გიორგი კეკელიძე - ქართული სექსუალური რევოლუცია გადარაზულ ოთახებში მოხდა
სად იბადებიან გენიოსები? რამდენად მიეწერება გენიოსობა სისხლს და გენს?რა როლი ენიჭება გაბედულებას პოეზიაში? რომელი ფობიები ჭარბობენ ქართულ საზოგადოებაში?როგორ შეიძლება დაინგრეს კულტი?რატომ გვეშინია სექსის?
აღნიშნულ კითხვებზე პასუხებით გთავაზობთ newpress.ge-ს ბლიც-ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან, პოეტ, ესეისტ გიორგი კეკელიძესთან.
-არის ასეთი გამოთქმა „გენიოსები დედაქალაქებში არ იბადებიან" , რამდენად ეთანხმებით ამ გამონათქვამს?
-არ ვეთანხმები და ცხადია, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა იმას ჰგავს, როცა ვინმეს გარკვეულ წარმატებას სისხლს და გენებს მიაწერენ. ცხადია კონტექსტები ქმნიან მოტივაციებს, მაგრამ ისე საუბარიც – თითქოს სოფლელებს მეტი მიზეზი ჰქონდათ ,,გენიოსობისთვის’’, რადგან ქალაქში მცხოვრებლებმა რაღაც–რაღაც მზამზარეული მიიღეს, მგონი ორივეს დიდ შეურაცხყოფას აყენებს. ზოგადად საკითხს მარტივად უნდა მივუდგეთ: კარგიც და ცუდიც ყველგან არსებობს.
-
-თუ რამე ჭირს ქართულ საზოგადოებას, ეს სიზარმაცეა. არ არის აუცილებელი ყველა წიგნებს კითხულობდეს, მაგრამ ვინც უნდა კითხულობდეს, ის ამ საქმეში სწორედ სიზარმაცის გამო მოიკოჭლებს.
-შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ სწორედ ფეხბურთზე აისახება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ყველა ნაკლი და ღირსება, ფეხბურთი ქართული სახელმწიფოს რაღაცნაირი „სპორტული მინიმოდელია“, თქვენ ამჩნევთ რაიმე მსგავსებას :) ?
-არა მგონია მთლად
ასე დრამატულ დღეში ვიყოთ, ქართულ ფეხბურთზე ოდნავ უკეთ მაინც უნდა ვგრძნობდეთ თავს.
თუმცა ქვეყნის ეკონომიკა რომ ფეხბურთის დონეზე აისახება, ამას წამყვანი ქვეყნების საკლუბო
ჩემპიონატებიც მოწმობს.
-თქვენთვის არსებობს თუ არა სხვისი, სხვა ავტორის ტექსტი (ან მუსიკალური ნაწარმოები, ნახატი, ფილმი) რომელმაც ყველაზე კარგად გამოხატა თქვენი სათქმელი და მისი ავტორი ფაქტობრივად "თქვენ ხართ "?
-ეს შეუძლებელია.
თუმცა, თუ მაინცდამაინც – მარკ ტვენის ,,ჰეკლბერი ფინი’’, მიქელანჯელო კარავაჯოს ავტოპორტრეტი, მიქელანჯელო ანტონიონის ,,პროფესია –რეპორტიორი",
მაილს დევისის – ,,ძუკნას ნახარში’’.
-თუკი ვინმეს შერჩა გაბედულება ამ ჩვენს პოლიტიზებულ,
კლერიკალებით გაჯერებულ, "მონარქისტულ", ფრიგიდულ საზოგადოებაში ალბათ ეს პოეტებია.
რა ადგილი უკავია გაბედულებას პოეზიაში?
-აქაც უცნაურად
გვაქვს საქმე. არ არის აუცილებელი კარგი პოეტი მაინცდამაინც გამბედავი იყოს. თუმცა
რევოლუციურობა დიდი ავტორის ტექსტებში მისდაუნებურად შეიძლება შევამჩნიოთ – თუნდაც
ენობრივი თამაშებისას.
- რისი კულტია პირველ რიგში საქართველოში დასანგრევი?
-დღეს არმაზის
დრო არ არის. კულტებს ასე ჯიქურ ვერ დაანგრევ. შეიძლება მისი უვარგისობა დაანახო ვინმეს,
მაგრამ ყოველთვის დარჩებიან, ვისაც ეს მოეწონება. ასეთი ხალხიც უნდა არსებობდეს. საქართველოში
განათლების კულტია ასაშენებელი. თუ ნგრევაა, დანარჩენი თავისით დალპება და დაინგრევა
ამის შემდეგ.
-სხვა ფობიაც გამახსენდა - სექსის ფობია. ამ ფობიის არსებობა რამდენად აზარალებს ქართულ საზოგადოებას, კულტურას?
-ქართველებს სექსი უყვართ. ქართული სექსუალური
რევოლუცია გადარაზულ ოთახებში მოხდა. ამ ოთახებში
ნამდვილად მიაღწია ევროპულ მასშტაბებს. მყოლია არაერთი სექსუალური პარტნიორი, რომელთაც
სექსი ხშირად ჰქონდათ, მაგრამ მათი გარეგნული ცხოვრების წესი იმდენად განსხვავებული
იყო, გეგონებათ: სულ ღრუბლებზე ისხდნენ და ნისლის წინდას ქსოვდნენ. მე არ ვგულიხმობ,
რომ ხალხს ქუჩაში უნდა ჰქონდეს ორგიები გამართული. მთავარი ის არის, რომ საჯაროდ სექსზე
საუბრისას ეს ადამიანები რაღაც უცნაურ მორალს კითხულობენ ხოლმე და აქეთ გვანამუსებენ.
ჩვენი მთავარი პრობლემა ფარისევლობაა. ჩვენ ამ მიმართულებითაც ფარისევლები ვართ.
-როდის შეიძლება ჩათვალოთ, რომ თქვენი "მისია შესრულებულია"?
-თუ ბიბლიოთეკას
გულისხმობთ, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა დაძვრის შემდეგ, ცხადია
მე დავტოვებ ბიბლიოთეკას და სხვა საქმეს შევუდგები. თუ ზოგადად ცხოვრებას გულისხმობთ,
აქ წერტილს სიკვდილი სვამს, როგროც წესი, ჩვენ არ გვეკითხება.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი