|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უწყლობის ორი კვირა "თბილისში"

ქუთაისში, სასტუმრო "თბილისში" მცხოვრებ დევნილებს ორი კვირაა წყალი არ მიეწოდებათ. მაშინ როცა, დევნილების განმარტებით,  წყლის სატუმბი მოწყობილობა ამდრომდე უნდა შეკეთებულიყო. სასტუმროს ადმინისტრაცია ხელს სამინისტროსკენ იშვერს.

„უკვე ორი კვირაა წყალი არ გვაქვს. როგორც გვითხრეს სატუმბი მოწყობილობის შეკეთებას  კიდევ რამდენიმე დღეს სჭირდება", – ამბობს სასტუმროში მცხოვრები ნინო ჩიქავა.

დევნილების განმარტებით,  წყლის პრობლემა წინასააღგომადაც ჰქონდათ. თუმცა, მაშინ  თავადვე მოაგვარეს.

დევნილები განმარტავენ, რომ წყლის სატუმბი მოწყობილობის გამართვა სასტუმროს ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს. თავის მხრივ, სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი დევნილთა სამინისტროზე არიან დამოკიდებულნი.

სასტუმრო "თბილისის" დირექტორი რევაზ გაბუნია ამბობს, რომ სამინისტრომ ადმინისტრაციას თანხა უნდა გადმოურიცხოს, რის შემდეგაც, მოხდება სასტუმროშო წყლის პრობლემის მოგვარება. მისივე თქმით, სასტუმროს ადმინისტრაციას ხუთი თვეა სამინისტროდან თანხა არ მიუღია.

თანხის გადარიცხვა,  დევნილთა სამინისტროსა და სასტუმროს ადმინისტრციას შორის ყოველწლირად განახლებული ხელშეკრულების თანხმად ხდება. გაბუნია ამბობს, რომ თანხის გადმორიცხვის პრობლემა, მიმდინარე წელს სამინისტროსთან გვიან გაფორმებული ხელშეკრულების გამო შეიქმნა.

ხელშეკრულების თანხმად, სასტუმროს ადმინისტრაცია ვალდებულია მოემსახუროს შენობის ბინადრებს. თავის მხრივ, სამინისტრო იღებს ვალდებულებას, ყოველთვიურად გადაერიცხოს თანხა სასტუმროს ადმინისტარციას.

აღსანიშნავია, რომ დევნილთა სამინისტრო სასტუმროს ადმინისტრაციას დევნილი ოჯახების შენახვისთვის ერთ ადამიანზე  ყოველთვიურად, 2 ლარს უხდის. ამდროისთვის, სასტუმროში 250–მდე დევნილი ცხოვრობს.

რევაზ გაბუნიას განმარტებით, სამინისტროს უკვე მიმართეს არსებული პრობლემით. მათგან მიღებული დაპირების თანახმად, თანხის დარიცხვა სამ დღეში უნდა მოხდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი სასტუმროში წყლის მიწოდების აღდგენა.

ავტორი: თეკლა მორგოშია