„იყიდება ან ქირავდება“
„იყიდება ფართი“, “ქირავდება“, „იყიდება ან ქირავდება“, - ამგვარი წარწერა, როგორც წესი, საზოგადოების იმ ნაწილს აინტერესებს, რომელიც ბიზნესით არის დაკავებული. თუმცა ბოლო დროს, იგი რიგითი მოქალაქეებისთვის, სიმრავლის გამო, შესამჩნევი ხდება.
"Newpress.ge" აღნიშნული თემით დაინტერესდა და მოკვლევა
ქალაქის მასშტაბით დაიწყო. მიუხედავად იმისა,
რომ მაღაზიის მეპატრონეებისა და გამყიდველებისგან ერთგვაროვან პასუხს ვიღებდით,
მაინც შევეცადეთ საკითხი სიღრმისეულად შეგვესწავლა. სამწუხაროდ, რესპოდენტთა უმრავლესობა
ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.
ძვირადღირებული მაღაზიებით საზოგადოების მხოლოდ მცირე
ნაწილი სარგებლობს, უმეტესობა კი შედარებით
ხელმისაწვდომ ფასებს ამჯობინებს. რა თქმა უნდა, ფასი ყოველთვის ხარისხზე არ მიანიშნებს,
თუმცა, ზოგადად, კარგი მრჩეველია. როგორც ტანსაცმლის ერთ-ერთი მაღაზიის მომსახურე პერსონალი
აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქონელი
დაბალი ფასებით გამოირჩევა და ხარისხის გარანტიაც არ არსებობს, მყიდველის ნაკლებობას არასდროს უჩივიან. „ჩვენი მაღაზია სხვა ბრენდული მაღაზიებისგან იმით გამოირჩევა, რომ მოთხოვნად პროდუქციაზე საკმაოდ
დაბალი ფასებია, რაც კლიენტების ინტენსიურ შემოდინებას იწვევს. შესაბამისად, ჩვენს
მაღაზიაში ხშირადაა ხალხმრავლობა, თუმცა არის პერიოდი, როცა ხალხის სიჭარბითაც არ გამოვირჩევით
და როცა დაჯდომასაც ვერ ვახერხებთ, რაც ნორმალურია და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული“,-ამბობს
მაღაზიის თანამშრომელი.
იგივე შეიძლება ითქვას სხვა დაბალფასიან მაღაზიებზე. „მომხმარებელი ჩვენს მაღაზიას იშვიათად
აკლია, მაგრამ განსაკუთრებული სიმრავლე, როგორც წესი, გაზაფხულზე შეინიშნება. თუმცა
არის პერიოდი, როცა მყიდველი იშვიათად შემოდის, რაც, ვფიქრობ, კოლექციის სიახლეზეა
დამოკიდებული“,- აღნიშნავს მომსახურე პერსონალი.
ასეთი მაღაზიები ქუთაისში არცთუ მრავლადაა. უფრო ხშირად
ნახავთ მაღაზიებს, სადაც სავაჭრო ნიშნების ნაცვლად არის ტრაფარეტი: „იყიდება“
ან „ქირავდება“.
სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“, ასევე ქალაქის ცენტრში მდებარე
რამდენიმე მაღაზია, მათ შორის “სენა SENA “ პატარა ბიზნესის დიდ პრობლემებს ადასტურებს. მაღაზიის
მეპატრონეები კლიენტთა რაოდენობას უჩივიან, რაც მათი მუშაობის პარალიზებას იწვევს.
აღნიშნულ პრობლემას ისინი პირდაპირ უკავშირებენ ბოლოდროინდელ ეკონომიკურ ცვლილებებს,
რომელმაც მომხმარებლის მყიდველუნარიანობა საგრძნობლად შეამცირა. „შედარება რომ გავაკეთო,
ბოლო ორი თვეა, იმ მომხმარებლის ნახევარიც აღარ შემოდის, რაც მანამდე იყო. ყველა სართულზე
ასეა. ქირის ფულსაც ვეღარ ვიხდით. ხალხს საშუალება აღარ აქვს. მთავრობა არაფერს აკეთებს
მცირე ბიზნესისთვის. ლარის გაუფასურებამ მიგვიყვანა
ამ შედეგამდე და ვფიქრობ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. ამიტომაც ხედავთ ყველა
სართულზე დაცარიელებულ ფართს, რომელიც ან იყიდება, ან ქირავდება,“ -ამბობს „ქარვასლას“
ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი.
მათივე თქმით, მთავრობა ვალდებულია მცირე ბიზნესი ამ
მდგომარეობიდან გამოიყვანოს, რათა სიტუაცია
უფრო არ დამძიმდეს: „ჩვენ რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. ახლა მთავრობის თანადგომა გვჭირდება.
გამოგვიყოს თანხა, რომ ვიარსებოთ ჩვენი ბიზნესით. თუ ასე გაგრძელდა მალე, ალბათ, მთელი
ცენტრი გაიყიდება. აღარავინ შემოდის, ნამდვილი მყიდველი იშვიათი გახდა. ლარის გაუფასურებამ
ძალიან დაგვაზარალა. ერთი, რომ ჩვენ გვიჭირს პროდუქციის შემოტანა და მეორე, რომ კლიენტებმა
საგრძნობლად იკლო. ბანკიდან პროცენტიანი ვალის აღება, ორმაგი ზარალი გამოვა ამ პერიოდისთვის.
გამოსავალი უნდა არსებობდეს,“-აცხადებს ერთ-ერთი
თანამშრომელი ჩვენთან საუბარში.
2015 წელი, ხელისუფლების ცნობილი დაპირების თანახმად, დადებით ასპექტში, საგრძნობი უნდა ყოფილიყო საზოგადოების ყველა ფენისთვის, თუმცა ჯერ მხოლოდ თებერვალია.
ავტორი: იზა მოდებაძე