იმერეთში ტურისტების მისაღებად ემზადებიან
იმერეთში ტურისტული სეზონის დაწყებას
განსაკუთრებული განსაკუთრებით ელოდებიან. სად
და როგორ შეძლებენ ქართველი და უცხოელი ტურისტები ზაფხულის გატარებას, რა სერვისებს სთავაზობს მათ რეგიონი და რა მოლოდინია ქალაქში ტურისტული სეზონის დაწყებამდე, „ნიუპრესი“ არკვევდა.
ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული
მოლოდინი არსებობს, თუმცა არის შიშიც ტურისტული
ნაკადის შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით.
ამ დრომდე იმერეთში
ტურისტებისათვის
ყველაზე პოპულარულ ადგილს „პრომეთეს მღვიმე“ წარმოადგენს. მღვიმის ადმინისტრაციის განცხადებით, გასულ წელს ვიზიტორთა მთლიანმა რაოდენობამ
91 711 შეადგინა, აქედან უცხოელი - 31 569 იყო.
ახალ სეზონზე კი ტურისტების მეტ რაოდენობას ელოდებიან.
„წელს, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ვიზიტირთა გაზრდილ
რაოდენობას ველოდებით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გაზაფხულსა და ზაფხულზე გვსტუმრობს.
ეს ის პერიოდია, როდესაც მათი რაოდენობა პიკს აღწევს. რაც შეეხება მომსახურეობას, საფეხმავლო
ბილიკს, ემატება სანაოსნო მონაკვეთი, რაც დამატებითი
სერვისია ვიზიტორებისთვის, გარდა საფეხმავლო ბილიკისა“, - განუცხადა მღვიმის ადმინისტრატორმა ლიკა კაპანაძემ.
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად მზადებას სასტუმროებიც იწყებენ. წყალტუბო სასტუმროების სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის. აქ ტურისტებს თითქმის ყველა სეზონზე მასპინძლობენ.
„ჩვენი სასტუმრო ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს, მაგრამ საკმაოდ ბევრმა იცის უკვე ჩვენს შესახებ. ამ ხნის განმავლობაში უამრავ სტუმარს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, რომ წელსაც, ამ სეზონზეც უამრავი სტუმარი გვეყოლება. ეს ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც მთლიანად თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი“, - განაცხადა სასტუმროს „პლაზა“ მენეჯერმა ლიკა დავითაშვილმა.
ტურისტების მისაღებად მზადაა წყალტუბოში
ყოფილი სამხედრო სანატორიუმი, თუმცა სანატორიუმის გენერალური დირექტორი დიტო გოგელაშვილი
ამბობს, რომ ზოგადად, სასტუმროს მომსახურე პერსონალს გადამზადების საჭიროებას ხედავს. იგი
მიიჩნევს, რომ უნდა შექმნას ცენტრი, სადაც პერსონალს სპეციალურად მოამზადებენ.
ეკონომიკურ მდგომარეობას ტურისტების ერთგვარ შემაფერხებელ
მომენტად მიიჩნევს სასტუმრო „ბაგრატი 1003“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე თამარ
ჭუმბურიძე. „ჩვენთან სტუმრები გერმანიიდან, პოლონეთიდან მოდიან,
მაგრამ ადგილობრივი სტუმრებიც გვყავს. ტურუსტების
ნაკლებობას არ ვუჩივით. ბევრი რამ დაემთხვა წელს, ეკონომიკური პრობლემები და პრობლემები
თავად უცხო ქვეყნებში, მაგრამ ვთვლით, რომ კარგი სეზონი იქნება. გაიზარდა დაინტერესება ზოგადად, ქვეყნის და მათ
შორის იმერეთის მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, ტურისტების რაოდენობაც გაზრდილი
იქნება“, - ამბობს თამარ ჭუმბურიძე.
ქალაქში არსებულ ტურისტულ მარშრუტებსა და სერვისებზე ინფორმაციის მისაღებად ქუთაისის ტურისტულ ცენტრს ვესტუმრეთ. მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის ხელმძღვანელის პაატა კლდიაშვილის თქმით, ტურისტების ინტერესის სფერო ბაგრატი, გელათი და მოწამეთაა. მისივე თქმით, ცენტრი ტურისტებს სრულ მომსახურეობას ვერ უწევს.
„ტურზმის ცენტრში მუდმივადაა თანამშრომელი, რომელიც ნებისმიერ
ტურისტს აწვდის ინფორმაცია: აწვდის რუკას ქალაქში
გადასაადგილებლად, ტრანსპორტის განრიგს. ბევრ ინფორმაციას, რაც მათ აინტერესებთ. მაგრამ
ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ტურიზმის ცენტრი თავის ფუნქციას სრულად ასრულებს. აქ დასახვეწია
ბევრი რამ. მათ შორის, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობა. ახალი ცენტრი დახვეწილ
და სრულყოფილ სერვისებს შესთავაზებს დაინტერესებულ პირს“,–განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.
წლების წინ აშენებული ტურისტული ცენტი დღეს მიტოვებულია და ნაგავსაყრელის
ფუნქციას ითავსებს. თავად ცენტრის თანამშრომლები კი თავს მერიის ადმინიტრაციულ შენობას
აფარებენ. რამდენა ნორმალურია ზუგრჩანთიანი და კარვებიანი ტურისტების თვითმმართველობის
შენობაში უკონტროლო გადაადგილება, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ეკონომიკური სამსახურის
უფროსი მხოლოდ იმაზე აღნიშნავს, რომ ტურისტების შემოდინების ერთ–ერთი შემაფერხებელი ფაქტორი უკრაინაში არსებული ვითარებითაა, თუმცა იმედოვნებს,
რომ ქვეყანაში ტურისტების დიდი ნაკადი შემოვა.
არის თუ არა მიმზიდველი ქუთაისსა და იმერეთში არსებული
ტურისტული ობიექტები? ამის დადგენას უშულაოდ ჩამოსულ უცხოელ სტუმრებთან შევეცადეთ.
ამალია და მისი მეგობარი ქუთაისში პოლონეთიდან ჩამოვიდნენ.
„ვიყავით თბილისში და ბათუმში. ახლა ქუთაისში ჩამოვედით. გელათის ნახვას ვაპირებთ.
დიდხანს დარჩენას ვერ ვახერხებთ, ცოტა დრო გვაქვს. საინტერესო ქვეყანაა. ბევრი რამის
ნახვაა აქ შესაძლებელი“, - განუცხადეს „ნიუპრესს“ პოლონელმა ტურისტებმა.
სტეფანი გერმანიიდან საქართველოში 2 დღის წინ ჩამოვიდა და ამბობს, რომ იმერეთის დათვალიერებას მაქსიმალურად შეეცდება. „გორდის კანიონის ნახვას ვაპირებ. ჯერ ქუთაისში ვეცნობი ისტორიულ ძეგლებს. ახლო მანძილზე ჩემი ველოსიპედით გადავადგილდები, შორს კი სამარშუტო ტაქსით, ან „ავტოსტოპით“ ვსარგებლობ. კარგი გარემოა, ცოტა ამინდია ხელისშემლელი“, - ამბობს სტეფანი.
იმერეთში
250-ზე
მეტი ისტორიული
ძეგლია, რომელთა
დათვალიებაც ნებისმიერ
მსურველს შეუძლია.
ავტორი: ანა ჯიქია