"სათამაშო ბიზნესს შესაძლოა ამ მთავრობაშიც ლობირებენ"
სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით ჩავარდა. აღნიშნულის გამო, ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი, იგივე მოთხოვნით, რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.
"სათამაშო ბიზნესი არის წმინდა სახის თაღლითობა. ამ ბიზნესის მოგება ნიშნავს, საზოგადოების წაგებას. ამ ბიზნესით ბიუჯეტში შესული თანხა არის ბიუჯეტის და ეკონომიკის შავი ხვრელი", - განმარტავს სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვის კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი. იგი ასევე გახლავთ რეფერანდუმის ჩატარების ინიციატორი.
კანონპროექტი მიმდინარე წლის 1 მაისს, პარლამენტში მეორე მოსმენაზე ჩავარდა.
აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში 46-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი 44 დეპუტატი აღმოჩნდა.
დავითაშვილი მიიჩნევს, რომ აზარტული ბიზნესის წარმოება მთავრობის ლობირების გარეშე შეუძლებელია. „მე ამის მტკიცებულება არ მაქვს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა სათამაშო ბიზნესს ამ მთავრობაშიც ლობირებენ," - აღნიშნავს დავითაშვილი.
კანონპროექტის ავტორი ბრძოლის გაგრძელებას რეფერენდუმის გზით აპირებს. ამჯერად, სათამაშო ბიზნესის საერთოდ აკრძალვის მოთხოვნით.
დავითაშვილის განმარტებით, ის რეფერენდუმის ჩატარებას ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შექმნილი საინიციატივო ჯგუფთან ერთად გაუწევს. საინიციატივო ჯგუფმა ცესკო-ს უნდა მიმართოს. საბოლოო გადაწყვეტილება, ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი აღნიშნული მოთხოვნით ცესკო-ზე არის დამოკიდებული.
"საერთო ჯამში, რეფერენდუმის ჩასატარებლად სამი თვე გვაქვს. თუმცა, საკითხავია, რამდენად მოგვცემს ცესკო ამის საშუალებას," - ამბობს დავითაშვილი. დეპუტატს სათამაშო ბიზნესის აკრძალვის განხორციელებაში საზოგადოებასთან ერთად, საპატრიარქოს მხარდაჭერის იმედიც აქვს.
სათამაში ბიზნესის აკრძალვის მოწინააღმდეგეების და ასევე, ამ ბიზნესით დაკავებული ადამიანების განმარტებით, აკრძალვა ბიუჯეტს დააზარალებს. კაზინოების მეპატრონეები აღნიშნავენ, რომ აზარტული თამაშების რეკლამირების ან უშუალოდ, თამაშების აკრძალვა, პრობლემას ვერ მოაგვარებს.
"ასეთი ტიპის თამაშები არალეგალური გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თამაშები ქუჩაში გადაინაცვლებს. ამიტომაც, ჯობია სათამაში ბიზნესი კანონით იყო დარეგულირებული", - განმარტავენ ქუთაისში მოქმედ ერთ-ერთ სლოტკლუბში. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ბიზნესის აკრძალვა ბიუჯეტს დააზარალებს და ასევე, ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.
სათამაშო ბიზნესის რეკლამირებისა და აღნიშნული ბიზნესის აკრძალვის მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ თუკი, აზარტული თამაშები ქუჩაში გადაინაცვლებს "მათი კონტროლი და დასჯა მოხდება. თაღლითობის კანონიერი აკრძალვა მის მასშტაბებს შეამცირებს. ამ შემთხვევაში კი, სათამაშო ბიზნესით გაუბედურებული ოჯახების რიცხვი შემცირდება", - ამბობს დავითაშვილი.
ავტორი: თეკლა მორგოშია