|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ოქროს ქალაქი“ - ქუთაისელი ახალგაზრდის წარმატება

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცხადებულ ლიტერატურული კონკურსის: „წლის 15 საუკეთესო მოთხრობა“ - პირველი პრემიის ლაურეატი ქუთაისელი ახალგაზრდა გახდა.

21 წლის ცოტნე ცხვედიანმა კონკურსზე მოთხრობა "ოქროს ქალაქი" წარადგინა.  სავარაუდოდ, გამარჯვებული ნაწარმოები ლიტრატურული პრემიის „საბა“  ერთ-ერთ ნომინანტი იქნება.

ცოტნე ცხვედიანი ჩვენი სტუმარია.

 

-როგორია შენი „ლიტერატურული ქუთაისი“?
- ქუთაისში დავიბადე და სკოლაც აქ დავამთავრე. ამ ქალაქმა დიდი გალენა მოახდინა ჩემზე. ქუთაისში სწავლობ, რომ ყველაფერზე შეიძლება გაბედულად ისაუბრო. თემებზე, რომელზეც სხვაგან ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ. აქ იუმორიც კარგად ესმით. ალბათ ამან განაპირობა,  რომ ყველაზე გაბედულმა მწერლებმა, პოეტებმა, მუსიკოსებმა ქუთაისში დაიწყეს აქტიური ცხოვრება. ასე იყო მე-20 საუკუნის დასწყისში და 90- იან წლებშიც. აქ სიახლეების არ ეშინიათ და არც მორალისტობა უყვართ. მაგალითად: სულ ახლახანს თბილისში მწერლებს თავიანთი ტექსტების გამო 'მორალის დამცველები' ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ასეთი რამ ქუთაისში, ალბათ, არ მოხდება. აქ ქუჩაში ჩვეულებრივი გამვლელისაგან ისეთ პრევერსიულ აზრებს მოისმენთ, რომ ინტელექტუალი მწერლების ეპატაჟის მცდელობები ძალიან გულუბრყვილოდ მოგეჩვენებათ. ეს ხუმრობით,  ისე კი აქ ლიტერატურის არ ეშინიათ.


- 21 წლის ასაკში უკვე ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ხართ. ამ კონკურსის შესახებ მოგვიყევით, რატომ შეირჩა თქვენი მოთხრობა?

- „წლის 15 საუკეთესო მოთხრობას“  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ უკვე ათ წელზე მეტია გამოსცემს. ამ კრებულში ამ დროის მანძილზე თითქმის ყველა ცნობილი მწერალი მოხვდა. წლევანდელ გამოცემაში შესული იყო ლაშა ბუღაძის, ანა კორძაია-სამადაშვილის, ბესო ხვედელიძის, ასევე ახალგაზრდა მწერლების მოთხრობები. ძალიან გამიკვირდა, როცა პირველი პრემია მე გადმომცეს. ეს, ალბათ, ჩემი მოთხრობის პერსონაჟების დამსახურებაა. ისინი რეალური ადამიანები არიან, რომლებიც გეტოს მსგავს დასახლებებში ცხოვრობენ. მათ ხშირად ყველა თვალს არიდებს. ამ ადამიანებში დაგროვილი ძლიერი, გამოუყენებელი ენერგია, რომელიც, ალბათ, მოთხრობაშიც იგრძნობა. ამიტომ ისინი სხვებზე უფრო სიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდებიან მკითხველის გონებაში.


- "ოქროს ქალაქი" - რა უდევს საფუძვლად ამ მოთხრობას? ცოტა მეტი გვიამბეთ თქვენს ნაშრომზე...

-  მოთხრობა ეხება დაბა კაზრეთს. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები
არჩევანს სიკვდილსა და მონურ პირობებში შრომას შორის აკეთებენ. მათ წინაშე დანაშაულს სჩადის ინვესტორი, რომელსაც, თავის მხრივ, მთავრობა ახალისებს - არ თხოვს არანაირ პასუხისმგებლობას. ოქროსმომპოვებელი კომპანია ადამიანებს სასიკვდილო საფრთხის პირობებში ამუშავებს და პარალელურად, ქიმიური ნარჩენებით აბინძურებს მდინარეს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს. საქართველოში იცვლებიან მთავრობები, მაგრამ ისინი ყოველთვის აგრძელებენ წინამორბედის დანაშაულებრივ პოლიტიკას საკუთარი მოქალაქეების და გარემოს მიმართ.

- ეს პირველი მოთხრობაა, თუ სხვა ნაწარმოებებიც გაქვთ?

- წელს გამოიცა ჩემი პირველი მოთხრობების კრებული 'ქალაქი და წმინდანები'. ასევე ჩემი მოთხრობა წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ითარგმნა ინგლისურად და აშშ-ში გამოიცემა. უამრავი იდეა მაქვს და იმედია,  მომავალში უკეთესად დავწერ.


-როდესაც ლიტერატურასთან ასე ახლოს ხარ, მომავალ პროფესიად ისტორიკოსობა რატომ აირჩიე?

-ვცდილობ ისტორიკოსი გავხდე. საქართველოს ისტორიის შესწავლა თავის დროზე ცნობილი ბელადის შეხედულებების მიხედვით წარიმართა. ის  ყველაზე გავლენიან ქართველ მეცნიერებს თავის აგარაკზე იბარებდა და მე-4 კლასელი ბავშვებივით აძლევდა მითითებებს. ისინიც ამ ყველაფერზე ამაყად წერენ თავიანთ მოგონებებში. (საკმარისია გადავხედოთ ნიკო ბერძენიშვილის ჩანაწერებს, რომელშიც აღწერილია მისი და სიმონ ჯანაშიას ვიზიტი სტალინის აგარაკზე). ამგვარი მიდგომით მივიღეთ პროპაგანდისტული და მითებით სავსე ისტორიის წიგნები.  ახალს არაფერს ვამბობ, ამ ყველაფერზე დიდი ხანია საუბრობენ. უმრავლესობა აღიარებს ამ პრობლემას, მაგრამ რეალური ცვლილებები არ მომხდარა. იმედია, ჩემი თაობა შეძლებს სხვა გზით წავიდეს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა