|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სირიელი ლტოლვილები და სირაქლემას პოზაში განაბული ევროპა"

 ქართველი ემიგრანტი, რომელიც სოციალურ ქსელში "facebook"  David Shannow-ს სახელითაა დარეგისტრირებული,  საბერძნეთის საზღვარზე გადასული სირიელი ლტოლვილების შესახებ წერს. როგორ ხვდება მათ ბებერი ევროპა და რამდენად ქმედითია მათი თანადგობა რადიკალი ექსტრემისტების რისხვას გამოქცეული ადამიანების მიმართ?

"სირიიდან ლტოლვილებზე აქამდეც უნდა დაგვეწერა, იმდენად სერიოზულადაა საქმე ელადასთვის და სრულიად ევროპისთვის.
პარასკევს გემით „ელეფთეროს ვენიზელოს“, დამატებით 2172 ლტოლვილი იქნა გადმოყვანილი ლესბოსიდან. ხუთშაბათს (წინა დილით) –2500 ლტოლვილი კვლავ მიტილინის, კოსის, ლეროსის და კალიმნოსის კუნძულებიდან. ლესბოსზე მათი რაოდენობა 8 000–ს აღწევს, ხოლო ზოგიერთ პატარა ბერძნულ კუნძულზე ლტოლვილთა რაოდენობამ 2–3 ჯერ გადააჭარბა ადგილობრივ მოსახლეობას (მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში ელადას აკვატორიას 21 000 კაცმა მოაღწია).

წესით, ქართველებს ლტოლვილები და მათი გაჭირვება არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ამ კადრებს უემოციოდ ვერ უყურებ – საწყისად, როგორ მოცურავენ კატერებით აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებამდე, რაოდენ გახარებულები დგამენ ფეხს ბერძნულ მიწაზე, აღუვლენენ რა სამადლობელს ალაჰს, მაშინვე. რა წვალებას, რიგებს და სიდუხჭირეს იტანენ (ქალებით, ჩვილი ბავშვებით სძინავთ ქუჩებში, სანაპიროებზე, საბუთისთვის ასაღებ რიგებში დღე–ღამეს ათენებენ, პოლიციამ ზოგიერთ კუნძულზე მათი რიგები სახანძროს წყლის ჭავლითაც კი დაშალა).



შემდეგში, იღებენ ზემოთხსენებული გემის ბილეთს (საბერძნეთის მთავრობა ბილეთის ღირებულებას მათ სრულად ახდევინებს), ჩამოდიან ათენში, პირეოსის პორტში და იქიდან ცდილობენ, გადაინაცვლონ სალონიკში, ჩრდილოეთ ელადაში. ჩადიან იქ, მიდიან მაკედონიის (სკოპია – ბერძნულად) რესპუბლიკის საზღვართან (ბერძნული დაბა იდომენის მიმდებარე ტერიტორია) და იქიდან, სკოპიის, უნგრეთის და სერბეთის გავლით ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებამდე მიღწევას ცდილობენ – ყველასგან მიტოვებულნი, საკვების, სამედიცინო მომსახურეობის და ტრანსპორტირების მხრივ მინიმალური დახმარებით – ის კი არა და სკოპიის პოლიციამ და ჯარის სასაზღვრო შენაერთებმა გუშინ მათ ცეცხლიც კი გაუხსნეს (პლასტიკური ტყვიებით), რის შედეგადაც სამი ლტოლივილი დაიჭრა, რომელთაგან ერთ–ერთს უთქვამს: „სირიაში გადავურჩით სროლას და ბომბებს, სადაც ომია და აქ, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში გვკლავთო?!“

დაახლოებით იგივე სიტუაციაა იტალიაშიც.
და სწორედ აქ გიჩნდება კითხვა – სად არის მრავალმილიარდ/ბიუჯეტიანი და ჰუმანური ევროპა და იგივე – აშშ, ან სულაც – გაერო?! როგორ შეიძლება, მინიმალური დახმარების ანაბარა დატოვო ეს ხალხი, ამდენი ლამაზი პროექტის, გეგმის, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების (ქაღალდზე, ალბათ!) ავტორმა ?! ცხვირწინ ადამიანური კრიზისია, ასიათოსობით ლტოლვილი შენს საზღვრებთანაა მომდგარი და რაიმე გეგმის ან ორგანიზება/დახმარების გარეშე, ქუჩაში აცხოვრებ მათ, წყლის ნაკადით შლი, ტრანსპორტირების ხარჯს ახდევინებ (მე, სირიელების ადგილზე, სიცოცხლის ბოლომდე შევინახავდი ამ სამარცხვინო, ელინურ ბილეთს!) და ასე, ცხვარივით, საზღვარ–ქვეყანა ფეხით მიმავალს, ტყვიასაც უშენ გზადაგზა???!!!

იგივე უთქვამს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს, იდომენიში ჩასულს, გუშინ – ეს არ არის მხოლოდ საბერძნეთის, სკოპიის ან გერმანიის პრობლემა, ეს სრულიად ევროპის და არა მარტო, გლობალური პრობლემაა და მიდგომაც შესაბამისი უნდა იყოს, რაიმე გეგმა უნდა არსებობდესო.

გეტყოდით, სადაც არის ეს გეგმა...
(ისე, ერთს დააკვირდით? – სირიელი ლტოლვილებიც კი გავლით მიდიან, არ რჩებიან ელადაში, ატყობთ? – ისინიც კი ჩვენზე წინდახედულნი ჩნდებიან...)"-წერს პოსტის ავტორი სოციალურ ქსელში.

ავტორი: ნიუპრესი