ქუთაისის მერიის მიერ დაუდგენელი ადგილები მის მიერ შესაძენი ვიდეოთვალის დასამონტაჟებლად
ქუთაისის მერიამ ვიდეოკამერების
შეძენა–მონტაჟისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
გამოყოფილ 110 660 ათას ლარზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული თანხის
სანაცვლოდ, ქალაქის ტერიტორიაზე 50 ერთეული ვიდეოკამერა უნდა დაამონტაჟოს.
გარე გამოყენების დღისა და ღამის ხედვის კამერების შესყიდვა-მონტაჟისათვის ტენდერი ქუთაისის
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოცხადდა. თუმცა, აღნიშნულ სამსახურში არ იციან
კონკრეტულად, ქალაქის რომელ ქუჩებში უნდა დამონტაჟდეს ვიდეოკამერები.
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ზამბახიძე განმარტავს, რომ ადგილების შერჩევა საპატრულო პოლიციის მიერ ხდება.
„ჩვენ მარტო ვერ ვწყვეტთ თუ სად უნდა განვათავსოთ ვიდეოკამერები. ამას
საპატრულო პოლიცია განსაზღვრავს. რადგან, მის დაქვემდებარებაში შედის ვიდეოთვალის კონტროლი. ამ დრომდე მიმდინარეობს ადგილების
განსაზღვრა“, – ამბობს ზამბახიძე. მისი თქმით, ვიდეოთვალები სავარუდოდ, ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე დამონტაჟდება და სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მაღალია.
განსხვავებულად ფიქრობენ, არასამთავრობო ორგანიზაციაში „პარტნიორობა საგზაო
უსაფრთხოებისთვის“, რომელიც ავტოსაგზაო ნიშნებზე, უსაფრთხოებასა და მისი შემცირების რისკებზე მუშაობს.
„ვიდეოკამერების მონტაჟი სასურევლია
არა ცენტრალურ ადგილებზე, სადაც ტერიტორიას საპატრულო
პოლიცია მკაცარად აკონტროლებს, არამედ იმ გარეუბნებში, სადაც ავტოსაგზაო და კრიმინალური შემთხვევების რისკი მაღალია და აქტიურად არ ხდება საპატრულო პოლიციის კონტროლი“, – ამბობს
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ირაკლი იზორია.
ორგანიზაციაში განმარტევენ, რომ ქალაქში ვიდეოკამერების განთავსება ამცირებს
ავტოავარიების, საგზაო წესებისა და კრიმინოგენულ შემთხვევებს.
„თუკი მოხდება დარღვევა
ამას კამერები დააფიქსირებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს საპატრულო პოლიცია“,
–ამბობს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი, ზურაბ ზამბახიძე.
სატენდერო პირობის თანახმად, 50 ერთული ვიდეოკამერიდან, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დღისა და ღამის
ხედვის 32 ერთეული კამერის (ფერადი და 5MP და შავთეთრი) შეძენა-დამონტაჟება
უნდა უზრუნველყოს. ასევე, კომპანიას ევალება 18 ერთეული 8 პორტიანი (100 მეგაბაიტიანი ქსელური კომუტატორი
4 poe პორტით) კამერის შეძენა–მონტაჟი.
ქუთაისის მერიამ
ქალაქში ვიდეოკამერების შესაძენად ტენდერი პირველად 2010 წელს გამოაცხადა. მაშინ ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯა. მომდევნო,
2011 წელს, თვითმმართველობის მიერ ამ კუთხით
ტენდერის გამოცხადება აღარ მომხდარა. ხოლო,
2012 წელს ქალაქის მერიამ სათვალთვალო კამერების
შესყიდვა–მონტაჟისთვის ბიუჯეტიდან 35 663 ათასი ლარი, ასევე, ტენდერის გზით გამოჰყო.
მოხდა თუ არა ქალაქში დამონტაჟებული ვიდეოკამერების დახმარებით
რაიმე საქმის გახსნა, ადგილობრივ თვითმმართველობაში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. თუმცა,
აღნიშნავენ, რომ თავდაპირველად შესყიდული ვიდეოკამერები უხარისხო იყო, რის გამოც, ვერ ხერხდებოდა ადამიანის იდენტიფიცირება.
„მაშინ იყო მდარე
ხარისხის კამერები. მასში გამოსახულებები სათამაშო
მანქანებივით ჩანდა. ასევე, ვერ აღიქვამდა გამოსახულებას ღამით. ახლა ძალიან
კარგი ხარისხის ვიდეოკამერებზე გვაქვს ტენდერი გამოცხადებული. თანდათან ევროპისკენ
მივდივართ“, – ამბობს მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი,
ზურაბ გაბიძაშვილი.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერზე წინადადებების მიღება მომავალ კვირას სრულდება.
ავტორი: თეკლა მორგოშია