ყველაზე დასამახსოვრებელი რთველი საქართველოში (R)
"რთველი 2013" დასასრულისკენ მიდის. ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში, 84 კომპანიის მიერ, ბოლო ათეული წლების მანძილზე, რეკორდული რაოდენობის ყურძენია მიღებული და გადამუშავებული - სულ 88 584 ტონა (შარშან გადამუშავდა 52 000 ტონა). მათ შორის: საფერავი - 25 725 ტონა, რქაწითელი - 59 369,4 ტონა, მწვანე კახური - 1 961,9 ტონა, სხვა ჯიშები - 1 527,7 ტონა.
ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში ნოდარ ჩხარტიშვილი წლევანდელ რთველს ყველაზე დასამახსოვრებელს უწოდებს და ამბობს, რომ პროცესების ორგანიზებულად წარმართვა მთავრობის ყურადღებამ განაპირობა: "მართლაც დასამახსოვრებელი რთველი ჩატარდა, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, რაც იშვიათობას წარმოადგენს ამ ბოლო წლებში. მე თვითონ ვმოძრაობდი კახეთში და ჩემი თვალით ვხედავდი ყველაფერს. რაც მთავარია, არაჩვეულებრივი ხარისხის ყურძენი იყო. რა თქმა უნდა, ხალხის შრომამ და ამინდებმაც შედეგი გამოიღო. უნაკლო იყო ყურძენი და უნაკლო იყო მთლიანად რთველი. ქართულ რთველს რომ ეკადრება, სწორედ ისეთი განწყობა გახლდათ მთელ კახეთში. სახელმწიფოს მხრიდან სესხების გაცემამ საწარმოების მსყიდველობით უნარზე დადებითად იმოქმედა. რაც შეეხება სესხების დაფარვას, არ მგონია, ამაზე პრობლემა შეიქმნას. რადგან ღვინის კომპანიების შემოსავალი ამას უზრუნველყოფს", - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველის წინასწარი პროგნოზი სრულად გამართლდა. კერძო სექტორის იაფი კრედიტითა და ფასის სუბსიდირების შედეგად, საფერავზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, რის გამოც ამ ჯიშის ყურძნის ათვისება მთლიანად კერძო სექტორის მიერ მოხდა. სახელმწიფოს მხოლოდ ჭარბი თეთრი ყურძნის ჩაბარება მოუხდა ("გრუზვინპრომის" მიერ მხოლოდ 190 ტონა დაზიანებული საფერავია ჩაბარებული, ხოლო დანარჩენი რაოდენობა თეთრ ყურძენზე მოდის).
განსაკუთრებული მოთხოვნა მევენახეობის სპეციფიკურ ზონებში ("მუკუზანი", "ახაშენი", "ქინძმარაული") მოწეულ საფერავის ჯიშის ყურძენზე იყო, რისგანაც მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები. აღნიშნულის გამო, 1 კილოგრამ საფერავზე უკანასკნელ დღეებში დაფიქსირდა ფასების მნიშვნელოვანი ზრდა - საფერავის მაქსიმალურმა ფასმა 2,10 ლარი შეადგინა. ამ ფასად შეძენილი და გადამუშავებული იქნა 76 ტონა ყურძენი.
რქაწითელის მაქსიმალურმა ფასმა 1,40 ლარს მიაღწია. ამ ფასად შეძენილი და გადამუშავებული იქნა 72 ტონა ყურძენი, უმეტესად წინანდლის მიკროზონაში. მწვანე კახურის მაქსიმალურმა ფასმა 1,45 ლარი შეადგინა. ამ ფასად შეძენილი და გადამუშავებული იქნა 98 ტონა ყურძენი, ძირითადად მანავის მიკროზონაში.
ფასების მატებას რთველის მიმდინარეობის პროცესში ერთადერთ მნიშვნელოვან პრობლემას უწოდებს კომპანია "თბილღვინოს" დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი: "პრინციპში, კახეთში რთველი უკვე დავასრულეთ. 8 ოქტომბერს რაჭაში დავიწყეთ ალექსანდროულის მიღება. სამწუხაროდ, კახეთში საფერავის და რაჭაში ალექსანდროულის ფასი საკმაოდ მაღალია. საფერავის ფასი დაიწყო 1 ლარით, შემდეგ გახდა ლარნახევარი, ლარი და 80 და ბოლოს 2 ლარზეც ავიდა. რაჭაში ღვინო ხვანჭკარასთვის ვიბარებთ 2 სახეობის ყურძენს - საა ალექსანდროული და მუჯირეთული".
ზურაბ მარგველაშვილმა იმ დადებით შედეგებზეც ისაუბრა, რაც წინა წლებისგან "რთველი 2013"-ს განასხვავებდა: "პრაქტიკულად დადებითად შემიძლია შევაფასო ეს რთველი. კახეთში ჩვენ გადავამუშავეთ 4 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. ფასის პრობლემის გარდა, ყველაფერი კარგად წარიმართა. პირველ რიგში, მოხდა ისე, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მასში შემავალმა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ჩვენთან დაიწყო აქტიური დიალოგი. ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი არგუმენტაცია, რთველის პროცესის დროს რისი გამოსწორება იყო საჭირო. წინა წელს გვიწევდა ისეთი ყურძნის ჩაბარება, რომელიც არ იყო ტექნიკურ სიმწიფეში. ყურძენი ერთდროულად იკრიფებოდა კახეთის მთელს რეგიონში და ეს ქმნიდა პრობლემას. ჩვენ შეგვეძლო ხარისხიანი ღვინოს მიღება, მაგრამ ეს არ გამოდიოდა. წელს მოხდა ისე, რომ ჩვენი დასაბუთება სამინისტრომ და სააგენტომ გაითვალისწინა და რთველი დაიწყო არა მთელ კახეთში, არამედ ზონების მიხედვით. ადრე გვქონდა შეზღუდვა, რომ არ შეიძლებოდა მსხვილი მევენახეებისგან ყურძნის შეძენა და ეს პრობლემაც მოგვარდა. ასევე სახელმწიფომ კერძო კომპანიებს კონკურენცია აღარ გაგვიწია.
ზოგადად, ასეთი სახის თანამშრომლობა კარგია საწარმოებისთვის და ქვეყნისთვის. არსებობს საკითხები, რომლებიც მომავალში, ჩემი აზრით, კიდევ უფრო დაიხვეწება. ძალიან კმაყოფილი ვარ საწარმოების გადასაიარაღებლად გამოყოფილი სესხებით. ზაფხულის დასაწყისში 1 მილიონამდე კრედიტი ავიღეთ და ჩვენი ქარხნები თანამედროვე ტექნიკით აღვჭურვეთ".
რთველის დაგეგმილად და მშვიდად წარმართვაზე საუბრობს ღვინის კომპანია "ბაგრატიონის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი: "შევისყიდეთ ყურძენი, გავაკეთეთ სესხზე განაცხადი იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო შეთანხმებული პროექტის ფარგლებში. ახლა, რთველი რომ დამთავრდება, დავითვლით, ზუსტად რამდენი თანხა წავიდა სესხიდან ყურძნის შეძენაზე და მერე დაითვლება იმ პროცენტის შეღავათი, რომელიც უნდა დავფაროთ 15 თვის განმავლობაში. ყურძენი საკუთარი თანხით და ნაწილობრივ აღებული სესხით შევიძინეთ. ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც დავგეგმეთ. შეფერხებების გარეშე".
"რთველი 2013"-ით კმაყოფილია მოსახლეობაც. მათი თქმით, ასეთი კარგი რთველი კახეთში ჯერ არ ყოფილა. განსაკუთრებით, ბოლო წლებში.
დავით ზუკაკიშვილი, საგარეჯო: "კარგი ხარისხის ყურძენი მქონდა და ჩავაბარე ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში. აქაც გაიხსნა ქარხანა, საგარეჯოში, მაგრამ მორიგებული ვიყავი, ტრანსპორტიც გამომიყვეს და წავიღე ყვარელში. საფერავი 4 ტონაზე მეტი მომივიდა, რქაწითელი - 5 ტონამდე. ფასებს კითხვაც არ უნდა - შედარებაც არ შეიძლება წინა წლებთან! 65 თეთრად ვაბარებდით და ამასაც გვამადლიდნენ. ახლა 1 ლარსა და 60 თეთრად ჩავაბარე საფერავი. მაგ განსხვავებას როგორ ვერ ვხედავ?! ცოტა რიგში დგომა კი მომიხდა, ქარხანა მოუმზადებელი იყო, მაგრამ რიგს რა უჭირს, ყურძენი არ დამრჩა ჩასაბარებელი. ალაგ-ალაგ დარჩენილია, მოდიან და ვედროებით კრეფენ გასაყიდად, მაგრამ, ძირითადად, რთველი მორჩენილია საგარეჯოში".
მერაბ კოჩიაშვილი, გურჯაანი: "ეგეთი ფასი, ეგეთი თავისუფლება ჯერ არ ყოფილა. ძალიან კმაყოფილი ვარ. ჭანდარში ჩავაბარე ყურძენი, ზემო გურჯაანთან არის ახლოს. ამხანაგის მანქანით წავიღე, თუმცა, თვითონაც შემომთავაზეს. 1 ლარი მომცეს რქაწითელში. რიგები არ ყოფილა, მეორე დღით გადამიხადეს ფული. გურჯაანში აქა-იქა, ცოტ-ცოტა კიდევ არის ყურძენი, თუმცა ჩასაბარებელი არ დარჩენილა".
რაც შეეხება "რთველი 2013"-ის სტატისტიკურ მონაცემებს, ის შემდეგნაირად გამოიყურება: წითელი ყურძნის (საფერავი) გადამუშავების პიკი 12 სექტემბერს დაფიქსირდა - ერთ დღე-ღამეში გადამუშავდა 4 500 ტონა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ხოლო თეთრი ყურძნის (რქაწითელი, კახური მწვანე) გადამუშავების პიკი დაფიქსირდა 25 სექტემბერს - დღე-ღამის განმავლობაში 3 800 ტონა ყურძენი გადამუშავდა.
მთლიანად კახეთის რეგიონის მოსახლეობამ, 5 ოქტომბრის მდგომარეობით, ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის სახით მიიღო დაახლოებით 100 მილიონ ლარზე მეტი (გასულ წელს ვაუჩერებით გაცემული იყო 15 000 000 ლარი და ინდუსტრიულად გადამუშავდა მხოლოდ 52 000 ტონა ყურძენი. ჯამში, დაახლოებით 50 მლნ. ლარის ყურძენი იქნა შესყიდული).
რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, 20 აგვისტოდან ფუნქციონირებდა 24 საათიანი საკოორდინაციო შტაბი და "ცხელი ხაზი". 24 საათის განმავლობაში დაინტერესებულ პირებს მიეწოდებოდა საჭირო ინფორმაცია.
საქართველოს მთავრობის მიერ გახორციელებული შეღავათიანი აგროსესხების პროგრამას სპეციალურად "რთველი 2013"-სთვის დაემატა მე-5 კომპონენტი - შეღავათიანი სესხი ღვინის მწარმოებლებისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, საწარმოებზე უკვე დამატებით გაიცა ჯამურად 43 688 024 ლარის ოდენობის 38 შეღავათიანი სესხი.
ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩართული 84 კომპანიიდან 82 არის კერძო და 2 სახელმწიფო (შპს "გრუზვინპრომი" და შპს "აკურა"). სახელმწიფო კომპანიების მიერ შესყიდული და გადამუშავებულია 15 285,2 ტონა ყურძენი, რაც საერთო რაოდენობის 17%-ს შეადგენს (ცნობისთვის, 2012 წელს სახელმწიფო კომპანიების მიერ გადამუშავებული ყურძნის წილი 65%-ს შეადგენდა).
ავტორი: პრესსამსახური
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა