ქუთაისის ცენტრში მიწის ფასი 4–ჯერ ძვირდება
ქუთაისის ცენტრალურ
ტერიტორიაზე გასაყიდი, 1 კვ. მიწის ფასი 140 ლარიდან 600 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ
ზონაში მყოფ მეიჯარეებს კი გადასახადების გაზრდის საფრთხე ემუქრებათ.
დადგენილება მიწის
ნორმატიული ფასის შეცვლის თაობაზე ქალაქის საკრებულომ მიიღო. მაშინ როდესაც, ბოლო წლების
სტატისტიკის მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე (1 ზონაში ) მიწები პრაქტიკულად
არ გაყიდულა.
2009–2011 წლების
მონაცემებით, ქუთაისის პირველ ზონაში, აუქციონის წესით მიწების პრივატიზება თვითმმართველობამ მხოლოდ
2010 წელს მოახერხა. თუმცა, მაშინაც საპრივატიზაციოდ გამოტანილი მიწების მხოლოდ
15% გაიყიდა. რომლითაც ბიუჯეტი 51 000 ლარით შეივსო.
2009 და 2011 წლებში
კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში (1 ზონა) თვითმმართველობამ მიწები საერთოდ ვერ გაყიდა.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი, მალხაზ ჭრელაშვილი აცხადებს, რომ მიწის ნორმატიული ფასის გაზრდა, პრივატიზაციის შედეგებზე კიდევ უფრო ცუდად აისახება.
აღსანიშნავია, ისიც რომ საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა იმ ხელშეკრულების გადახედვა მოხდება, რომლებიც თვითმმართველობას მეიჯარეებთან აქვს გაფორმებული.
„ნებისმიერი მეიჯარე,
რომელიც აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას ქალაქის ცენტრალურ ზონაში, გარკეული პერიოდის
შემდეგ მას გაუძვირდება მიწის გადასახადი,“ – აცხადებს მალხაზ ჭრელაშვილი.
შევა თუ არა ძალაში
ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება მიწის ნორმატიული ფასის კორექტირების
თაობაზე, უახლოს პერიოდში გაირკვევა.
აღნიშნულ დოკუმენტს საბოლოოდ იუსტიციის სამინიტრო ამტკიცებს. თუმცა, მანამდე ის კორექტირებისათვის იმერეთის გუბერნატორს გადაეცა. რადგან, ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს დადგენილება სრულ შეუსაბამობაში მოდის პრეზიდენტის ბრძანებულებასთან, მიწის ნორმატიული ფასის დადგენასთან დაკავშირებით.
„საკრებულოს მიერ მიღებულ დაგდგენილებაში არ არის ფორმულირებული, თუ როგორ დგება მიწის ნორმატიული ფასი. ამიტომ ის კორექტირებისთვის გუბერნატორს გადაეცა,“ – აცხადებს მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გუბერნიიდან საკრებულოში შენიშვნა უკვე გადაგზავნილია.
„ახლა კორექტურა მიმდინარეობს საკრებულოში. სავარაუდოდ, საკრებულოს მომდევნო სხდომაზე დადგენილებას მიიღებენ იმ სახით, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებასთან მოდის შესაბამისობაში,“ – აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
საკრებულოს მიერ დადგენილების მიღებამდე ქუთაისში 1 კვ. მიწის მინიმალური ფასი 7 ლარს (ქალაქის მესამე ზონაში) შეადგენდა. მაქსიმალური – 140 ლარს. მიწის ნორმატიული ფასის შეცვლის შემდეგ, მიწის ფასი 10 ლარიდან 600 ლარამდე გაიზარდა.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე