|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიტიკურ ინტერესებს შეწირული ქუთაისური ჯიპი

2002 წელს ქუთაისის "ავტოქარხანამ" ქართულ–ინდური ავტომობილი "ბოლერო მაჰინდრა" გამოუშვა. ქართული ავტოინდუსტრიის ისტორიაში ეს  პროექტი ერთადერთი და საბოლოო აღმოჩნდა.


შვიდადგილიანი "ბოლერო მაჰინდრა"

50-მდე შვიდადგილიანი "ბოლერო მაჰინდრას", ორადგილიანი და  ხუთადგილიანი პიკაპის ჯიპების აწყობა ქართულ–ინდური პროექტის პირველი ნაწილი იყო.

11 000 დოლარად შეფასებული ქუთაისური ჯიპები  ადგილობრივმა მეწამეებმა და სახელმწიფო უწყებებმა შეიძინეს.

სახელმწიფო დაწესებულებებიდან "ბოლერო" ქუთაისის სასამართლომ,  თბილისის მერიამ და საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა იყიდა, ხოლო კერძო პირებიდან ისინი იმერეთის მაშინდელმა გუბერნატორმა და სპორტსმენმა ლერი ხაბელოვმა შეიძინეს.

ქუთაისის სს მექანიკური ქარხნის დირექტორი რევაზ ხაზარაძე რამდენიმე წელია ჯიპის – "ბოლერო მაჰინდრა GLX"  მფობელია. რევაზ ხაზარაძის თქმით, წლების განმავლობაში მანქანა ერთგულად ემსახურა. თუმცა, ამჟამად ჯიპი ტექნიკური პრობლემის გამო, ერთ კვირაზე მეტია ქარხნის ეზოში უმოქმედოდ დგას.

"ბოლეროს" სტარტერი დაუზიანდა, რომლის დეტალი ავტომომსახურების ცენტრებში დეფიციტი აღმოჩნდა.

მანქანისათვის საჭირო ყველა დეტალი, მათ შორის მანქანის შეღებილი კაბინებიც,  ქუთაისში ინდური საწარმოსგან ჩამოდიოდა. ქარხინის მთავარი კონსტრუტორის შალვა ბეროზაშვლის თქმით, დიზელის საწვავზე გათვლილი ქუთაისური ჯიპები იმ პერიოდისათვის საკმაოდ გამართული მანქანები იყო.

ბეროზაშვილი მიიჩნევს, რომ ქუთაისურ ჯიპებს მაღალი ფასი  გამო, ბაზარზე კონკურენციას გერმანიიდან შემოტანილი მეორადი მანქანები უწევდნენ. ჯიპებზე იმ პერიოდისთვის საკმაოდ მაღალი ფასის დაწესებას კი, იმპორტირებული ტექნიკის საბაჟო გადასახადებით და დღგ–ით  დაბეგვრა იწვევდა.

ორადგილიანი პიკაპი

ფასების დარეგულირების და პროექტის გაგრძელების მიზნით, "ავტოქარხნის" მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, ხელისუფლებას საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური საბაჟო ზონის მოწყობა თხოვა, სადაც იმპორტირებული საქონლის შესვლა დაუბეგრავად უნდა მომხდარიყო.

თუმცა, მაშინ ქარხანის ეს მოთხოვნა ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად ამისა, ფასებთან დაკავშირებით ინდურ მხარესთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა. შეღავათიანი ფასების შეთანხმების შემთხვევაში, ზოგიერთი დეტალის ადგილზე წარმოება მოხდებოდა.

საწარმოში სამღებრო კომპლექსის აღდგენა იგეგმებოდა. ამ საკითხის გადასაწყვეტად "ავტოქარხანას" დახმარება მსოფლიო ავტოინდუსტრიაში ცნობილმა კომპანიებმა – ამერიკულმა  "ჰაიდენმა" და გერმანულმა "დიურმა აღუთქვეს.

2002 წელს ორივე კომპანიის წარმომადგენლებმა "ავტოქარხანაში" შესაბამის პროექტებზე მუშაობა დაიწყეს. ქარხანას ერთი წლის შემდეგ განახლებული, თანამდეროვე სამღებრო, საშემდუღებლო და საამწყობო სიმძლავრეები ექნებოდა.

"რევოლიუციური მთავრობის რწმუნებულს დავით მუმლაძეს, ავტოქარხნის მიმართ სხვა გეგმები ჩამოუყალიბდა," – იხსენებს ამირან ნაცვლიშვილი.

ქართულ-ინდური პროექტის განხორციელებას "ავტოქარხანაში" დიდი დღე არ უჩანდა. 2004 წლის 4 აპრილს საწარმოს გენერალური დირექტორის და მისი მოადგილის დაკავების შემდეგ, ქარხანაში დაწყებული ინიციატივები დასრულდა და ქუთაისური ჯიპი "ბოლერო მაჰინდრაც" ისტორიის საკუთრება გახდა.

ავტორი: დეა მანაგაძე