მოლოდინი გამართლდა: მალე ქუთაისის სკვერებს „ღია ბიბლიოთეკები“ დაამშვენებს!
სამოქალაქო
განვითარების ინსტიტუტი უკვე მეოთხე თვეა საქართველოს ხუთ თვითმართველ ქალაქში -
ქუთაისი, თელავი, ახალციხე, გორი და ზუგდიდი - ახორციელებს პროექტს, რომლის უმთავრესი მიზანი ქალაქის მერიის სათათბირო ორგანოს,
ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნებაა. ამის შემდეგ პროექტში ჩართული
ათი ძირითადი წევრი თანამშრომლობას შეძლებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქალაქში
წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში თითოეული
მათგანი საკუთარ წვლილს შეიტანს.
უკვე ცნობილია, რომ ქუთაისის ხუთ (ცენტრალურ, ვერიკო
ანჯაფარიძის, მოსწავლე ახალგაზრდობის, კიკვიძის და ბოტანიკურ ) ბაღში მოეწყობა „ღია
ბიბლიოთეკა“.
ამ ბიბლიოთეკებში, საკითხავ და საბავშვო ლიტერატურასთან
ერთად, ჟურნალ-გაზეთებიც განთავსდება. პროექტის მიზანია ადამიანებისათვის საარსებო
გარემოს გაუმჯობესება, მოსახლეობის თვითშეგნების დონის გაზრდა და, რაც ყველაზე მთავარია,
ჩვენ ვეცდებით, გავამყაროთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და დავიცვათ საერთო საკუთრება.
პროექტის
მიმდინარეობის ფარგლებში მოეწყო პირველი შეხვედრა მერთან, სადაც მოხდა „ღია ბიბლიოთეკების“
პროექტის პირველი წარდგენა. ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ შეხვედრის
შემდეგ განაცხადა, რომ: „ეს არის ზუსტად ის მიდგომა, რაც ჩვენს ქალაქში იმუშავებს.
წარმოდგენილი იდეა მომწონს და ქალაქის თვითმმართველობა მაქსიმალურად დაუჭერს მხარს
ამ ინიციატივის განვითარებას“.
პირველი
შეხვედრის შემდეგ დავიწყეთ საზოგადოების მოსამზადებლად პირველი ნაბიჯების გადადგმა.
მივიჩნიეთ, რომ ამაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარებოდა რეკლამა და იდეის პოპულარიზაცია.
ქალაქში არსებულმა ყველა ბეჭვდურმა და ტელე-რადიო მაუწყებლობამ გააშუქა აღნიშნული თემა
და მოახდინა საზოგადოების დიდი ნაწილის ინფორმირება, რასაც მოჰყვა გამოხმაურება და
დაპირებები იმისა, რომ თითოეული მოქალაქე ჩაერთვება პროექტში. ქუთაისელები ამბობენ,
რომ მზად არიან, რამდენიმე წიგნი შემატონ ღია
ბიბლიოთეკებს. ჟურნალ-გაზეთებით ბიბლიოთეკების შევსების მხრივ, მხარდაჭერას დაგვპირდნენ
ქ.ქუთაისის მერია და ადგილობრივი ბეჭდური გამოცემა „ახალი გაზეთი“. პროექტის იდეას
გამოხმაურება მოჰყვა დედაქალაქშიც, რომლის მცხოვრებლები მზად არიან, ქუთაისის ღია ბიბლიოთეკა
ხარისხიანი საბავშვო ლიტერატურით მოამარაგონ ერთჯერადად. პიარ-კამპანიასთან ერთად,
მიმდინარეობდა პროექტის ფორმის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა. ჩვენი ვერსია პროექტის სახით,
შეპირებისამებრ, მერთან მეორე შეხვედრამდე უნდა შეგვეტანა, რათა მომხდარიყო მისი განხილვა.
დრო არ ითმენდა და მუშაობას მთელი ენთუზიაზმით შევუდექით. ვიკრიბებოდით და ვმსჯელობდით
ძირითად პუნქტებზე. ვიყავით მერიის არქიტექტურის სამსახურში, სადაც წარმოვადგინეთ ჩვენ
მიერ შერჩეული „ღია ბიბლიოთეკის“ სურათები,
შევჯერდით ერთ-ერთ მათგანზე და დავიწყეთ მისი გრაფიკული დამუშავება. ამ პერიოდის განმავლობაში
გვქონდა რამდენიმე სკაიპ კონფერენცია პროექტის ხელმძღვანელთან - ია ანთაძესთან, რომლისგანაც ვღებულობდით სხვადასხვა
სახის რეკომენდაციას. ერთობლივად ვიმუშავეთ
პროექტის საბოლოო ფორმაზე, რომელიც მერიაში მეორე შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე
დავტოვეთ. საინიციატივო ჯგუფის მეორე კომუნიკაცია ქალაქის მერთან 26 მარტს გაიმართა.შეხვედრას
ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები: ნინო
ხატიაშვილი და ხათუნა სხირტლაძე.
ქალაქის
მერთან ერთან შეხვდერას ესწრებოდა, აგრეთვე, მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების
უფროსი თამარ ნიკოლეიშვილი. მისი განცხადებით:
„ქუთაისის მერია მაქსიმალურად შეეცდება,
რომ გვერდით დაუდგეს ახალგაზრდებს ამ მეტად საინტერესო ინიციატივის განხორციელებაში.
ეს ხელს შეუწყობს ახლგაზრდების ჩართულობას სამოქალაქო ცხოვრების განვითარებაში და დაეხმარება
მომავალ თაობას, გახდნენ კრეატიულები, მონდომებულები და შემდგარი ახალგაზრდები“.
შეხვედრის შემდეგ
საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ პროექტი
განხორციელებადია. ის მნიშვნელოვან როლს
შეასრულებს ქუთაისი მოსახლეობის
სამოქალაქო განვითარებაში. ზოგადად, ბიბლიოთეკა წარმოადგენს საზოგადოების ორგანულ ნაწილს , რომელიც დღემდე ასრულებს
აღმზრდელობით, საგანმანათლებლო და საინფორმაციო ფუნქციებს. ხოლო ჩვენი ჩანაფიქრის თანახმად,
ქუთაისს ექნება ისეთი ბიბლიოთეკები, რომელთა
მნიშვნელოვანი დატვირთვა მოქალაქეთა ინფორმირებაზე და მათ პროფესიულ ზრდაზე იქნება
გათვლილი.
ჩვენ ვიწყებთ!
ვამკვიდრებთ ინოვაციურ და კრეატიულ იდეას და ქალაქის თითოეულმა წარმომადგენელმა წვლილი
უნდა შეიტანოს მის შენარჩუნებაში. „ღია ბიბლიოთეკის“ სლოგანი იქნება „დააბრუნე!“ ეს მეტად უბრალო სიტყვა შეახსენებს
თითოეულ მომხმარებელს, რომ ნებისმიერი წაღებული საკითხავი რესურსი გამოყენების შემდეგ
უკან დააბრუნოს, ან სხვა წიგნით ჩაანაცვლოს. თუმცა, მოვლენების 100%-ით ამგვარ განვითარებას
არ ველოდებით და ვხვდებით, რომ უმეტესობამ ამ სიტყვას შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს
და არ დააბრუნოს უკან წაღებული წიგნი. მაგრამ ჩვენ ამით არ შევშინდებით და არ შევწყვეტთ
ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებას მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მივა საბოლოდ ერთიან
შეხედულებამდე, რომ ეს ვიღაც ერთი პიროვნების
საკუთრება კი არ არის, არამედ ეს თითოეული ჩვენგანისაა. უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ
საერთო ქონება, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების
თაობის განვითარებასა და აღზრდას წაეხმარება. „ღია ბიბლიოკეთების“ მეშვეობით
შევძლებთ, ვიყოთ ერთსულოვნები.
ბლოგი მომზადებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
ავტორი: ნარგო ნაჭყებია, ნანა აბესაძე