|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სომხეთის მთავრობა დემონსტრანტების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს

სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება.  მთავრობა დემონსტრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ტელეკომპანია "დოჟდი" იტყობინება. 
გავრცელებული ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ოვიკ აბრაამიანმა განაცხადა, რომ მთავრობა არ შეცვლის ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. თუმცა, დაბალშემოსავლიან ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის. პრემიერის თქმით, ელექტროენერგიის საფასურის გაზრდა ობიექტური მიზეზების გამო მოხდა. მათ შორის ეროვნული ვალუტის თითქმის 20%-ით გაუფასურება სახელდება. 
სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ თითოეული ოჯახისთვის ელექტროენერგიის საფასური თვეში საშუალოდ 1 400 დრამით გაიზრდება, რაც დაახლოებით სამ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი 17 ივნისის გადაწყვეტილებით გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შევიდეს. 
ტარიფის გაძვირებას სომხეთის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს. ერევანში ორი დღის წინ საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, 237 მომიტინგე დააკავეს. შეტაკებების დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ერევნის ცენტრალურ მოედანს არ ტოვებს. დემონსტრაციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იმართება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი