|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“ქართული ენა - ქვეყნის ღირსების საზომი“

14 აპრილის ქართული ენის დღე აღინიშნება.  1978 წლის 14 აპრილის ასი ათასამდე ადამიანი წინ აღუდგა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. სსრკ-ის გენერალურმა მდივანმა იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ დარგში, მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირშიმცირე ენებისგაუქმებისა და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ. მთავრობა იძულებული გახდა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, ამის პირობა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ დადო და კონსტიტუციის 75- მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.

  14 აპრილს საქართველო სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.

„ნიუპრესის“ შეკითხვებს ქართულ ენასთან დაკავშირებით ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე პასუხობს.

 

-  პირველ  რიგში, განვუმარტოთ მკითხველებს 14 აპრილის მნიშვნელობა. 

-14 აპრილი არის საქართველოს სახელმწიფო ენის დღე და არა მხოლოდ ქართველთა დედაენის დღე. იმთავითვე ეს დღე უნდა კვალიფიცირებულიყო საქართველოს სახელმწიფო ენის დღედ, ეს იქნებოდა სიმართლეც და ამავე დროს, ამგვარი კვალიფიკაცია ხელს შეუწყობდა საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციას. 1990 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ, ეს რატომ ვერ გააკეთა, გასაგებია. ის ხელისუფლება იყო კრემლის მარიონეტი, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ დღემდე არასწორი კვალიფიკაცია აქვს 14 აპრილს. იმედს ვიტოვებ, მომავალი წლიდან მაინც 14 აპრილი აღინიშნება როგორც სახელმწიფო ენის დღე და მას იზეიმებს სააქართველოს ყველა მოქალაქე ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. ეს დღე აღინიშნება თბილისშიც, ახალქალაქშიც, ქუთაისშიც, ზუგდიდშიც და თელავშიც... ღმერთმა ქნას, მალე დადგეს დრო, ეს დღეც აღნიშნონ სოხუმისა და ცხინვალის მცხოვრებლებმაც.

-  როგორ ფიქრობთ,  რა გამოწვევბის ან საფრთხეების წინაშე დგას დღეს ქართული ენა?

-   ამჟამად მთავარი გამოწვევაა ქართული ენის ტექნოლოგიზება. აუცილებელია, მთავრობის პროგრამული დაფინანსებით შეიქმნას სახელმწიფო პროექტი ქართულის ენის ტექნოლოგიზების მიმართულებით. კერძოდ, უახლოეს წლებში ქართული ენა თუ არ გახდება ელექტრონული კომუნიკაციების ენა, თუკი ქართულად და ქართულიდან ავტომატურად არ განხორციელდება აკადემიური თარგმანები, ქართული ენა დაკარგავს კულტურული ენის ფუქნციას. ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი ცუდადაა დაცული; ქართული ენის მომავალი კი დამოკიდებულია თანამედროვე ტექნოლოგიების ენად ქცევის ტემპსა და ხარისხზე.

-  საუბარი იყო ჯარიმის დაწესებაზე ქართული ენის  ნორმების დარღვევისთვის. ჯარიმებით რამდენად შესაძლებელია მოგვარდეს პრობლემა?

-   ჯარიმებით ენის სტატუსის დაცვა ვერ მოხდება. მთავარია, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და ყველას მიერ გაცნობიერება, რომ სახელმწიფო ენა არის ქვეყნის ღირსების საზომი.

-   საინტერესოა თქვენი აზრი ქართულ ენაში უცხოური სიტყვებს შემოსვლასთან დაკავშრებით,  ეს თანამედროვეობისთვის  ფეხის აწყობაა თუ კიდევ ერთი პრობლემა?

-  უცხო სიტყვები ნებისმიერ ენაში შედიოდა, შედის და შევა. მთავარია დოზირება.  ბევრი უცხო სიტყვის დამკვიდრებით ენა მძიმდება და სხვაფერდება, ბოლოს კვდება - კარგავს თავის არსს. „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ - ითქვა ორი საუკუნის წინ.

-  რამდენად მნნიშვნელოვანია ქართული ენისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭება?

-  ქართული ლიტერატურაც და ქართული ენაც ნებისმიერი ნორმალური ქართველისათვის და ცივილიზებული მსოფლიოსათვის დიდი ხანია არის კულტურული მემკვიდრეობა .

-  ხშირად არის საუბარი რეგიონებში უმცირესობების ენებთან დაკავშრებით, აქ რა პრობლემებს  ვაწყდებით?

-  პირველ რიგში გეტყვით, რომ საქართველოს კონტექსტში  არ მომწონს ტერმინი „რეგიონი“; „რეგიონი“ ნიშნავს დედამიწის მხარეს, რომელზეც რამდენიმესახელმწიფო შეიძლება იყო; მაგალითად, კავკასიის რეგიონი, წინა აზიის რეგიონი... ანდა, „რეგიონი“ ნიშნავს მოცემული სახელმწიფოს ავტონომიურ წარმონაქმნს, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს პრეზიდენტიც კი. საქართველოში ტერმინი „რეგიონი“ ბევრისგან არასწორად გამოიყენება; ზოგი კი მიზანმიმართულად იყენებს, რომ მოამზადოს საქართველოს დანაწევრება ახალ ავტონომიებად, კონფედერაციად... ეს გზა არის დაშლა-დანაწევების გზა, რომელიც ჩადებულია თითქოსდა ამ უწყინარ ტერმინში. რაც შეეხება უმცირესობების საკითხს: თუ მსოფლიოს მასშტაბით სადმეა დაცული  უმცირსობების ენობრივი უფლებები, ეს დაცულია საქართველოში. პრობლემას ქმნიან საქართველოსა და ქართველი ერის დანაწევრების მოსურნენი, რომელთაც სურთ ქართველთა ნაწილი ეთნიკურ უმცირესობებად გამოაცხადონ, ხოლო მიგრანტები კი აღჭურვონ ავტოქტონური უმცირესობების უფლებებით.

- როგორც ვიცი, თქვენ ხშირი კონტაქტი გაქვთ „ჩვენებურებთან“, მოგვიყევით, რამდენად არის შემორჩენილი მათში ქართული მეტყველება და როგორ ახერხებენ ისინი სამშშობლოდან შორს შეინარჩუნონ ტრადიციები?

- ირანში, რუსეთსა და თურქეთში კომპაქტურად მცხოვრები ქართველები ჩვენგან დიდ მხარდაჭერას ელიან, ჩვენ კი სათანადოდ ვერ ვეხმარებით, რომ დღემდე მოტანილი მათი ენობრივი მეობა გადავარჩინოთ.

- აქვთ თუ არა მათ შესაძლებლობა ისწავლონ ქართული?

საქართველოს სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენს ყველა თანამემამულესა და ასევე, საქართველოს მოქალაქე უმცირესობების წარმოამდგენლებს ჰქოდეთ საშუალება, შეისწავლონ ქართული ენა. ამ მხრივ წინა თუ ამჟამნიდელი  ხელისუფლების ქმედება კრიტიკას ვერ უძლებს და ბოლოს თქვენს მკითხველს, ზოგადად, საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ 14 აპრილს - საქართველოს სახელმწიფო ენის დღეს.  ასევე, 14 აპრილს ვულოცავ  მსოფლიოში გაფანტულ ყველა ქართველს და სამშობლოში დაბრუნებას ვუსურვებ, რომ მათი ენერგია და შესაძლებლობა ქვეყანას მოახმარონ.


 

ავტორი: ანა ჯიქია