ლობისტების გარეშე დარჩენილი „ჰერკულესი“ დანაშაულს აღიარებს
ქუთაისში მდებარე მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესი“
ფუნქციონირების ნებართვას გახსნიდან დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ ითხოვს. საწარმო,
რომელსაც ქალაქის ორი უბნის მაცხოვრებლები მათი და ქარხანაში დასაქმებულთა ჯანმრთელობის
მთავარ მტრად მიიჩნევენ, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოპოვებას ოფიციალურად ახლა
ცდილობს. თუმცა, დოკუმენტის განხილვა, რომელმაც ნებართვის გამცემი ორგანო საწარმოს
გარემოსადმი უვნებლობაში უნდა დაარწმუნოს, მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იგეგმება.
დეკუმენტის განხილვა ქუთაისში, წერეთილს უნივერსიტეში, 31 დეკემბერს, 12 საათზე შედგება.
შპს „ევრაზიანსთილსის“ კუთვნილი ქარხანა „ჰერკულესი“
ქუთაისში, ქართულ-ინდური ინვესტიციით 2009
წელს გაიხსნა. ამ ხნიდან მოყოლებული ავანგარდისა
და ე.წ. „პასილოკის“ დასახლებაში მცხოვრებმა მოსახლეობამ თუ პოლიტიკურმა პარტიებმა არაერთი აქცია გამართეს, სადაც ქარხნის მიერ გარემოს
დაბინძურებისა და ადამიანების მოწამლვის ფაქტებზე
საუბრობდნენ.
მოსახლეობამ ქალაქის მერიას განცხადებებით მიმართა,
გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ საწარმოს შემოწმებაც მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. წარუმატებელი
ბრძოლების შემდეგ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებმა დაასკვნეს, რომ საწარმოს
ხელისუფლებაში ძლიერი ლობისტები ჰყავდა, რომლებთანაც ვერაფერს გააწყობდნენ. უფრო მეტიც, „პასილოკის“ დასახლებაში მკვიდრთა ნაწილმა
საცხოვრებლის გაყიდვის გადაწყვეტილებაც მიიიღო.
მოსახლეობის მიერ გამართულ ყოველ საპროტესტო აქციაზე
საწარმოს ხელმძღვანელობას ერთადერთი პასუხი ჰქონდა, რომ ისინი კანონის სრული დაცვით მოქმედებდნენ. ხოლო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე
მაცხოვრებელთა შიშები თუ პრეტენზიები უსაფუძვლო იყო.
თუმცა, როგორც ირკვევა, საწარმოს ადმინისტრაცია ქარხნის
საქმიანობის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას ახლა ცდილობს. აღნიშნულზე საუბრობს გარემოსდამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა
მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ დარბაზის წევრი
თემურ კეპულაძე. მისი თქმით, მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დაგეგმილი საწარმოს გარემოზე ზემოქმედების
შეფასების დოკუმენტის განხილვა იმას ნიშნავს,
რომ „ჰერკულესი“ ამ დრომდე კანონმდებლობის
უხეში დარღვევით ფუნქციონირებდა.
„განსახილველი
დოკუმენტი ისე არის შედგენილი, არსად არის ნახსენები, რომ ეს საწარმო უკვე ფუნქციონირებს.
საქმე ისეა ნაჩვენები, თითქოს მომავალში უნდა
მოხდეს მისი მშენებლობა და შემდეგ ალბათ ექსპლოატაციაში მიღება,“ -
ამბობს კეპულაძე.
განსახილველი დოკუმენტის მეხუთე გვერდზე აღნიშნულია,
რომ წარმოდგენილი დოკუმენტი პროექტირების სტადიაზეა. თემურ კეპულაძის თქმით, მათი ვარაუდი
იმის შესახებ, რომ ქარხანა ყოველგვარი ნებართვის გარეშე საქმიანობდა, კიდევ უფრო მყარდება
დოკუმენტის მეექვსე გვერდზე, სადაც ვკითხულობთ,
რომ: „განსახილველად წარმოდგენილი მეტალურგიული ქარხნის მუშა პროექტის ეკოლოგიური ნაწილი მშენებლობისა და ოპერირების ფაზების სრულ აღწერილობას
შეიცავს“.
„კიდევ ერთხელ
უნდა ვთქვათ, რომ გაუგებარი მიზეზების გამო საწარმოს ფუნქციონირებისათვის არავითარი
ნებართვა არ გააჩნდა. საქართველოს კანონმდებლობით კი ამ ტიპის საწარმოს მშენებლობის
ნებართვა უნდა გაცემულიყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ და ნებართვის შემადგენელი ნაწილი
უნდა ყოფილიყო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. რადგან ასეთი გარემოსდაცვითი ნებართვა
გაცემული არ იყო, მაშინ არც მშენებლობის ნებართვა უნდა გაცემულიყო,“ -
ამბობს თემურ კეპულაძე.
კეპულაძე მიიჩნევს, რომ საწარმო დაგვიანებით, მაგრამ
მაინც ცდილობს შეცდომის გამოსწორებას. ხოლო
დოკუმენტის განხილვის თარიღად 31 დეკემბრის არჩევას გარემოსდამცველი ქარხნის ხელმძღვანელობის შიშს უკავშირებს.
„როგორც სჩანს,
მათ ძალიან ეშინიათ საზოგადოების. ეს ისეთი თარიღია, როდესაც ნებისმიერი ადამიანი,
გაჭირვებული თუ დალხინებული, ახალი წლის შესახვედრად ემზადება და განხილვაზე ვერ მივა.
არადა კანონმდებლობა ამბობს, რომ საჯარო განხილვა ინფორმაციის გამოქვეყნებიდან უნდა
დაინიშნოს არაუადრეს 50 და არაუგვიანეს 60 დღისა. საკითხავია, ამ 10-დღიან შუალედში
რაღა მაინცადამაინც 31 დეკემბრის თორმეტი საათი აირჩიეს? ჩვენში, ეს, როგორც ეს ახლა
მოდაშია, საფუძვლიან ეჭვს იწვევს,“ - ამბობს თემურ
კეპულაძე.
მისი თქმით,
ქვეყანაში არც ერთ გარემოსდამცველს აზრად არ მოდის საწარმოების წინააღმდეგ ბრძოლა.
როგორც გარემოსდამცველი განმარტავს, გარემოს დაცვა არ გულისხმობს მეწარმეობის წინააღმდეგ
წასვლას. კეპულაძე ამბობს, რომ მისი მიზანია
ყველა ემორჩილებოდეს კანონს და კანონმდებლობით გათვალისიწინებული მოთხოვნები განახორციელონ.
გარემოსდამცველი
წინა ხელისუფლების პერიოდში გარემოს დაცვისადმი ჩამოყალიბებულ მიდგომებსაც აკრიტიკებს
და აცხადებს, რომ მისთვის ამგვარი რამ მიუღებელია. თუმცა აღფრთოვანებას არც ახალი ხელისუფლების
გარემოსადმი დამოკიდებულებით გამოთქვამს. ამის მაგალითად კი პარლამენტის ვიცე-სპიკერის
მანანა კობახიძის პასუხი მოჰყავს. როგორც კეპულაძე
ამბობს, კობახიძემ „ჰერკულესის“ პრობლემასთან დაკავშირებით მოქალაქის
მიერ დასმულ კითხვას ამგვარად უპასუხა, საწარმოს
ხომ არ დავხურავთო. კეპულაძის განცხადებით,
ანალოგიურ მიდგომას აფიქსირებდა გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე.
„გარემოს დაცვაზე
უარყოფითად აისახა როცა დაინგრა გარსემოს დაცვითი კანონმდებლობა და ყოფილმა პარლამენტმა
მიიღო შესწორება ე.წ. „ინდულგენციის შესახებ კანონში“. კანონის მიხედვით, გარკვეული საზღაურის საფასურად
მეწარმეს შეუძლია მიიღოს უფლება როგორც უნდა ისე გამოიყენოს ბუნება. არადა გარემოს
დაცვა მეწარმისა და ბუნების ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს. ზესტაფონის მეტალურგიულ
წარმოებას ახლა ხომ არ დავხურავთ? უნდა მივცეთ
ვადა მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ მეწარმეს
უფლება დღეს, აგვიშენოს ისეთი საწარმო, რომელსაც არ ექნება ნებართვა,“ -
ამბობს კეპულაძე.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის
გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მისთვის „ჰერკულესის“ საკითხი ნაცნობია. ცაგარეიშვილის
თქმით, იმერეთის რეგიონში „ჰერკულესის“
მსგავსად, არც ერთ მსხვილ საწარმოს არ ჰქონდა
აღებული გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. აღნიშნულს კომიტეტის ხელმძღვანელი სისხლის სამართლის დანაშაულად თვლის და აცხადებს, რომ ამგვარ საწარმოებს გარემოს
დაცვის ყოფილი მინისტრი და ჩინოვნიკები მფარველობდნენ.
„ჩვენ ამ მოკლე
პერიოდში რამდენჯერმე შევამოწმეთ ზესტაფონის ფერო, რომელიც ერთხელ 7 000 ლარით იყო დაჯარიმებული და ნებართვის
გარეშე მაინც აგრძელებდა მუშაობას. სამინისტრომ
მოახდინა ხელმეორე შემოწმება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოძიებული მასალები
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დაწესებულებაში გადაგვეგზავნა. ჩვენს მიერ მოკლე პერიოდში გატარებული ღონისძიებების შედეგად,
ქარხანა „ჰერკულესის“ წარმომადგენლობა გამოცხადდა სამინისტროში და ნებართვის გაცემა მოითხოვა. ეს მოხდა იმიტომ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო დადგა თავის დონეზე და
უკანონო ლობისტობა ჩაბარდა წარსულს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში კანონის წინაშე ყველა იქნება თანასწორი. არც ერთი ბიზნეს ჯგუფი, არც ერთი ადამიანი
არ ისარგებლებს არავითარი პრივილეგიით, როცა
ის არღვევს გარემოს დაცვის პირობებს,“ - ამბობს ცაგარეიშვილი.
შპს „ევრაზიანსთილსის“
მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ დირექტორის მოადგილე ამირან ჩიტორელიძე ქარხნის
მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს. მისი
თქმით, ქარხნის პროექტი ქართველებმა და ინდოელებმა ერთობლივად შეიმუშავეს. ხოლო საპროექტო დავალებაში მითითებული იყო რა დონის და
რა წარმადობის საწარმო უნდა აშენებულიყო.
როგორ ჩიტორელიძე ამბობს, ქარხნის ექსპლოატაციაში
გაშვებას სახელმწიფო კომისიის წარმომადგენლებთან
ერთად ქვეყნის პრეზიდენტიც ესწრებოდა. კომისიამ საწარმოს დროებითი ფუნქციონირების ნებართვა მისცა. ჩიტორელიძის
თქმით, ქარხანა ექსპერიმენტულ რეჟიმში მუშაობდა, რადგან თითოეულ ღუმელს გაწყობა და
რეჟიმში შეყვანა უნდა. საწარმოს დირექტორის
მოადგილე აცხადებს, რომ ქარხანა ორჯერ შეამოწმა გარემოს დაცვის ინსპექციამ, თუმცა დარღვევები
ვერ აღმოაჩინა.
„ჩვენ გვიდგას
გამწმენდი მოწყობილობა წყალზე. გვაქვს ორი დიდი გამწოვი ვენტილატორი. ღუმელების თავზე
ვხმარობთ ხუფებს, სადაც გროვდება ბოლი და ჰაერთან შერეული მტვერი გამოიწოვება ამ ვენტილიატორით. ქარხნის გაშვების წინ ჩვენ თვითონ დავუკვეთეთ ინსპექციას
შემოწმება, თუმცა მტვრის რაოდენობა და რამდენიმე ელემენტი მტვერში, რაც საშიშია ადამიანისათვის,
ზღვრულ ნორმაზე ნაკლები აღმოჩნდა. მოსახლეობის
საჩივრის საფუძველზე ექსერტებმა მიმდინარე წლის ივნისში მეორედ შეგვამოწმეს და იმისათვის
დაგვაჯარიმეს 7 000 ლარით, რომ თავის დროზე გაანგარიშება არ გვქონდა გაკეთებული,“ -
ამბობს ამირან ჩიტორელიძე.
როგორც ჩიტორელიძე განმარტავს, გაანგარიშება არ გააკეთეს
იმიტომ, რომ საწარმო წარმადობას ხან უკლებდა
და ხან უმატებდა. ის დოკუმენტი კი, რომელიც
გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დევს, მისი თქმით, იმიტომ არის გაკეთებული, რომ დაინტერესებული პირები
გაეცნონ და შენიშვნები ქარხნის ადმინისტრაციას მიაწოდონ.
„სპეციალისტებმა
ჩვენი დაკვეთით შეადგინეს ეს გაანგარიშება. 25 დღეა უკვე სამინისტროს გვერდზე დევს იმისათვის, რომ ამაზე აღარ იყოს ლაპარაკი.
7000 ლარიანი ჯარიმა მაგ დოკუმენტის არარსებობისთვის დაგვაკისრეს. დოკუმენტის განხილვა
მარტო 31 დეკემბერს კი არ არის, ყოველდღეა.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქარხანა ახლა ცდილობს ნებართვის მიღებას,“ -
ამბობს ამირან ჩიტორელიძე.
დოკუმენტის ავკარგიანობას, რომელმაც „ჰერკულესის“ მიერ
გარემოს დაბინძურების კუთხით არსებული ეჭვები სპეციალისტებს კიდევ უფრო გაუმძაფრა,
გარემოსდამცველები უკვე სწავლობენ. სპეციალისტები შესწავლის შედეგებს საზოგადოებას
ალტერნარტიულ განხილვაზე შესთავაზებენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე