ასე ხდებოდა და დაჭერილ ძაღლებს მერე უშვებდნენ,  დაგიკონკრეტებთ,  რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,  ეს არის ბიუჯეტის გაფლანგვა, უფლებამოსილების გადამეტება“,- აცხადებს  ბესიკ ბრეგაძე.

 საკრებულოს დეპუტატს   შენიშვნა ტენდერის გამოცხადების ვადებთანაც აქვს. ის აცხადებს,  რომ ტენდერის გამოცხადება გაცილებით ადრეც  შეიძლებოდა: „თუ ტენდერის ვადა იწურებოდა,  გამარჯვებული  წლის დასაწყისში უნდა გამოევლინათ, რომ შესრულება დაეწყოთ, ან თუნდაც ერთთვიანი ხელშეკრულება დაედოთ და  ქალაქში ეს კატასტროფული მდგომარეობა  თავიდან ეცილებინათ. მართალია,  თქვეს აცრილიაო,  მაგრამ ქალები და ბავშვები თავს დაცულად მაინც ვერ გრძნობენ“,- აცხადებს ბრეგაძე.

 ტენდერის გამოცხადების ვადებს და ქალაქში შექმნილ სიტუაციას   არც უმრავლესობის წევრი და „რესპუბლიკური“ პარტიის დეპუტატი ნატო ქათამაძე იწონებს.  ქათამაძეს  მიაჩნია, რომ ტენდერის ადრე გამოცხადება ქალაქს პრობლემას აარიდებდა.  „ არანაირი არგუმენტი არაა ის, რომ ამბობენ ძაღლი აცრილია ან გავლილი აქვს სპეციალური შემოწმება.  ვიზიარებ მოსახლეობის შეშფოთებას,  ეს პრობლემა არ უნდა იდგს ახლა, შესაძლებელი იყო ტენდერი უფრო ადრე გამოგვეცხადებინა, არ ჩავრდნილიყო და შესაბამისად, დღეს სავალალო მდგომარეობაში არ ვიქნებოდით.  ვფიქრობ,  უფრო ადრე უნდა ეზრუნა მერიას თავისი ქალქის უსაფრთხოებაზე.“- განუცხადა Newpress.ge -ს ნატო ქათამაძემ.

  

ტენდერებში გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებებს რაც შეეხება, ასეთია, მას ევალება:  ძაღლის შენახვა, დაბანა,  გაწმენდა, დაბირკვა, კასტრაცია და სამედიცინო შემოწმება.

„წლების განმავლობაში ერთწლიანი ხელშეკრულება იდებოდა. იქ იყო გათვალისწინებული დაჭერა, სამედიცინო შემოწმება და გაშვება.  ტენდერში გამარჯვებულისათვის  მაქსიმალურად რომ მოგვეთხოვა ევროსტანდარტების ტიპის შენობა, ეს   მეწარმეს ცუდ პირობებში  ჩააყენებდა, ამიტომ შევეცადეთ მინიმალური მოთხოვნები  ჩაგვედო პირობებში,- განაცხადა მალხაზ ბასილაძემ. 

მისი თქმით, თუ ევროსტანდარტების ტიპის შენობას გააკეთებენ,  ეს ადგილობრივი ძაღლებისათვის ზედმეტი ფუფუნება იქნება: “ანუ გავაკეთებინებთ ისეთ რაღაცას,  რასაც მოხმარება არ ექნება. ეს მეწარმის ზარალი იქნებოდა,  ამიტომ შევეცადეთ მინიმალური მოთხოვნები  ჩაგვედო ტენდერში, ესენია:  ძაღლის შენახვა, დაბანა,  გაწმენდა, დაბირკვა, კასტრაცია და სამედიცინო შემოწმება“,- განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.

ტენდერში გამარჯვებული შპს „უნივეს ჯგუფი“, ძაღლების თავშესაფარს ძველ ადგილას მოაწყობს, ავტომშენებლის 49-ში. კომპანიამ ძაღლების თავშესაფარის მოწყობა უკვე დაიწყო.

როგორ გაირკვა, ახალი მუნიციპალური ძაღლსაშენის აშენების შემდეგ, ქალაქში  ძაღლების მასიური გაშვება აღარ მოხდება. „ისინი ძაღლსაშენს მაშინ დატოვებენ, როცა მათი წაყვანის სურვილი გაუჩნდებათ“,- განაცხდა მალხაზ ბასილაძემ.

სანამ ეს მოხდება,  ძაღლები  ქალაქის ქუჩებში დარჩებიან. თავისუფალი გადაადგილების უფლებით ისინი კიდევ 6 თვე  ისარგებლებენ,  ამის შემდეგ კი ახალ თავშესაფარში გადაინაცვლებენ. 


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა