|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველოში საბერძნეთის მთავრობა პრორუსულად ყავთ მონათლული"

 "ნიუპრესი" ათენის ქართველ ემიგრანთა საინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელს, ავთანდილ გიუნელს ესაუბრა.


- ქართველი ემიგრანტები, რომლებიც საბერძნეთში ცხოვრობენ, დიდ პანიკაში არიან. ამბობენ, რომ საბერძნეთს ბერძნებიც ტოვებენ. თქვენ, როგორ შეაფასებთ  მიმდინარე მოვლენებს ?

-  საბერძნეთს ახლა ნამდვილად არ უდგას მისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი,  ქვეყანა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე და ვფიქრობ, მას ეროვნული ღირსების შეულახავად გადაიტანს. რაც შეეხება ბერძნების მასიურ გადინებას ქვეყნიდან, ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, ვინაიდან საბერძნეთი არის ქვეყანა, რომელსაც რამდენიმე მილიონიანი ემიგრაცია ყავს და ის არა ერთ, ან ორი ათეულ წელს ითვლის. ბერძენ მიგრანტებს და მათ შთამომავლებს თქვენ შეიძლება შეხვდეთ არა მხოლოდ ევროპის არაერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაშიც, სადაც მათ მნიშვნელოვანი დასახლებები და ბიზნესები გააჩნიათ. საბერძნეთიდან ბოლო მიგრაციული პროცესები, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობაში დაიწყო კრიზისის დაწყებიდან და ახლა განსაკუთრებული პროცესები ნამდვილად არ შეინიშნება.  რაც შეეხება მოსახლეობაში არსებულ პანიკას, ამის უარყოფა შეუძლებელია. არის ამის გარკვეული ნიშნები, ბანკებიდან ფულის გამოტანის მცდელობებით დაწყებული, მაღაზიებსა და ბაზრებში სასურსათო საქონლის დიდი რაოდენობით შესყიდვით დამთავრებული, მაგრამ ეს მაინც უფრო დროებითია, ვინაიდან საბერძნეთის მოსახლეობის უმრავლესობას ფინანსური შესაძლებლობები და არსებობის საშუალება ნამდვილად აქვს. კრიზისი არის სახელმწიფოსთვის, რომელიც ბიუჯეტის იმ მოთხოვნებით შესრულებას ვერ ახერხებს, რომელსაც მას ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო კრედიტორები სთავაზობენ. საბერძნეთს ახლა აქვს არჩევანი, ან მოაწეროს ხელი მათ მოთხოვნებს და გადაუხადოს ვალი, რომელი თანხაც უნდა მოაკლოს პენსიებს და ა.შ.  ამ ყველაფერმა საბერძნეთის მოსახლეობის ხარჯზე გაიაროს, ან უარი თქვას ვალის დროებით გადახდაზე და  შეასრულოს ბიუჯეტი ყველა მიმართულებით. უარი განაცხადოს ევროპის ცენტრალური ბანკის კრედიტების მიღებაზეც და დავალიანებების გადახდაზეც, რომელსაც დღევნდელი მთავრობა სთავაზობს მოსახლეობას.

  საბერძნეთის ხელისუფლება პრეტენზიებს უცხადებს  არა ევროკავშირის, არამედ ევროზონის ხელმძღვანელთა მოთხოვნებს, რომელ პოზიციასაც სხვათაშორის, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაც უჭერს მხარს, მაგრამ საქართველოში რატომღაც საბერძნეთის დღევანდელი მთავრობა ცალსახად პრორუსულ მთავრობად ყავთ მონათლული, რაც არასწორია.

 - რამდენად რეალურია ის, რომ ქართველების უმრავლესობამ დატობა საბერძნეთი?   არის, თუ არა მათთვის სამუშაოების მასიურად დაკარგვის საშიშროება და აქვთ თუ არა მათ პანიკის საფუძველი ?

  - საბერძნეთში, არაოფიციალური მონაცემებით, 100 000-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება და მათი აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია არალეგალურად, ლეგალურად მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობა კი ზაფხულობით სამშობლოში ჩასვლას ახერხებს და მათი  გადინება  ნამდვილად არაა საგანგაშო ვითარების აღმნიშვნელი. არც განსაკუთრებული მოთხოვნა დაფიქსირებულა სამგზავრო ბილეთებზე, რაც წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს დიდად გადააჭარბებდა. ეს ინფორმაცია, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია, ვინაიდან მასიურად მათ ბერძენ დამსაქმებლებს ჯერ-ჯერობით  არ გაუთავისუფლებიათ ჩვენი თანამემამულეები სამუშაოებიდან. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, შესაძლოა, ამ პროცესების ფონზე მართლაც დაკარგოს სამუშაო, თუმცა არა მგონია, ამას უახლოეს თვეებში მასიური ხასიათი ქონდეს. სამუშაოების დაკარგვის შიში და პანიკის რეალურობა კი, შესაძლოა, სწორედ საბერძნეთის ევროზონაში დარჩენამ გამოიწვიოს სწორედ, ვინაიდან ჩვენი თანამემამულე ქალბატონების უმრავლესობა სწორედ  ბერძენი პენსონერების მიერ არიან დასაქმებულები და მათი პენსიების შემცირება უშუალოდ აისახება მათ ანაზღაურებაზეც და დასაქმებაზეც. ასევე აღსანიშნავია, რომ ძირითადი ფულადი გზავნილების განმახორციელებლები  საქართველოში სწორედ ემიგრანტების ეს კატეგორიაა. მათი სამუშაო ადგილების დაკარგვა სერიოზულად შეამცირებს გზავნილებს, რომლებიც მხოლოდ წლევანდელი მონაცემებით იანვარში შეადგენდა დაახლოებით - 12,2, თებერვალში- 13,7, მარტში - 14,3, აპრილში - 13.3, ხოლო მაისში 15. 3 მილიონ აშშ დოლარის ექვივალეტს. საბერძნეთში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ქართველი ემიგრანტების უმრავლესობას ამ ეტაპზე მასიური პანიკის საფუძველი არ აქვს, თუმცა, ბუნებრივია, არხენინად და გულზე ხელდაკრეფილები ნამდვილად ვერ მიადევნებენ თვალს შექმნილ ვითარებას და ჯერჯერობით გაურკვეველ მომავალს, რომელიც მათ და მათ ოჯახებზე უაშუალოდ აისახება

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა