ბორკილების ხმა
„თუ ფლოქვების ხმა გესმით, ზებრებზე კი არა ცხენებზე იფიქრეთ“ −აშშ-ის სამედიცინო წრეებში დღეს უკვე დამკვიდრებული ეს რჩევა 1940-იან წლებში მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორმა თეოდორ ვუდუორდმა მისცა ახალგაზრდა ექიმებს. ბუნებრივია, მერილენდში ცხენი ხშირად, ზებრა კი იშვიათად შეგხვდებოდათ; შესაბამისად, ფლოქვების ხმა თუ გესმოდათ, უნდა გევარაუდათ, რომ ის ცხენებს ეკუთვნოდა.
ამ რჩევის მიღმა ერთი საჭირბოროტო
საკითხი იმალება: ხშირად ახალბედა ექიმები პაციენტებს თურმე, იშვიათი დაავადებების
დიაგნოზს უსვამენ, რადგან იშვიათი დაავადებები იოლად ამახსოვრდებათ და ახსენდებათ.
ვუდუორდის რჩევა კი ექიმებს ეხმარება დიაგნოზის სწორად და ფრთხილად განსაზღვრაში.
მოკლედ, პაციენტის ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, ექიმებმა ცხენებზეც იფიქრონ და
ზებრაც მხედველობაში ჰყავდეთ. და, რაც მთავარია, გაითვალისწინონ, რომ ამა თუ იმ
დაავადების არსებობა ალბათობებზე არ არის დამოკიდებული. რადგან დაავადებები
კომპლექსურია და ინდივიდუალურ ანალიზს მოითხოვს.
ამ ბლოგს ვწერ საქართველოში ფესვგადგმულ ერთ დაავადებაზე, რომელსაც მიზოგინია ანუ ქალთმოძულეობა ჰქვია. ქალების პრობლემები დღეს უკვე იმდენად აშკარა და მკაფიოა, რომ მათი არსებობა ყველას გვესმის. თუმცა მძიმე დიაგნოზის დასმა ბევრს მაინც უჭირს. ზოგიერთისთვის ეს იშვიათი დაავადებაა, რომელიც თამარ მეფის ქვეყანაში ფეხს ვერ მოიკიდებს, ზოგიერთი კი ამ სენს ყოველდღიურად ებრძვის.
სამწუხაროდ, ქართული მიზოგინია არ არის ფემინისტების მიერ დასმული ეგზოტიკური დიაგნოზი და არ არის მხოლოდ ქალების სიძულვილი, არამედ ეს არის მათი უგულებელყოფა, უპატივცემულობა, უარყოფა, მათ მიმართ გამოხატული უნდობლობა − ყველაფერი ის, რაც საფუძვლად დაედო ქალებისადმი არნახულ ძალადობას ბოლო პერიოდში და ყველაფერი ის, რაც საფუძვლად უდევს ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართ ზედაპირულსა და, ამავე დროს, თავგამოდებულ წინააღმდეგობას.
როცა საქართველოს პრეზიდენტმა ეს წელი
ქალთა წლად გამოაცხადა, ისეთივე შეგრძნება მქონდა, როგორიც 2013-ში, როცა
პრემიერ-მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების წლად გამოაცხადა
წელი, როცა მათი უფლებების დასაცავად ისევ არაფერი (ან თითქმის არაფერი) გაკეთდა.
თუმცა, მიმდინარე წელს ქალი პირველად იქნა არჩეული უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარედ და ქალი პირველად ჩაუდგა სათავეში თავდაცვის სამინისტროს. და სწორედ
მაშინ, როცა ქალებმა, როგორც იქნა აიღეს ძალაუფლების რამდენიმე სიმაღლე და საამაყო
მაგალითების საძიებლად პატრიოტებს მე-12 საუკუნეში მოგზაურობა აღარ უნდა
გვჭირდებოდეს, ისევ მოგვევლინა მიზოგინია, მთელი თავისი დამანგრეველი ძალით.
მაგალითად გამოგვადგება ნაწყვეტი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ერთი
ამასწინანდელი ინტერვიუდან:
- არ გიხსენებიათ მეუღლე...
- არ მყავს. მე და ჩემი და
ვზრდით ორ გოგონას.
- სამწუხაროა, რომ ასე
მოხდა...
- მგონი, არც ისე. ჩვენ ამ
ცხოვრების სტილს უკვე დიდი ხანია, შევეგუეთ. ასე რომ, ეს ჩემთვის დისკომფორტი
ნამდვილად არაა.
- გვეტყვით, ვინ იყო თქვენი
მეუღლე?
- მეტ კომენტარს ამ თემაზე არ
გავაკეთებ.
- თიკოს რა გვარი აქვს?
- გვენეტაძეა.
მანამდე კი, ნინო გვენეტაძის
კანდიდატურის მორიგი განხილვისას, ერთი მამაკაცი სრული სერიოზულობით წერდა
ფეისბუკზე, რომ, მისი აზრით, სასამართლოს თავმჯდომარე აუცილებლად სიმპათიური
მამაკაცი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ეს ორი კრიტერიუმი − „სიმპათიური“ და „მამაკაცი“ −
საკმარისი იყო ძალაუფლების, ავტორიტეტის, გავლენის და ნდობის მოსაპოვებლად. ანუ
ყოველივე იმის მისაღებად, რაშიც საქართველოში ქალობა გვიშლის ხელს.
თინათინ ხიდაშელის თავდაცვის
მინისტრობას კი სრული მიზოგინიური აპოკალიფსი მოყვა. აი, ამონარიდები
ბოლოდროინდელი პრესიდან:
„მე, ერთი კაცი, ელიზბარ ჯაველიძე,
შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ, რომ თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დასახელდა.
ისტორიულად სულ ბრძოლაში ვიყავით, ბრწყინვალე მთავარსარდლები გვყავდნენ და დღეს ამ
სფეროს მინისტრად გვინიშნავენ თინა ხიდაშელს. მინდა ამ ქალბატონს ვკითხო -
უკაცრავად და ახლა როგორ იქნება, სამხედროები ფეხზე მდგომი მოშარდავენ, თუ
დაჯდომით?“
„ღარიბაშვილის ხვაშიადში ქალისა და
მით უმეტეს, თინა ხიდაშელის გათავდაცვისმინისტრება ისევე ზის, როგორც ნინა
წკრიალაშვილი გახდება ამერიკის მეექვსე ფლოტის ადმირალი, ხოლო ირაკლი ვაჭარაძე
ჩოხოსანი.” „დიახ, ვისაც ეგონა, რომ თინა ხიდაშელის გამინისტრებით, თავდაცვის
უწყებას ოდენ ბანალური კრიტიკული დღეების პრობლემა ექნებოდა, ძალიან შემცდარა!
თინა ხიდაშელის ხელში ქართველ სამხედროებს ამერიკელი გეი-სამხედროების საზოგადოება
ემუქრება, ხოლო ვაზიანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის შინაურ ცხოველებს
(განსაკუთრებით, მსხვილფეხას) - ზოოფილი სამხედროების რისხვა.“
გვენეტაძე და ხიდაშელი კიდევ დიდხანს
იქნებიან მიზოგინიის მსხვერპლნი. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როცა
უფრო მეტი ქალი იქნება ადგილობრივ თუ ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებში, როცა უფრო
მეტ ქალს ექნება გავლენა და ძალა, შეეწინააღმდეგოს ამ საშინელ დაავადებას.
კიდევ ერთი ციტატა სტატიიდან,
სადაც სხვა ქალი (ყოფილი და მოქმედი) მინისტრებიც, მაია ფანჯიკიძე და თეა
წულუკიანი არიან თავდასხმის ობიექტები:
„ამ დროს ვიღაც ტუტუცები გამოდიან და
აქციებს ატარებენ - მეტი ქალი პარლამენტში და მთავრობაშიო! ნამუსი აღარ გაქვთ,
ადამიანებო? ცოდონი არ არიან? ან ჩვენ მაინც დაგვინდეთ, სამი-ოთხი ასე აწუწუნებული
და აწიკვინებული ქალი კიდევ ჯანდაბას! მეტი და მეტი ქალი რომ აწიკვინდება, -
მძიმეა ეს მინისტრობა და ნუ გვტენითო, რა გაუძლებს მერე მაგათ?!“
მაშინ, როდესაც ჩვენი პრესა
მიზოგინიის გაღვივებით არის დაკავებული, აშშ-ში დაიწყო საზოგადოებრივი მოძრაობა,
რათა ქალებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მინიჭების 100 წლისთავზე 20-დოლარიანზე
ქალი იქნეს გამოსახული. რამდენიმე კანდიდატს შორის, ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა
ჰარიეტ ტაბმენმა − შავკანიანმა ქალმა, რომელიც მონობაში დაიბადა და არა მხოლოდ
საკუთარი თავი, არამედ მრავალი ასეული ადამიანი იხსნა მონობისგან. ჰარიეტ ტაბმენს
ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: „მე გავათავისუფლე ათასი მონა და გავათავისუფლებდი
ათასით მეტს, მათ რომ სცოდნოდათ, რომ მონები იყვნენ.“
მონობის აღიარება, ალბათ, ხანგრძლივი
და მტკივნეული პროცესი იქნება. ალბათ, ნინო გვენეტაძემ და თინათინ ხიდაშელმაც
სწორედ ახლა გააცნობიერეს ყველაზე უკეთ, ნეგატიური სტერეოტიპებითა და ცრურწმენებით
ნაკვები რამდენი ბარიერის გადალახვა უხდებათ ქალებს. სანამ ბორკილებს არც კი
ვიმჩნევთ, არაფერი შეიცვლება. ბორკილები ხომ, როგორც ამბობენ, ხმას მხოლოდ მაშინ
გამოსცემენ, როცა მოძრაობას ვიწყებთ. ეს ხმა ნამდვილად არ ეამება იმათ ყურებს,
ვინც ამ ბორკილებისგან სარგებელს იღებს, მაგრამ მნიშვნელოვნად დაეხმარება ბევრ
ქალს, რომლებიც მალე მრავლად იქნებიან ადგილობრივ თვითმმართველობაში, პარლამენტში,
მთავრობაში თუ სასამართლოში.
„ქალების პრობლემები დღეს უკვე იმდენად აშკარა და მკაფიოა, რომ მათი
არსებობა ყველას გვესმის.თუმცა მძიმე დიაგნოზის დასმა ბევრს მაინც უჭირს.
ზოგიერთისთვის ეს იშვიათი დაავადებაა, რომელიც თამარ მეფის ქვეყანაში ფეხს ვერ
მოიკიდებს, ზოგიერთი კი ამ სენს ყოველდღიურად ებრძვის.“
„სანამ ბორკილებს არც კი ვიმჩნევთ, არაფერი შეიცვლება. ბორკილები ხომ,
როგორც ამბობენ, ხმას მხოლოდ მაშინ გამოსცემენ, როცა მოძრაობას ვიწყებთ.“
წყარო: tavisufleba.org
ავტორი: თამარ გუჩიანი