რას აღნიშნავენ ქუთაისში „ნაციონალები“?
ამ წუთებში ქუთაისში „ნაციონალები“ ავტოკოლონებით საზეიმო
მსვლელობას აწყობენ. მმართველი პარტიის აქტივისტების
საზეიმო განწყობამ მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია. „მკვლელები, რა უქნეს პატიმრებს,“
– ამგვარია მოქალაქეთა რეაქცია ქალაქში მოძრავი
„ნაციონალების“ ავტოკოლონის მიმართ.
მმართველი გუნდის აქტივისტებმა მსვლელობისათვის მზადება
დღეს, 12:00 საათისთვის, მრეწველთა სახლის შენობის წინ დაიწყეს. აღნიშნულ შენობაში
პარტიის საარჩევვნო შტაბია გახსნილი.
ხუთჯვრიანი დროშებით გაფორმებული ავტოკოლონებით „ნაციონალები“
ქალაქის მასშტაბით გადადგილდებიან.
მმართველი პარტიის ქუთაისელ აქტივისტებს მხარს უჭერენ
და მათ მსვლელობაში მონაწილეობენ ქუთაისის
მერიის თანამშრომლებიც, რომლებიც ამ დროისთვის შვებულებით სარგებლობენ. მათ შორის არის ქალაქის ყოფილი მერის და ამჟამად
პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის
გიორგი თევდორაძის თანაშემწე შოთა კოჩაძე. ის 4 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე ოფიციალურად, შვებულებაში იმყოფება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე