პარკირების პოლიტიკური კონტროლი ქუთაისში და არალეგალური სადგომები
ქუთაისში არსებული ავტომობილების სადგომები არალეგალურად ფუნქციონირებენ. პარკირების ადგილების 90%-ს მერიის მიერ გაცემული იჯარის ვადა გასული წლის ზაფხულში გაუვიდათ. მათი უმრავლესობის უკან კი ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების ინტერესები იკვეთება.
2007 წელს ქუთაისის მერიამ კონკურსის წესით პარკირების 31 ადგილი (10 ლოტად), 5 წლიანი იჯარით სარგებლობაში გადასცა ინდ. მეწარმეებსა და კერძო ფირმებს.
იმ დროისათვის ამ ადგილების უდიდესი ნაწილი იჯარით ორმა კომპანიამ, შპს „პარკინგ ჰოლდინგმა" და შპს „ერთობა 1"-მა აიღო. ეს უკანასკნელი ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსის, ირაკლი ბერაძის ოჯახის ინტერესებში შედის. ირაკლი ბერაძე კი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ახლო ნათესავია. თანამდებობაზეც ნათესაური კავშირებით მოხვდა.
ბერაძის დედა კომპანია „ერთობა 1"-ის 33%-იანი წილის მფლობელია. ქუთაისში შპს „ერთობა 1"-ს პარკირების 14 ადგილი ეკუთვნის.
ავტომანქანის სადგომების ყველაზე დიდ რაოდენობას (23 ადგილი) შპს „პარკინგ ჰოლდინგი" ფლობს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ კომპანიის საქმიანობას ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, კახაბერ ნემსიწვერიძის და იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის გოჩა თევდორაძის სახელები უკავშირდება.
კომპანიის უფლებამოსილი პირი გოდერძი ქასრაშვილია, რომელიც ამავე დროს შპს „იმერტრანსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი 52%-იანი წილის მფლობელია. გოდერძი ქასრაშვილს წარსულში ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეჭირა.
შპს „იმერტრანსი" გასულ წლებში ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მიკროსამარშრუტო ხაზებს ფლობდა. გოდერძი ქასრაშვილი აცხადებს, რომ ეს ხაზები „იმერტრანსს" შპს „იბერიის ვარსკვლავის" მესვეურებმა ჩამოართვეს (რასაც კომპანიაში უარყოფენ). „იბერიის ვარსკვლავის" 24,5%-იანი წილი, 2008 წელს 73 ლარად გოჩა თევდორაძის დის მეუღლემ, ხვიჩა ღონღაძემ შეიძინა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით შპს „პარკინგ ჰოლდინგი" 2007 დარეგისტრირდა და 100%-ით ლიანა დოღონაძის საკუთრებაა, რომელიც ასევე შპს „ავტოტრანსკორპორაციის" ერთ-ერთი თანამფლობელიცაა (30%-იანი წილი).
შპს „ავტოტრანსკორპორაცია" საქალაქო ტრანსპორტში №48, №50 და №100 მიკროსამარშრუტო ხაზების მფლობელია. საკრებულოს დეპუტატი კახაბერ ნემსიწვერიძე, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობიდან" ახლადჩამოყალიბებულ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" გადაინაცვლა, აცხადებს, რომ №100 სამარშუტო ხაზი მის ძმას ეკუთვნის.
ბიზნეს საქმიანობებში ერთმანეთთან კავშირს სამივე მხარე - გოდერძი ქასრაშვილი, გოჩა თევდორაძე და კახაბერ ნემსიწვრიძეც უარყოფს.
„არავითარი კავშირი არ მაქვს მაგათთან. თევდორაძე ბოლოს ათი წლის წინ ვნახე," - აცხადებს გოდერძი ქასრაშვილი.
გოჩა თევდორაძე ქუთაისში პარკირების ლობირებაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს.
„წინა ხელისუფლების ინტერესი იყო, კომფორტულად გრძნობდნენ თავს, მათ მიერ ხელდასმულ პირებს ჰქონდათ ტენდერები მოგებული და თანხებს ისინი კრებდნენ," - აცხადებს იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი გოჩა თევდორაძე, რომელიც 2011 წლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის გენერალური მდივანი იყო, ასევე, გახლდათ წინა მოწვევების პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან". ამჟამად კი „პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
2013 წლის მარტში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ გოჩა თევდორაძე დაკითხა. დაკითხვის შემდეგ ბოლო დრომდე თევდორაძე აცხადებდა, რომ სამართალდამცავებს მასთან კითხვები ქუთაისში გასხვისებულ ქონებებთან დაკავშირებით ჰქონდათ.
თუმცა, ამჟამად თევდორაძე „ახალ გაზეთთან" საუბარში აცხადებს, რომ პროკურატურის ერთ-ერთი შეკითხვა, ქუთაისში პარკირების საკითხსაც შეეხებოდა. როგორც ჩანს, პროკურატურის მიერ თევდორაძის დაკითხვა ერთჯერადი პროცესი იყო, რადგან ყოფილი ვიცე-გუბერნატორი ამ უწყებას მეტად აღარ შეუწუხებია.
„პროკურატურამ იმიტომ კი არ დამიბარა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან" გავედი,
ავტორი: დეა მანაგაძე