|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსამართლეთა ანაზღაურება იზრდება

მოსამართლეთა ანაზღაურება იზრდება. პარლამენტს მთავრობის ინიციატივით უკვე წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5 650 ლარიდან 7 000 ლარამდე იზრდება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის -5 100 ლარიდან 6 500 ლარამდე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის 4 800 ლარიანი ხელფასი 6 300 ლარი ხდება. 4 400 ლარიდან 6 000 ლარამდე ეზრდებათ ანაზღაურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ემატებათ პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებსაც. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი 4 200 ლარიდან 5 800 ლარამდე იზრდება, მისი მოადგილის - 3 300 ლარიდან 5 600 ლარამდე, სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარის 2 900 ლარიანი ხელფასი 5 300 ლარი ხდება. ორმაგდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ხელფასი და ის 2 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება.
რაც შეეხება საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა ხელფასებს, სასამართლოს თავმჯდომარეს 2 500 ლარიანი ხელფასი 4 600 ლარამდე ეზრდება. 2 400 ლარიდან 4300 ლარამდე იზრდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება, ხოლო რიგით მოსამართლეთა ხელფასი 2 300 ლარიდან 4 000 ლარამდე მატულობს.
ამ მხრივ არაფერი იცვლება რეზერვში მყოფი მოსამართლეებისთვის - მათი ანაზღაურებისთვის არის და რჩება 500 ლარი.
"საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები უზენაესმა სასამართლომ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოამზადა, ხოლო განსახილველად პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, შესაბამისი თანხები 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია. 

მოსამართლეთა შრომითი ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებული პროექტის ამოქმედების ვადად 2014 წლის 1-ელი იანვარია მითითებული.

წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა