|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამზარეულოს ფესტივალი ერთიანობითა და გაყოფით

აფხაზეთის საზღვართან, ენგურის გაღმა მდებარე სოფელი ხურჩა 25 ნოემბერს შეხვედრის ადგილად იქცა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები ერთი დიდი სუფრის გარშემო შეიკრიბნენ, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის და ასევე, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების სამზარეულოების კულინარიული შედევრები ამშვენებდნენ.

„ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალმა“ ასობით ადამიანი მოკრიბა კონფლიქტის ზონასთან ახლოს მშვიდობაზე დიალოგისთვის. ფესტივალის ორგანიზატორებს წარმოადგენდნენ: ასოციაცია „მშვიდობიანი  და საქმიანი კავკასია“, ქართულ-აფხაზურ-ოსური კოალიცია, საზოგადოება „ზუგდიდელი“, არასამთავრობო ორგანიზაცია  „გალი-დღე ხვალინდელი“, სათემო ცენტრი „ხურჩა“  და სხვები.

„მოდით, დავფიქრდეთ ხურჩიდან, ამ გადასახედიდან თუ როგორ ვიცხოვროთ მომავალში, რომ იყოს მშვიდობა მთელ რეგიონში, საქართველოში, კავკასიაში. სამზარეულო ეს ისეთი მიმართულებაა, რომელიც ყველას აერთიანებს. ვერავინ უარყოფს იმას, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისა და ეთნიკური ჯგუფების სამზარეულოში, მიუხედავად მათი მრავალფეროვნებისა, ბევრი საერთო მაინც არის“, - ამბობს  ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ თავმჯომარე ალუ გამახარია.

სუფრას, ორგანიზატორთა თქმით, გარკვეული ერთიანობის სიმბოლოს, საქართველო სიმბოლურად უნდა გაეერთიანებინა. ეს სიმბოლურად. თუმცა რეალური სურათი ერთიანობის საფუძველს ნაკლებად ქმნიდა.

სოფელს პატარა ხიდი ორად ყოფს, ხიდის დასასრულს, სრულდება საქართველოს დე ფაქტო საზღვარი.

გადასვლა დიდი პრობლემაა. რუსმა სამხედროებმა საზღვარზე არ გადაუშვეს მეზობელ სოფელში დაკრძალვაზე მიმავალი ხურჩელები. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით „ადრე“ გადადიოდნენ, მაგრამ „დღეს“ ვერ გადადიან. ბოლო პერიოდის სიმკაცრის მიზეზი მათთვის უცნობია. ხურჩელები ამბობენ, რომ წლების წინ, როდესაც რუს სამხედროებთან ერთად აფხაზებიც პატრულირებდნენ, აფხაზეთში გადასვლა გაცილებით მარტივი იყო. ყოველთვის შეიძლებოდა აფხაზ სამხედროებთან მოლაპარაკება. დღეს მხოლოდ რუსი სამხედროები აკონტროლებენ საზღვარს, სიტუაციაც შეიცვალა, ბოლო პერიოდში კი საერთოდ დამძიმდა.

სოფლელები ყვებიან გაცილებით ტრაგიკულ ისტორიას, ცოტა ხნის წინ, თუ როგორ არ გადმოუშვეს რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის მხრიდან ზუგდიდის საავადმყოფოში მიმავალი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. ჭირისუფალი იძულებული გახდა იგი ტყე-ტყე ეტარებინა, რომ სადმე საზღვრის გადმოჭრის შესაძლებლობა ეპოვა, მაგრამ ავადმყოფი გზაში დაიღუპა.

25 ნოემბერს საზღვრის დაცვა გაძლიერებული იყო. ადგილობრივების თქმით ეს ფესტივალმა განაპირობა. ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალი, რომელსაც ბევრი სტუმარი ყავდა, საზღვრის ჩაკეტვის კიდევ ერთი მიზეზი გახდა.

„დღეს დაკრძალვაზე ვერ წავედი გზები დაკეტილია. ამბობენ, ვიღაც რუსის გენერალია ჩამოსულიო, გაიგეს ალბათ ხურჩაში ზეიმი რომ არის და ზეიმის ეშინიათ, ტანკის ეშინიათ, ჩვენ კეთილი ხალხი ვართ და რატომ ეშინია ამ რუსს ვერ გავიგე?! აფხაზებთან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ადრე გადასული რომ ვიყავი უცნობმა აფხაზმა დიდი პატივი მცა. ჩვენ მეზობლები ვართ ჭირში და ლხინში. მეზობლის სახლში რატომ უნდა შეიპარო? პირდაპირ რომ შეხვალ ამას რა ჯობია?! წყლით გავდივარ ხოლმე, მაგრამ რომ დამიჭირონ?! სულ რატომ უნდა მეშინოდეს?!“, - ამბობს ხურჩის ერთ-ერთი მცხოვრები.

როგორც საზღვართან აგვიხსნეს, „საზღვრის დამრღვევებს“ რუსი სამხედროები იჭერენ, გალში გადაჰყავთ და ჯარიმა 20 ათასი რუბლის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

„საზღვრის დარღვევა“ მოუწიათ აფხაზებსაც. ფესტივალის ორგანიზატორთა ინფორმაციით აფხაზთა ჯგუფს ფესტივალზე საკუთარი სამზარეულო უნდა წარმოედგინა. და საერთოდ, ფესტივალის ხურჩაში გამართვის ერთ-ერთი მიზეზი აფხაზების ფესტივალში აქტიურად ჩართვის სურვილი იყო. თუმცა საზღვარზე გამკაცრებულმა წესებმა ისინი შეაფერხა. მაგრამ ფესტივალს რამოდენიმე მაინც ეწვია. მათი „არალეგალური“ ყოფნა გახდა მიზეზი იმისა, რომ პრესასთან ურთიერთობაზე უარი თქვეს. თუმცა კერძო საუბრებში ქართველებთან „ძველ“ და „მეზობლურ“ ურთიერთობებზე მათაც გამოხატეს მონატრება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, თანაც სწორედ ხურჩაში: ეს არის კავკასიური სამზარეულოების ფესტივალი. მე მგონი ამ ტიპის ღონისძიებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს კვაკასიელ ხალხს. ეს ერთობა არა მარტო სამზარეულოშია, კულტურაშია, სიმღერაში, ცეკვაში და ა.შ. და ეს უნდა გადავიტანოთ საერთო ღირებულებებზე. სახელმწიფო ღირებულებებზე, უნდა მივხვდეთ, რომ პოლიტიკური მიზეზით გაყოფა სასაცილოა, როცა ამდენი ერთობა გვაქვს სხვა მიმართულებით“, - განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

„სხვა მიმართულებით ერთობის“ სიმრავლე ფესტივალმა აჩვენა, თუმცა ისიც ცხადი გახადა, რომ მრავალ ერთობას შეიძლება ერთმა გაყოფამაც ძალიან შეუშალოს ხელი - გაყოფამ საზღვრის. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი