ნარკომანიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით საქართველო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა
მიმდინარე წლის 19 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ასევე მოხვდა ანგარიში საქართველოში 2014 წლის განმავლობაში ნარკოტიკულ დანაშაულთან და ზოგადად, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მოცემულ ანგარიშში პოზიტიურად იქნა შეფასებული აღნიშნული კუთხით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებები. კერძოდ, ანგარიშში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში 2,7 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სახმელეთო გზით გადატანილი ჰეროინის ამოღების, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ ოდენობას წარმოადგენს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის 2014 წლის განმავლობაში განხორციელებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამერიკის დახმარება ქართული მხარისთვის ტრენინგების და სასწავლო ვიზიტების ორგანიზების, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწყებათშორისი ანტინარკოტიკული კინოლოგიური დანაყოფის შექმნის კუთხით.
ანგარიშში ასევე პოზიტიურად აღინიშნა საქართველოს მიერ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და მისი 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მიღების ფაქტი. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია ნარკოდამოკიდებულებისა და მისგან გამოწვეული ზიანის შემცირებაზე, საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე მონიტორინგის, კოორდინაციის და საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე.
გარდა ამისა, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც დაარეგულირა ნარკოტიკების უკანონოდ მოხმარებასა და ნარკოტიკული საშუალებების იმპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის მაისის ცვლილებების შედეგად, 2013 წელთან შედარებით, 90 პროცენტით შემცირდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტები და რომ ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა მნიშვნელოვანი ანტინარკოტიკული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. აქვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთან და ზოგადად, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა რჩება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეფექტური ღონისძიებების გატარებას ამ კუთხით.
ავტორი: ნიუპრესი