|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს

საბერძნეთში საყოველთაო რეფერენდუმი დაიწყო, რომლის მონაწილეებმაც პასუხი უნდა გასცენ შეკითხვას, უჭერენ თუ არა მხარს საერთაშორისო კრედიტორების პირობებს. რეფერენდუმზე დასმული შეკითხვა შემდეგნაირად ჟღერს: ”გაითვალისწინოს თუ არა საბერძნეთმა ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკისა (ECB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ 25 ივნისს წამოყენებული ორნაწილიანი პროექტის პირველი ნაწილი - "რეფორმები მიმდინარე პროგრამის დასრულებისთვის და მის შემდეგ" და მეორე ნაწილი - "ვალის მდგრადობის წინასწარი ანალიზი".
”ბიბისის” ცნობით, ხმის მიცემის უბნები ადგილობრივი დროით 7 საათზე გაიხსნა. რეფერენდუმის პირველი შედეგები დღეს საღამოსვე გახდება ცნობილი. რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება 9 855 მილიონ ამომრჩეველს აქვს, რომელთაგან 108 ათასი 18 წლის ამომრჩეველია. ხმის მიცემა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც საბერძნეთში იმყოფებიან. რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობაა მოქალაქეთა 40% მაინც მიიღებს. თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეთა აქტივობა საკმაოდ მაღალია და სავარაუდოდ, 80%-ს გადააჭარბებს. იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი ევროჯგუფის წინადადებას დათანხმდება, პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი თანამდებობის დატოვებით იმუქრება. თავის მხრივ, ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ თუ 5 ივლისის რეფერენდუმზე ბერძენი ამომრჩეველი საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას მხარს არ დაუჭერს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს.ევროზონის ლიდერები ათენისგან გადასახადების გაზრდას და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯების შემცირებას ითხოვენ, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება. საბერძნეთის საგარეო ვალი 323 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც საბერძნეთის მშპ-ის 180%-ს შეადგენს. საგარეო ვალიდან 60% საბერძნეთს ევროზონის ვალი აქვს, 10% - საერთაშორისო სავალუტო ფონდის, 6% - ევროპის ცენტრალური ბანკის. საბერძნეთში, რომლის მოსახლეობაც 2012 წლის მონაცემებით, დაახლოებით 11 მილიონს შეადგენს, 3 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფია, 1,5 მილიონი კი უმუშევარი.

ავტორი: ნიუპრესი