|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მძღოლები მასშტაბური გაფიცვით იმუქრებიან

ქუთაისში, სხვადასხვა საავტობუსო ხაზებზე მომუშავე მძღოლებმა გამარფრთხილებელი  აქცია გამართეს.

მძღოლები ქალაქში გზის დაზიანებული საფარის აღდგენას მოითხოვენ და ასევე, მიკროავტობუსების რიცხვის ზრდას აპროტესტებენ.

გამაფრთხილებელ  აქციას  #4, #5,  #19 და #20 საავტობუსო ხაზზე დასაქმებული მძღოლები შეუერთდნენ.

#5 და #20 ავტობუსების მძღოლების მოთხოვნას, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ე.წ. პასილოკის დასახლებაში გზის დაზიანებული საფარის აღდგენა წარმოადგენს.

„არ შეიძლება ასე მუშაობა. დაგვენგრა ტრანსპორტი. ორმოებს ვუფრთხით, მაგრამ თუ მაინც ჩავარდი, ისე ვარდები, გგონია, რომ ტრანსპორტმა რომელიმე ნაწილი შიგნით დატოვა,“- ამბობენ მძღოლები.

გზის საფარის აღდგენის გარდა, მძღოლების მოთხოვნას ქალაქში მიკროავტობუსების რიცხვის ზრდის პროცესის დარეგულირებაც წარმოადგენს.

„მიკრტოავტობუსების გამო ჩვენ ვეღარ ვმუშაობთ. ზოგჯერ გრაფიკით გაწერილზე მეტი ტრანსპორტი გამოდის სამუშაოდ. ჩვენ რა ვქნათ, საწავავის ხარჯსაც ვერ ვიღებთ. ქალაქის მერიაში იყო მძღოლების შეხვედრა და პრობლემის მოგვარებას დაგვპირდნენ,“ - ამბობს მძღოლი მურთაზ სულაგაძე.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ გზასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას წარმოადგენს. რაც შეეხება მიკროავტობუსების რაოდენობას, სამსახურში ამბობენ, რომ მძღოლების პრეტენზიები უსაფუძვლოა, რადგან  თავის დროზე მათ ვერ შეძლეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

„ჩვენ პირიქით, მათთან გვაქვს პრეტენზიები. ტრანსპორტი არის მოძველებული და თუ არ გამოცვლიან, კონკურენციის პირობებში მაგ ტრანსპორტს მგზავრი არ ეყოლება. 1983 და 1984 წლებში გამოშვებული ტრანსპორტით დადიან. ზამთარში საერთოდ უფუჭდებათ. ჩვენ არ ვთხოვთ მაგათ ახალ ავტობუსებს. შემოგთავაზონ მაღალი ხარისხის მომსახურება, განახლებული ავტოპარკი და ყველანაირად შევუწყობთ ხელს, შევამცირებთ მიკროავტობუსებს. ჩვენ ახლა სატრანსპორტო სქემები ისე გვაქვს აწყობილი, რომ ორივე ტრანსპორტი დადის. მაგათ ანგელოზებად რომ მოაქვთ თავი, არაკონკურენტუნარიანია მათი სატრანსპორტო საშუალელები,“ -  ამბობს მერიის ტრანსპორტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი დავით კბილაშვილი. თუმცა, თავის დროზე, სწორედ ტრანსპორტის სამსახურმა გასცა ნებართვები (ტენდერის შედეგად) რომ ზემოთაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებს ემუშავათ საქალაქო საავტობუსო ხაზებზე.

რაც  შეეხება მძღოლების მიერ დასახელებულ გზის პრობლემას,  კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის ლევან ჭანჭალეიშვილის თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე  არსებული გზა ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა შეაკეთოს. როგორც ჭანჭალეიშვილი ამბობს, გზა  დაპროექტებულია და ბიუჯეტში  პროექტის განხორციელებისათვის საჭირო 2.5 მილიონი უკვე დევს.

„თაბუკაშვილის ქუჩაზე იდეალური გზა არასოდეს ყოფილა. როგორც კი სამშენებლო სამუშაოებისათვის შესაბამისი პერიოდი დადგება, გზის შეკეთება დაიწყება და ბოლომდე გაკეთდება. მანამდე ცოტა მოითმინონ,“ - ამბობს ლევან ჭანჭალეიშვილი.

მძღოლები კი თავიანთი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთვევაში მასშტაბური გაფიცვით იმუქრებიან. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე