|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ალექს ჩიღვინაძე – იუმორი - ანარქიის გარეშე არ არსებობს

ანეკდოტები, ხალხში გავრცელებული იუმორისტული გამონათქვამები ზუსტად ასახავენ ეპოქას. ალბათ ანეკდოტების შესწავლით უფრო ობიექტურ ინფორმაციას მიიღებ ამა თუ იმ დროზე, ამა თუ იმ მმართველზე, ვიდრე ვინმე ისტორიკოსის ნაშრომებით.

რამდენად ინფორმაციული და "ობიექტურია" ანეკდოტი? რამდენად ხარისხიან იუმორს თავაზობენ პუბლიკას იუმორისტები საქართველოში? რამდენად ჰუმანურია მათი იუმორი? რატომ არსებობს ქვეყანაში "შერჩევითი იუმორი"?

აღნიშნულ კითხვებს პასუხობს პოეტი და დრამატურგი ალექს ჩიღვინძე.

– ურბანული ფოლკლორის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ანეკდოტები იკავებდა. წარსულში იმიტომ ვამბობ ამას, რომ მეჩვენება თითქოს ანეკდოტების ფორმა გადაშენების პირას არის. არ ვიცი რამ ჩაანაცვლა, შესაძლოა სოციალურ ქსელების სტატუსებმა და კომენტარებმა. ალბათ ეს განცდა იმიტომ გამიჩნდა, რომ ბოლო დროს არ მომისმენია ცოცხალი, აქტუალური ანეკდოტი, არც წამიკითხავს. ფურცელზე ხომ ანეკდოტი ისედაც კვდება. რაც შეეხება ანეკდოტებიდან მიღებულ ინფორმაციას გარკვეულ ეპოქაზე - რა თქმა უნდა შეიძლება გარკვეული აზრის გამოტანა, მაგრამ ანეკდოტი თავისი ბუნებით უფრო ახლოს დგას მითთან ვიდრე ისტორიასთან. გარკვეული დროის აღწერა, დახასიათება კი ტექსტური ფორმით ალბათ ისევ მხატვრულ ლიტერატურაში იტვირთება ყველაზე დიდი დოზებით.

– კომედიურ გადაცემებში, იუმორისტულ ტექსტებში  ხშირად ხუმრობენ სხვადასხვა  ეთნიკურ, რელიგიურ, სექსუალურ უმცირესობებზე, ეს ხუმრობები ზოგჯერ ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ ხასიათს იძენს. იუმორისტული გადაცემების პერსონაჟები  გონებრივად შეზღუდული  ადამიანებიც ხდებიან, მათი მდგომარეობა ხდება „სიცილის“ და „იუმორის’ საგანი. რატომ ხდება ასე? რატომ არ იჩენენ აღნიშნული გადაცემების, ტექსტების ავტორები მეტ სიფრთხილეს, გნებავთ ჰუმანურობას ხუმრობაში?

– პირველი იმიტომ, რომ მათ მაყურებელი ჰყავთ და შესაბამისად დამქირავებელიც, ეს კითხვაც ალბათ სწორედ მათ უნდა დავუსვათ, დამქირავებლებს, დამკვეთებს, რომელთა ერთადერთი არგუმენტი ის არის რომ ხარისხიან, დახვეწილ იუმორს არ ექნება რეიტინგი. მაგრამ არ ყოფილა პრეცედენტი, რომელიც ამ არგუმენტს გააბათილებდა, როდესმე შესთავაზეს ხარისხიანი და დახვეწილი იუმორი და მაყურებელი დააკლდათ?!

 – არის საკითხები, არიან ადამიანები, მთელი ინსტიტუტები, რომლებზეც არ ხუმრობენ იუმორისტულ გადაცემებში. მაგალითად, რეალური ძალაუფლების მქონე ხალხზე, ასევე მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, საპატრიარქოზე, ანუ ძლიერთ ამა (თუ იმა ) ქვეყნისაზე. რატომ უვლიან გვერდს მათ?არადა ისინი ხომ ფრიად მდიდარ დ  საინტერესო მასალას იძლევიან იუმორისტისთვის...

– იუმორი - ანარქიის გარეშე არ არსებობს. ასევე იუმორი დისტანციის შეგრძნებაცაა, მგონი ბრეხტის სიტყვებია. როგორც ჩანს არც ეს შეგრძნება აქვთ, რადგან რეალურად ყველაზე დიდი დისტანცია ავტორიტეტებთან გვაქვს, თუმცა კი საპირისპიროში ვართ დარწმუნებულები, რომ ავტორიტეტები ყველაზე ახლოს მდგომი ადამიანები არიან. სანამ ამ დისტანციას არ იგრძნობენ და შიშს არ მოიხსნიან მანამდე იუმორზე ლაპარაკი ზედმეტია.

იუმორი ყოველთვის ამარცხებდა შიშს. ავიღოთ თუნდაც ჰოლივუდის ბოევიკები, სადაც მთავარი გმირი იუმორის გრძნობას  ყველაზე დაძაბულ სიტუაციაშიც კი არ კარგავს, ისინი აგრძელებენ დაცინვას და ხუმრობას, მაშინაც კი როცა თვითმფრინავის პროპელერმა შეიძლება თავი გაუჩეხოს ან მსოფლიოს ყველაზე დიდი ბოროტო გენიოსი იარაღს უმიზნებდეს. ამიტომ არიან მიმზიდველები ჩვენთვის და ასე იყო მთელი ისტორიის განმავლობაში. ზოგადად ანარქიზმის გარეშე იუმორს ეკარგება სიმძაფრე და არ ავარჯიშებს ტვინს.

– იუმორით შეიძლება იმ სიმართლის თქმა, რაც შესაძლებელია ძნელი იყოს სხვა ფორმით გადმოსაცემად. რამდენად იყენებენ ამ შესაძლებლობებს იუმორისტები დღეს საქართველოში?

– არ მახსოვს ვინ ადარებს იუმორს შუქნიშანზე ანთებულ მწვანეს ან წითელს, რომელიც დრამას მიანიშნებს გავარდეს თუ არა წინ მსმენელისკენ, მაყურებლისკენ. ჩვენთან ძირითადად წითელია ანთებული, გაჩერებულები ვართ, რადგან დრამის გვეშინია, გვეშინია დავცინოთ მიუწვდომელს, მივიღოთ სიმართლე, თითქოს წინ კედელი გვაქვს აღმართული, რომელიც ირეკლავს და ისხლიტავს ყველაფერს. ამ ფარის გარეშე ცხოვრება გვიჭირს, რადგან სხვანაირად შეგვრცხვება საკუთარი თავის, იმდენი ნაგავია ჩვენს გარშემო, მგონი ზედმეტი სერიოზულობით ვუპასუხე ამ შეკითხვას.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა