ქუთაისის მერიამ ფოტოკონკურსი "ილო" გამოაცხადა
"ფოტოგრაფი ისტორიკოსია, იმ წამს, იმ წუთს ასახავს, რომელიც იმ ეპოქაში მოხდა, და რომელიც არ გამეორდება. ამიტომ კონკურსი "ილო"ისტორიისა და არქივისთვისაც მნიშვნელოვანია", – მიაჩნია ფოტოგრაფ არჩილ გეგენავას.
ქუთაისში ფოტოკონკურსმა "ილომ" აიღო სტარტი. კონკურსი 2007 წლიდან იმართება და წელს მის თემას "ქუთაისი – გუშინ, დღეს, ხვალ" წარმოადგენს.
კონკურსის (რომელიც ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს) პრეზენტაცია მერიაში კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გამართეს. მათ კონკურსანტებს გააცნეს კონკურსის პირობები და მოთხოვნები.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ მონაწილეებს სრულ შემოქმედებით თავისუფლებას აძლევენ, თუმცა უყენებენ გარკვეულ ტექნიკურ პირობებს, რომლის დარღვევის შემთხვევაში უფლებას იტოვებენ განაცხადი არ განიხილონ.
კონკურსს ეყოლება სპეციალისტებიდან დაკომპლექტებული ჟიური.
ნამუშევრების შეფასების მთავარ კრიტერიუმებს წარმოადგენს სურათის ორიგინალობა, ტექნიკური დახვეწილობა და მხატვრული გააზრება. შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ კონკურსის 4 წლიან ისტორიაში მრავალი ტექნიკურად დახვეწილი ფოტო გამოვლინდა, თუმცა იგრძნობოდა ორიგინალური ხედვის სიმწირე. "იმედია წელს ეს ნავსი გატყდება და ორიგინალური ფოტოებიც შემოვა", – ამბობს მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამთა თურმანიძე.
არ გამორიცხავენ "არტრადიციული" ჟანრის ფოტოების დაშვებასაც კონკურსში. "ჟიური სწორედ იმიტომ არის კომპეტენტური, რომ მხატვრული თვალსაზრისით მიუდგეს ყველაფერს და არა სტერეოტიპული დამოკიდებულებით", – ამბობს თამთა თურმანიძე (რომელიც ასევე ჟურის წევრია).
კონკურსში დაწესებულია ფულადი ჯილდო. პირველი პრემია 1000 ლარი, მეორე – 700, მესამე 500 ლარი.
2011 წლიდან კონკურსში მოქმედებს ახალი ნომინაცია "ხალხის სიმპათია", რომლის გამარჯვებულიც ასევე ფულადი პრემია 300 ლარით დაჯილდოვდება.
კონკურსის მიმართ გაჩნდა შენიშვნაც: "როდესაც აცხადებენ, რომ გამარჯვებული მიიღებს, ვთქვათ, 1000 ლარს, მან უნდა მიიღოს სწორედ 1000 ლარი, არ უნდა ჭირდებოდეს ბუღალტერია და ფულად პრიზთან დაკავშირებული საშემოსავლოების ანგარიში", – ამბობს ფოტოგრაფი არჩილ გეგენავა.
კონკურსში განაცხადების მიღება 25 ოქტომბერს დასრულდება, გამარჯვებულთა ვინაობა კი 1 ნოემბრს გახდება ცნობილი.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა