რეაბილიტაციის პროცესში ქუთაისელების 30% წყალს ყოველ მეორე დღეს მიიღებს
ქუთაისში, მიმდინარე წლის აგვისტოდან, წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. თუმცა, განსახორციელებელი სამუშაოების პროცესმა, როგორც ირკვევა, შესაძლოა ქალაქის ზოგ უბანში, წყალმომარაგების პრობლემები შექმნას.
ქუთაისში დაგეგმილი წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლოების ნაწილი, 24 საათიანი წყალმომარაგებაზე უნდა გადავიდეს, ხოლო 36 000 ოჯახს, წყალმომარაგების პირობები უნდა გაუუმჯობესდეს.
პროექტის ფარგლებში ასევე, ქალაქის რამდენიმე უბანში, წყლის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია და 4 რეზერვუარის მშენებლობა უნდა მოხდეს.
წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად, ჩამოთვლილი 2015 წლამდე გაგრძელდება. თუმცა, როგორც ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის ყოფილი ჩინოვნიკები ირწმუნებიან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს გართულებები მოჰყვება.
„აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულს უნდა დაწყებულიყო. თუმცა მაშინ, რეგიონალური განვითარების სამინისტრომ პროექტი არასერიოზულად მიიჩნია და ჩააგდო. ახლა კი დარწმუნდნენ ამ პროექტის განხორციელების აუცილებლობაში და ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადეს," - ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.
მისივე თქმით, ამჯერად, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, „ჩაგდებული" პროექტის, დროულად „ამოაქაჩვა" უნდათ. რის გამოც, შემსრულებელ კომპანიას, სარეაბილიტაციო სამუშაოებს დააჩქარებინებენ.
„სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ეტაპობრივად განხორციელების ნაცვლად, პროექტის ამოაქჩვის მიზნით, შემსრულებელი ფირმა ერთად გააკეთებს. შესაბამისად, რეაბილიტაციის პერიოდში, როდესაც წყლის ქსელის და რეზერვუარის შეკეთება ერთად დაიწყებენ, წყლის რეზერვუარის მხოლოდ მეოთხედი იმუშავებს. რის გამოც, ვეჭვობ, ქუთაისში, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, წყალმომარაგების ძველ, საშინელ გრაფიკში დაბრუნება მოუწევს," - განმარტავს ჭანჭალეიშვილი.
რეაბილიტაციის პროცესში წყალმომარაგების სავარაუდო შეზღუდვების არსებობას, არც საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში გამორიცხავენ.
„მოსახლეობის 30% - შესაძლოა, სასმელი წყლის მიწოდების ყოველმეორედღიან რეჟიმზე გადავიდეს. კერძოდ, ასათიანის, აღმაშენებლის, გრიშაშვილის ქუჩის და გორის დასახლების ნაწილი," - განმარტავენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურში. ხოლო ჭანჭალეიშვილის ბრალდებას, პროექტის ჩაგდების შესახებ, პრესცენტრში, ყოფილი ჩინოვნიკის პოლიტიკურ განცხადებად აფასებენ.
ჭანჭალეიშვილის განცხადებას, პოლიტიკური მოტივით ხსნიან საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროშიც.
„ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ ყოფილი ჩინოვნიკის პოლიტიკურ განცხადებაზე. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ წყლის სარეაბილიტაციო პროექტს ხელი საბოლოოდ მიმდინარე კვირას მოეწერება და სამუშაოებიც მალევე დაიწყება," - ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი მაგდა პოპიაშვილი.
წყლის სისტემის დაგეგმილი რეაბილიტაციის ფარგლებში, ქუთაისში ორი სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია ვაჟა-ფშაველასა და კლდიაშვილის ქუჩაზე მოხდება. ასევე თეთრამიწის ტერიტორიაზე მოეწყობა 4 ახალი სიმძლავრის რეზერვუარი. სადაც გადამცემი მაგისტრალური მილსადენები და სადისტრიბუციო ქსელის მშენებლობასაც დაიწყებენ.
პროექტის ფარგლებში, წყლის მოხმარების აღრიცხვის მიზნით ქუთაისში ასევე გავალისწინებულია საცხოვრებელ კორპუსებში 40 000 ცალი მრიცხველის მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ქუთაისში სულ 26. 422 935 ლარი დაიხარჯება. ხოლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია - 4Cobra
Instalaciones y Servicios SA” განახორციელებს.
ავტორი: ანა ჯანაშია