|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფერეიდნელების „ილია ჭავჭავაძე“ და წერილები საქართველოდან

ქუთაისს ფერედნელი ქართველი საიდ მულიანი სტუმრობდა. იგი აქ სტუდენტებს, ლექტორებს და დაინტერესებულ საზოგადოებას შეხვდა.  საუბრისას აღნიშნა, რომ მათ ტრადიციები ასე თუ ისე შეანარჩუნებული აქვთ, რაც მთავარია, ახსოვთ ქართული ენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნიუპრესი“ საიდ მულიანს ესაუბრა.


-  მოგვიყევით, როგორ ცხოვრობენ ქართველები შორეულ ირანში?

-  მოგეხსენებათ, ჩვენი გადასახლება ირანში არ ყოფილა ჩვენი სურვილი და ეს ისტორიულმა პროცესებმა განაპირობა. ფერეიდანი ისპაჰანიდან 200 კილომეტრში მდებარეობს. აქ არის ცენტრი- ქალაქი, რომელსაც ჩვენ მარტყოფს ვუწოდებთ. მის ირგვლივ 7 სოფელია და მათ ქართული სახელები ჰქვიათ. არის ვაშლოვანი - ასეთი სოფელი. აქ ქართველები 30 წლის წინ 100 პროცენტი იყო, მაგრამ ახლა შეიცვალა დემოგრაფიული მდგომარეობა და 80 პროცენტი დავრჩით.  მე, პირადად, სოფელ ჩუღურეთიდან ვარ. ფერეიდნელ ქართველებს 400 წლის მანძილზე არ ჰქონდათ კავშირი აქაურ ქართველებთან. მათ უცხო გარემოში, სხვა კლიმატურ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება. ახლა იქ ზაფხულში ძალიან ცხელა და ზამთარში კი ძალიან ცივა. შესაბამისად, როცა კავშირი არ გაქვს მშობლიურ მხარესთან, ბევრი რამ იცვლება, თუმცა მაინც შევინარჩუნეთ ქართული ენა. 20 წლის წინ შეუძლებელი იყო ჩამოსულიყავი საქართველოში. მაგრამ როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, კონტაქტი უფრო გაადვილდა.

-  როგორ სწავლობენ ისინი ქართულს და რამდენად კარგად ფლობენ ენას?

-  ახლა იცით, რომ გავხსენით სკოლა, სადაც ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები სხედან. საერთოდ, ჩვენს მეტყველებაში ბევრი სპარსული სიტყვაა შემოსული. აქ ბევრი რუსული სიტყვაა და ამაში არის განსხვავება. ფერეიდნელი ქართველები დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ეუფლებიან ქართულს. უხარიათ, როცა ერთმანეთს ქართულად  ესაუბრებიან. დღეს ახალგაზრდების უმეტესობამ იცის ქართულად წერა -კითხვა, ისტორია და გეოგრაფია. დამერწმუნეთ, თუ კი ჩამოხვალთ ფერეიდანში, ისინი აუცილებლად გულთბილად მიგიღებენ. იქ ძალიან ბევრი ქართული წარწერებია. მათ ყველგან შეხვდებით- მაღაზიებზე, კედლებზე, მანქანებზე. სხვათა შორის, იქ უფრო მეტი ქართულ წარწერას ნახავთ, ვიდრე თბილისში.  როცა ამ ყველაფერს საკუთარი თვალით იხილავ, მერე მიხვდები,  რა არის  ქართული საქმის კეთება.

-  რას გვეტყვით ტრადიციებზე?

-  მაგალითად, ქორწინებასთან დაკავშირებით მაყრიონის ტრადიცია იქაც არის. შემორჩენილია ხელის თხოვნის ტრადიცია. კერძებიც ქართულია. დროთა განმავლობაში შეიცვალა რაღაცები, მაგრამ ტრადიციოული ოჯახები მაინც იცავენ  ძველ წესებს. არის კიდევ ახალი წლის  ტრადიცია, მეკვლეობა. ახალი წელი ჩვენთან იანვარში არ დგება, მას 21 მარტს აღვნიშნავთ.   ირჩევენ პატარა ბავშვს,  გოგონას, ან ბიჭს, მიჰყავთ მეზობლებს და ნათესავებს, იმის ნიშნად,  რომ  მომავალი წელი იქნება სიკეთით სავსე.

-  რას ფიქრობენ საქართველოზე შორეულ ფერეიდანში?

-  საქართველო იქედან სამოთხეა. 16 თაობა მათ არ ჰქონდათ ურთიერთობა აქაურ ქართველებთან. ის, რომ ქართული სახელები აქვთ სოფლებს, ეს საქართველოს მონატრებითაა.  აქვე გეტყვით ერთ ლეგენდას, რომელიც  შეიქმნა ფერეიდანში. როცა წვიმს და ცისარტყელა გამოჩნდება, ამბობენ, რომ ცისარტყელის იქით საქართველოა. თუ ცისარტყელის იქით გადახვალ, საქართველოში აღმოჩნდები.

-  ქართველმა სტუდენტებმა ფერეიდნელ ქართველებთან მისატანი  წერილებიც გადმოგცეს.

-  დიახ და ეს ძალიან კარგია. გაუხარდებათ  მათ და შევეცდები მათი პასუხებიც ჩამოვუტანო.

-  რა იგეგმება სამომავლოდ?

-  ჩვენ გვინდა რომ ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი შევქმნათ ორ ქვეყანას შორის.   აუცილებელია იყოს ურთიერთობა,  ჩამოდიოდნენ აქეთ და პირიქით, ეს კულტურული ურთიერთობები ორივე ქვეყნისათვის სიკეთის მომტანი იქნება.


წარწერა ფერეიდანში ავტობუსზე


 

 ფერეიდნელი ქართველებისთვის წერილების გაგზავნის იდეა წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტს გვანცა ჭავჭანიძეს ეკუთვნის.  „ვფიქრობ, მათ სჭირდებათ ჩვენი ყურადღება. ეს ერთგვარი  მადლობაა იმისთვის, რომ მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი წყვეტისა,  მათ ჩვენს ქვეყანასთან მოახერხეს და შეინარჩუნეს ქართული ენა. საიდ მულიანი კი დიდ საქმეს აკეთებს“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში გვანცა ჭავჭანიძემ. 

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტის გაგა გოგრიჭიანის ლექსი საიდ მულიანს. 




წერილები საქართველოდან










ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა