ვინ და როგორ დაინაწილა ლითოფონის ქარხნის საკუთრება?
საბჭოთა ინდუსტრიის გიგანტი, ქუთაისის ლითოფონის ქარხანა დღეს უკვე არაარსებული ქარხნების რიცხვს მიეკუთვნება. ქარხნის ძველი მემკვიდრეობა მიმდინარე წელს სამმა საწარმომ გადაინაწილა. როგორ მიდიოდა ქუთაისის ლითოფონის ყოფილი ქარხნის წილებისა და ტერიტორიების გადანაწილება და ვინ რა საქმიანობას აწარმოებს მიღებულ ფართობზე? როგორც ირკვევა, ს/ს ლითოფონის ქარხნის სახელმწიფო წილი - აქციათა 51% სრულად აღმოჩნდა ერთ-ერთი კერძო კომპანიის საკუთრებაში, რომლის მფლობელები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაახლოებულ პირებად მოიაზრებიან.
31 ჰა მიწის ფართობზე განთავსებული ლითოფონის ქარხანა გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენდა და საბჭოთა კავშირში ერთადერთი საწარმო იყო, რომელიც ლითოფონს აწარმოებდა. მოგვიანებით, 1954 წლიდან ქარხანაში შაბიამნის და საღებავების წარმოების ხაზი ამუშავდა. საწარმოში ყოველწლიურად 36 000 ტონა საღებავს აწარმოებდნენ, რომლის რეალიზაციას მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ახდენდნენ.
1960-იან წლებში ქარხანამ მინერალების, ბარიტის და კალციტის დაფქვაც აითვისა. იმ დროისათვის ლითოფონში 1200 ადამიანი იყო დასაქმებული. საბჭოთა ეპოქის დასრულებისთანვე მუშახელმა და პროდუქციამაც თანდათანობით მოიკლო. 2007 წლისთვის ქარხანაში 70 ადამიანი მუშაობდა.
ქუთაისის ლითოფონის ქარხანა სააქციო საზოგადოებად 1996 წელს ჩამოყალიბდა, რომლის აქციათა 51%-ს 2011 წლამდე სახელმწიფო განკარგავდა.
2005 წელს ქუთაისში, ყოფილი საბჭოთა გიგანტების გაკოტრების რეჟიმში მასიურად გადასვლის პროცესი სს „ლითოფონის ქარხანას" არ შეხებია. თუმცა, ქარხანაში გაცილებით ადრე დაწყებული წარმოების ჩამოშლის და ინფრასტრუქტურის რღვევის პროცესი დღემდე მიმდინარეობს.
2007 წლიდან ხელისუფლებამ სს „ლითოფონის ქარხანა" აუქციონზე არაერთხელ გაიტანა, თუმცა, ქარხანას მყიდველი არც ერთხელ არ გამოუჩნდა.
2007 წელს, ეკონომიკის სამინისტროს შუამავლობით, საწარმოს შეძენა ებრაელ ინვესტორს სურდა, რაშიც ინვესტორი 1 მლნ დოლარს იხდიდა, მაგრამ ეს გარიგება მომდევნო წელს, სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების გამო ჩაიშალა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ებრაელ ინვესტორთან მიმდინარე გარიგებაში. საუბარია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ბექა ოქროსცვარიძესა და პრივატიზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა მოისწრაფიშვილზე, რომლებიც 2008 წელს, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე (350 000 აშშ დოლარი) დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებოდათ რუსთავი-თბილისის გზატკეცილის მე-17 კილომეტრზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთების და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გადაცემა დაბალ ფასად საქართველოს მოქალაქე თამაზ მაჩალაძეზე. იგივე მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ებრაელ ინვესტორთანაც, რომელსაც სს „ლითოფონის ქარხნის" შესაძენად ბე-ს სახით 100 000 დოლარი გადახდილი დარჩა.
2011 წელს ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოს 51% ცალკე, დამოუკიდებელი სახით გაიტანა და აუქციონის წესით დეველოპერულ კომპანია შპს „ლაჰილს" მიყიდა, რომელსაც ამჟამად 8ჰ მიწის ნაკვეთი უჭირავს. კომპანიამ ამ შენაძენში, როგორც ხელმძღვანელი აღნიშნავს, 1 700 000 ლარამდე გადაიხადა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ლაჰილი"-ს 100%-იან წილს ამჟამად ლაშა ლანჩავა ფლობს.
2011 წლის 13 სექტემბერის მონაცემებით, შპს „ლაჰილის" დირექტორი გელა ნუცუბიძე გახლავთ. ხოლო კომპანიის პარტნიორი არის შპს „ლაგი" (100%). თავის მხრივ, შპს „ლაგი" 100%-ით ლაშა ლანჩავას საკუთრებაა.
აღსანიშნავია, რომ ძმები გიგა და ლაშა ლანჩავები ქუთაისის ყოფილ მერსა და ამჟამად პარლამენტარ გია თევდორაძესთან დაახლოებულ პირებად მოიაზრებიან. აღნიშნული ქონება „ლაჰილმა" სწორედ თევდორაძის მერობის დროს შეიძინა.
თევდორაძესთან ნათესაურ კავშირს არ უარყოფს კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ლაშა ლანჩავა, თუმცა მასთან ბიზნეს ურთიერთობებს არ ადასტურებს. „გია თევდორაძის მამა ჩემი
ავტორი: დეა მანაგაძე