პრივატიზების პრობლემები ქუთაისში
ქუთაისის მერიამ საკრებულოს დადგენილების საფუძველზე საპრივატიზაციო ობიექტები აუქციონზე გაიტანა. წარმოდგენილ ნუსხაში მხოლოდ ოთხი შენობა–ნაგებობაა: ნიუპორტის #7, 9 აპრილის ქუჩიის #2, სულხან–საბას #10 და წერეთლის #6–ში მდებარე შენობები.
პრივატიზების ვადა
24 აპრილს სრულდება, თუმცა ამ დროის მონაცემებით, არც ერთ შენობას და ობიექტს მყიდველი
არ ჰყავს. ამ ნუსხაში ვერ მოხვდა ქალაქის ცენტრში
არსებული უფუნქციოდ დარჩენილი მნიშვნელოვანი შენობები. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ობიექტების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა
და ქალაქისათვის მისი გადმოცემის პროცესი ჭიანურდება.
ქალაქში არსებული ობიექტების
პრივატიზების პრობლემის გამო ქუთაისის მერმა,
შოთა მურღულიამ საკრებულოს ინიციატივით მიმართა საპრივატიზაციო ობიექტების გაიჯარების
უშუალო უფლება აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასცემოდა. ინიციატივას საკრებულოში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
დეპუტატებმა ცვლილება პირველი მოსმენით ჩააგდეს, თუმცა საკითხის საკრებულოზე განმეორებით
გასვლის შემდეგ უმრავლესობამ აზრი შეიცვალა და მერს გასაყიდად გატანილი ობიექტების
გაიჯარების ნება დართო.
მერისთვის უფლების მინიჭებას
იმთავითვე არ დაუჭირეს მხარი საკრებულოს „ნაციონალმა“ წევრებმა, არგუმენტად მოსალოდნელი კორუფცია და ბიუჯეტისთვის
მიყენებული ზარალი დაასახელეს.
იჯარით გაცემა პრივატიზაციის კარგი ალტერნატივა რომ არ არის, ადასტურებს
„ნაციონალი“ დეპუტატი ამირან ძოწენიძე. მისი განცხადებით, ობიექტების იჯარით გაცემის
შემთხვევაში ქალაქის ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს კარგავს, ამავდროულად მოიჯარე გარკვეული
პერიოდის შემდეგ ობიექტს არასახარბიელო მდგომარეობაში აბრუნებს.
„გასული წლის ზაფხულს
მერმა მიმართა საკრებულოს ობიექტების იჯარით გაცემის პირდაპირი განკარგვის უფლების
შესახებ. რასაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ, საკრებულოს უმრავლესობამ კი მეორე მოსმენით
დაამტკიცა. ძველი დებულებით, საკრებულოს გასაიჯარებელ ნებისმიერ ობიექტზე მსჯელობის
ექსკლუზიური უფლება ჰქონდა. აღნიშნული ეფლება უშუალოდ მერს მიენიჭა. მას შეუძლია საპრივატიზაციო
ნუსხიდან სასურველი ობიექტი გააიჯაროს. ქალაქისთვის საუკეთესო ვარიანტი პრივატიზაციაა,
რაც არასდროს არა არის გვიანი. შეგვეძლო უფროს სწრაფი ტემპი აგვეკრიბა, მაგრამ მთავარია
შენობების და მიწის ფართობების გასხვისება მოხდეს. რადგან არაეფექტური სახელწიფოდან
ობიექტი ეფექტური კერძო პირის ხელში გადადის და არამწარმოებლურიდან მწარმოებლური ხდება.
ის რაც გუშინ და გუშინწინ წამგებიანი იყო, ხვალ მომგებიანად იქცევა. მე პირადად, უპირობო
გასხვისების მომხრე ვარ, თუმცა შეიძლება მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაღაც პირობებზე
შეთანხმებაც მოხდეს. იჯარის პირობებში კი კერძო პირი მოიხმარს ობიექტს და გარკვეული
დროის შემდეგ სახელმწიფოს არასახარბიელო მდგომარეობაში უბრუნებს. ჯერჯერობით აუქციონზე
გასული ობიექტების გასხვისება არ მომხდარა. ერთ–ერთი მიზეზი ბიუროკრატია. აქვე აღვნიშნავ,
რომ ბიუროკრატი კარგი მეწარმე არ არის“, –აღნიშნავს
ამირან ძოწენიძე და საპრივატიზაციოდ გამზადებული ერთ–ერთი ობიექტის გაიჯარების ფაქტს
იხსნებს, რის გამოც ქალაქის ბიუჯეტმა ნახევარმილიონიანი ზარალი მიიღო. საქმე ეხება ჭავჭავაძის გამზირზე „უნივერმაღის“ გვერდით
მდებარე მიწის ნაკვეთს, რომელიც ორი წლის წინ იმჟამინდლი მერის ნებართვით კერძო პირზე
49 წლიანი იჯარით გაიცა და ბიუჯეტში ყოველთვიურად 1700 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნულ
ფაქტს თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ობიექტის უკან, ყოფილ ვიცე–გუბერნატორს,
„გაპატრიოტებულ“ გოჩა თევდორაძეს და ბიზნესმენ დავით კოსტავას მოიაზრებდნენ.
იჯარით გაცემა ქალაქისთვის
მომგებიანი, რომ არაა ოპონენტს ეთანხმება ვიცე–მერი კონსტანტინე ქავთარაძე, თუმცა შემსყიდველის
არარსებობის პირობებში იჯარით გაცემას ალტერნატიულ ვარიანტად მიიჩნევს.
„ვეთანხმები, რომ გაიჯარება
კარგი გამოსავალი არ არის, მაგრამ თუ ობიექტი აუქციონზე რამდენჯერმე გატანის შემდეგ
არ იყიდება, იჯარით რატომ არ უნდა გავცეთ? კანონი არ კრძალავს გაიჯარებას. ის ფაქტი,
რომ მერს აქვს უფლება საპრივატიზაციო სიიდან გააიჯაროს ნებისმიერი ობიექტი, ეს საკითხი
თავის დროზე არაკორექტულად იყო დასმული. რადგან მერი იტოვებს უფლებას ობიექტი საკრებულოს მიერ დამტკიცებული
საპრივატიზაციო სიიდან გააიჯაროს. რაც შეეხება პირობებს, ამ დროისთვის გატანილი შენობები და მიწის ნაკვეთები
ყოველგვარი პირობების გარეშე გასხვისდება, თუმცა არ არის გამორიცხული რამდენიმე ობიექტი
მისი ფუნქციონალური დატვირთვიდან და იერსახიდან გამომდინარე კონკრეტული პირობებით გასხვისდეს“,–აღნიშნავს
კონსტანტინე ქავთარაძე.
გასაყიდად გატანილი
30 ობიექტით მერია ბიუჯეტში 2 მილიონ 800 000 ლარს ელოდება. აქციონის დასრულებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი
და საპრივატიზაციო ობიექტებს მყიდველი ამ დრომდე
არ ჰყავს. ქუთაისში ინვესტორების სიმცირეს „ნაციონალები“ კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფ
ქალაქის საპარლამენტო სტატუსს უკავშირებენ. მათ ამის გამო ადგილობრივი და ცენტრალური
ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკეს. მათი განცხადებით,
პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეამ არა თუ მომავალი, არამედ უკვე ქუთაისში მყოფი
ინვესტორებიც დააფრთხო. რის გამოც ქალაქში დაწყებული რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა
შეჩერდა. თანამედროვე ტიპის სასტუმროს არარსებობა გახდა ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც
2017 ქუთაისში 19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ჩაიშალა.
30 საპრივატიზაციო ობიექტის
გასხვისებით დაგეგმილი 2 800 000 ლარით შევა თუ არა ქალაქის ბიუჯეტში წლის
ბოლოს გახდება ცნობილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი