სად და როგორ შეძლებთ "ორმაისობის" გატარებას?
ქუთაისობის დღესასწაულზე ქალაქის მერია ადგილობრივ და ჩამოსულ სტუმრებს
მთელ რიგ ღონისძიებებს სთავაზობს. პროგრამა ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. სად და
როგორ შეგიძლიათ გაატაროთ ქუთაისობის დღესაწაული, ამას „ნიუპრესი“ არკვევდა.
ორმაისობა წელსაც სხვადასხვა სახის
ღონისძების ფონზე ჩაივლის. ქუთაისობის აღნიშვნა, ტრადიციულად, ბაგრატის ტაძრიდან დაიწყება. მეუფე წირვას აღავლენს და ქალაქს დალოცავს. აქვე
წარმოდგენილი იქნებიან „ჩოხოსანთა საზოგადოების“, „საზოგადოება ქუთაისელის“ , „ბაღის
კიდის“, ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები.
11 საათზე ქალაქის მერი შოთა მურღულია
დიპლომატიურ კორპუსს მიიღებს. ქუთაისში სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების და
დაძმობილებული ქალაქების წარმომადგენლებს ელოდებიან. 12 საათზე პატივს „სამი ოთარის“
ძეგლს მიაგებენ, საიდანაც ღონისძებები ქუთაისის ისტორიულ მუზემში გადაინაცვლებს. „ჩვენ ვთხოვეთ კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის
განყოფილებას და ნიკო ფიროსმანიშვილის გამოფენა
დარჩება ისტორიულ მუზეუმში. მისი ნახვის საშუალება ორმაისობას ჩამოსულ სტუმრებსაც მიეცემა. „ქუთაისის უნივერსიტეტში“ გაიმართება სტუდენტების
ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა. ამის შემდეგ ღონისძიება ტრადიციულად მუხნარის ტყეში გაგრძელდება“, -განაცხადა ქუთაისის
მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ვაჟა ჯუღელმა.
მუხნარის ტყეში ქუთაისის ჩათვლით 12 რაიონი იქნება წარმოდგენილი. აქ მისულ სტუმრებს ქართულ სიმღერასთან და ცეკვასთან
ერთად ტრადიციულ კერძებსაც შესთავაზებენ. ღონისძებები მუხნარის ტყეში ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად ღონისძიებები ქალაქშიც გაიმართება- მონპლაზირის
თაღთან და ანჯაფარიძის სკვერში, ქალაქის ცენტრალურ
ბაღში. „ადგილობრივი ბიზნესმენები კოლონებთან
თავიანთი ნაწარმის გამოფენა- გაყიდვას მოაწყობენ, ცენტრალურ
ბაღში სხვადასხვა სპორტული ღონისძებები გაიმართება, ასევე წარმოდგენებს გამართავენ
ნიღბების, თოჯინების, პანტომიმის თეატრის მსახიობები.
ცენტრალურ ბაღში ზურაბ შევარდნაძე და „გარდენია“ ყვავილების გამოფენას მოაწყობს. გაიმართება
წიგნების გამოფენა -გაყიდვა. საკუთარ წიგნებს 36 გამომცემლობა წარმოადგენს.
მნიშნელოვანია, რომ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში
ნიკო მარის სახლი მდებარეობს , რომელსაც ჩაუტარდა რესტავრაცია, სადაც მოწვეული არიან მისი შვილიშვილები“, - განაცხადა
ვაჟა ჯუღელმა.
ქუთაისობის
დღესასწაულზე ელექრტონული მუსიკის მოყვარულებისთვის კონცერტი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში
მოეწყობა. „ფერადი ბაღი“ - ასე ჰქვია კონცერტს, რომელშც ათამდე დიჯეი მიიღებს მონაწილეობას,
მათ შორის 2 ადგილობრივი. „ფერადი ბაღი“
ანჯაფარიძის სკვერში დილის 4 საათამდე გაგრძელდება. მესხიშვილის თეატრში გასამართი ღონისძიების პროგრამაში ცვლილების შეტანა მოუხდათ, ქუთაისობაზე
არ ჩამოვლენ „ნიკოლოზ რაჭველი და მეგობრები.“
„ნიკა მემანიშვილი უნდა ჩამოსულიყო მეგობრებთან ერთად, მაგრამ წელს არის ორკესტრის
საიუბილეო წელი და თბილისში სხვადასხვა ღონისძიებებია
დაგეგმილი და ფაქტიურად ფესტივალია, დატვირთული გრაფიკი აქვს და ჩვენც თავი
შევიკავეთ ამ კონცერტის ორგანიზებისგან“,-ამბობს
ვაჟა ჟუღელი. 5 საათზე ტრადიციული ქართული
ცეკვების მოყვარულებს მესხიშვილის თეატრში
სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი ელით.
2 მაისს სპორტის სასახლეში სასკოლო
სპორტული ოლიმპიადის ფინალური შეხვედრები გაიმართება. მასში ყველა სკოლაა
ჩართული. დაგეგმილია საცირკო წარმოდგენის გამართვაც. მოედანზე კიბეებთან ბათუმის
ცირკი სანახაობებს მოაწყობს, შესრულდება საჰაერო ნომრებიც. ასევე ჩატარდება ძაღლების საერთაშორისო გამოფენა,
რომელიც პირველი საერთაშორისო გამოფენაა ქუთაისში. ოქროს ჩრდახის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ოთარ ქანდარიას ნამუშევრების გამოფენა და თურქული
სკოლის „ჩაღლარი“ ბავშვების
ღონისძიება.
სადღესასწაულო პროგრამაში გაწერილია
ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ღონისძებებიც. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი
გოეთეს უნივერსიტეტთან ერთად ატარებს კამერული მუსიკის კონცერტს. აქ მონაწილეობას მიიღებენ
უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები. ამავე დღეს წერეთლის უნივერსიტეტი ფრანგულ უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას გააფორმებს. გაიმართება უნივერსიტეტის
სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ერთობლივი კონცერტი“,
- განახადა ვაჟა ჯუღელმა.
საღამოს გალა კონცერტი დაასრულებს,
რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართება, მასში მონაწილეობას
3 ადგილობრივი ბენდი და მოწველი ჯგუფი „გამოუვალი
მდგომარეობა“ მიიღებენ. ჯერჯერობით არაა ცნობილი თუ ვინ წაივანს გალა კონცერტს, როგორც
ამბობენ, დეტალები ზუსტდება. წელს ფოიერვერკს
არ უნდა ველოდოთ, დღესასწაულის კულმინაცია
ქალაქის ცაზე გაშვებული ფრანები იქნება, რომელსაც ქუთაისის მერიის ახალგარდული სამსახურის
ორგანიზებით ბაგრატის ტაძრის ეზოდან გაუშვებენ.
ავტორი: ანა ჯიქია