|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სცენა ის ადგილია, რომელიც ყოველთვის მიყვარდა“- მაგდა ჩიხლაძე

თეატრი ის ადგილია, სადაც  ყოველდღე სასწაული ხდება- ჩვეულებრივი ადამიანი გამოგონილ პერსონაჟად გარდაისახება და მაყურებლის თვალწინ ირეალურ სამყაროს რეალურად აქცევს.  როგორ  გარდაისახებიან  მსახიობები ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში და  ვინ არიან ისინი სინამდვილეში, ამის გარკვევას   “Newpress.ge” მსახიობ  მაგდა ჩიხლაძესთან საუბარში შეეცადა.

მსახიობი მაგდა ჩიხლაძე  ამბობს, რომ ბუნებით  შემოქმედი ადამიანია. მთელი არსებით უყვარს თავისი საქმე და ბედნიერია, როცა სცენაზეა.  მან ბავშვობის  სურვილი  აისრულა  და ახლა კმაყოფილია იმით, რაც აქვს.  „შემოქმედი ადამიანი ვარ. მთელი არსებით მიყვარს ჩემი საქმე. ბედნიერი ვარ, როცა სცენაზე ვდგავარ და ვხვდები, რომ ეს ის ადგილია, რომელიც ყოველთვის მიყვარდა. რაც შეეხება ჩემს პროფესიასა და გადაწყვეტილებას, ეს ბავშვობის ოცნებაა და ვფიქრობ, საწადელს მივაღწიე. წლების წინ, აქ თეატრალური სტუდია იყო, სადაც ვთამაშობდი. მასიური სცენებიც მქონდა, როგორიც იყო: „ათვინიერებენ მიმინოს“, „სიყვარულსა და სიკვდილში-არ არსებულში“ და სხვა. ქორეოგრაფიული სტუდია დავამთავრე, ასევე მუსიკალური,  ამ ყველფერმა თეატრალურ სამყაროში მომიყვანა, რომელიც ასე შემიყვარდა“, -ამბობს მაგდა ჩიხლაძე.

 როგორც მსახიობი ამბობს, ის ახლა  სხვა ბავშვებსაც ეხმარება ოცნების ასრულებაში.  „გარდა მსახიობობისა, პედაგოგობაც მიწევს, ბავშვთა სტუდიაშიც ვმუშაობ. მაქვს დამოუკიდებელი "ფორუმ თეატრი", ასევე ახალგაზრდული თეატრი „აპლოდისმენტები“. თაობებს ვზრდი და ვცდილობ, თეატრი შევაყვარო, სამსახიობო უნარ-ჩვევევი განუვითარო მათ. როცა  მათი მხრიდანაც ვამჩნევ ინტერესს, ძალიან მსიამოვნებს,“-ამბობს მსახიობი.

ამბობს, რომ ქალაქის თვითმმართველობიდან მხარდაჭერას გრძნობს და ცდილობს ამ მხარდაჭერით ისარგებლოს და სხვადასხვა პროექტები განახორციელოს.  „პროექტის გაკეთება მინდა.  შეტანილიც მაქვს განაცხადი  მერიაში. წინასწარ თქმა არ მინდა,  რა არის და როგორ, ვნახოთ, რა გამოვა. ვიცი, რომ მსახიობებს უფინანსებენ მსგავს აქტივობებს.  მხარდაჭერას ვგრძნობ, სხვადასხვა ქალაქებშიც დავდივართ ჩვენი წარმოდგენით. თუმცა, რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება ყოველთვის შეიძლება,“-გვეუბნება მაგდა ჩიხლაძე.


მსახიობი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები უპირატესობას იმ პროფესიას ანიჭებენ, სადაც მეტი შემოსავალია. მსახიობობა კი  საქართველოში კარგი ანაზღაურებით არ გამოირჩევა.

„მსახიობობის ინტერესი აქვთ, მოსწონთ კიდეც ახალგაზრდებს, მაგრამ ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. ამის მიზეზი კი, ალბათ, ის გახლავთ, რომ მსახიობი საქართველოში სათანადოდ დაფასებული არაა. ჩვენი ქვეყანა,  ალბათ, ერთადერთია, სადაც ხელოვნებას სათანადოდ არ აფასებენ“, -გვეუბნება ჩიხლაძე.

კითხვაზე, თუ როგორი ინტენსივობით ესწრება მაყურებელი სპექტაკლებს, მსახიობი ასე გვპასუხობ : „დარბაზი სავსე თითქმის არასდროსაა, თუ არის,  მხოლოდ მაშინ, როცა დაგეგმილი წარმოდგენა იმართება. ყველა თაობის მაყურებელი შეინიშნება, თუმცა არც ისე ბევრი. არიან ადამიანები, რომლებსაც უყვარს თეატრი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო,  სპექტაკლებზე დასწრებას ვერ ახერხებენ. მხვდებიან ხოლმე გზაში და მეუბნებიან, რამდენი ხანია, არ დავსწრებივარ სპექტაკლსო. სამწუხაროა, რომ დავკარგეთ თეატრში სიარულის კულტურა,“-ამბობს ჩიხლაძე.

მისი თქმით, იმისათვის, რომ სპექტაკლებზე იარო, პირველ რიგში ეკონომიური საშუალება უნდა გქონდეს, შემდეგ - სილაღე და განწყობა: „თეატრში სიარულისთვის უპირველეს ყოვლისა ეკონომიური  შესაძლებლობაა საჭირო, შემდეგ  სილაღე, განწყობილება. განწყობა უნდა გქონდეს, რომ გაინტერესებდეს,  რას შემოგთავაზებს ესა თუ ის მსახიობი, როგორ გარდაისახება შენს წინაშე.  ჩვენი თეატრი ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი ტრადიციებით,  საოცრად ნიჭიერი  მსახიობებითა და რეჟისორებით. გვაქვს საინტერესო რეპერტუალი, თუმცა  დარბაზი მაინც ნახევრად ცარიელია“,- გვეუბნება მსახიობი.

მისი თქმით,  თანამედროვე ტექნოლოგიები თეატრს სერიოზულ კონკურენციას უწევს:  „ის, რომ თეატრის მიმართ ინტერესი შენელებულია, გლობალური პრობლემა, ეს   თანამედროვე ტექნოლოგიების დამახურებაცაა, ამ პრობლემის გადასაჭრელად რაღაც  უნივერსალური ხერხის შემუშავებაა საჭირო, “-ამბობს მაგდა ჩიხლაძე,   თუმცა  მსახიობი აქვე  აღნიშნავს, რომ  იმ  ცოცხალ ურთიერთობას, რომელსაც თეატრი სთავაზობს მსაყურებელს,   ვერავითარი  ტელევიზია ვირტუალური სივრცე   ვერ შეედრება.

ავტორი: იზა მოდებაძე