|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არაჩვეულებრივი დღე" – შემოქმედება, რომლითაც საზოგადოება თავად პირველად დაინტერესდა

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე, ხელოვნების რესურსცენტრისა და ფსიქიკური  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი საღამო „არაჩვეულებრივი დღე“ გაიმართა.

საღამო  რამოდენიმე ბლოკად დაიყო. პირველ ბლოკში წარმოდგენილი იყო ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბენეფიციართა ფერწერული ტილოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მათთან ერთად ნამუშევრები გამოფინეს პროფესიონალმა მხატვრებმაც.

„ჩვენთან მუშაობს არტთერაპიის განყოფილება, ამიტომ არსებობს ბევრი საინტერესო ნამუშევარი ნახატი თუ ხელნაკეთი ნივთი.  ბევრჯერ ვცადეთ ჩვენი დაწესებულების ფარგლებს გავცდენოდით და საზოგადოებისთვის გაგვეცნო ჩვენი ბენეფიციარების შესაძლებლობები. ამიტომ გვქონდა ღონისძიებები ხონსა და ქუთაისში, თუმცა პირველი შემთხვევაა, როცა საზოგადოება, და ამ შემთხვევაში ხელოვნების რესურსცენტრი, თავად დაინტერესდა ჩვენი ბენეფიციარების შემოქმედებით“, – განაცხადა  ფსიქიკური  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ.

"არაჩვეულებრივი დღის" მეორე ბლოკი პოეზიას დაეთმო, სადაც რამოდენიმე ცნობილი პოეტის ლექსების გარდა, ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციარებმა საკუთარი შემოქმედება გააცნეს პუბლიკას. მათი ლექსები წაიკითხეს მესხიშვილისა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებმაც. საღამო დაეთმო მუსიკალურ ნომრებსაც.

"ხელოვნების ცენტრი ჭეშმარიტი ხელოვნების პროპაგანდას ეწევა.  ჭეშმარიტ ხელოვნებას ჭირდება პროპაგანდა. ეს ხალხი ახერხებს გენიალური ხელოვნება შექმნან იმ გარემოში, სადაც ძალიან რთულია ამის კეთება. ჩვენი სურვილია, რომ საზოგადოება იცნობდეს მათ შემოქმედებას“, – აღნიშნა ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელმა, მსახიობმა გიორგი შალამბერიძემ.

აღნიშნული ღონისძიება ხელოვნების ცენტრის პირველი პროექტია და მასში
ფსიქიკური  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის15 ბენეფიციარი იღებდა მონაწილეობას.

ავტორი: ნიუპრესი